რეზონანსი
08.05.2026

აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი, პროევროპული აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტის, ფრიდონ ბუბუტეიშვილის შეწყალებას? „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაკავებული ახალგაზრდა, რომელმაც ციხეში უკვე ორი წელი გაატარა, მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს. 

დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი დღეს, „TV პირველის“ ჟურნალისტს ეკითხებოდა, რა თანამდებობის და სახელის ადამიანს მიმართა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალების თხოვნით და სავარაუდოდ, მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმაციის აღიარებას ითხოვდა. 

„თქვენ თუ ამბობთ, რომ დაწერა, ვის სახელზე დაწერა, რა თანამდებობა აქვს და რა სახელი და გვარი. ხოდა ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი რომ ჩაწეროთ Google-ში, ძალიან ბევრი ამოვარდება და რომელ მიხეილ ყაველაშვილზე საუბრობთ, აბა, მითხარით“, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი. 

დეპუტატ დავით მათიკაშვილის თქმით, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და ის ამაზე ვერ ისაუბრებს. 

„მოგეხსენებათ, შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, მისი დისკრეციული გადაწყვეტილების სფეროა, მე ვერც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე მოგახსენებთ რაიმე დეტალს იმიტომ, რომ რა თქმა უნდა მას არ ვიცნობ“, - თქვა დავით მათიკაშვილმა. 

ცნობისთვის, აქციების დროს დაკავებულმა ფრიდომ ბუბუტეიშვილმა ყაველაშვილს შეწყალების განცხადებით მიმართა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი რომელაშვილმა დაწერა. ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5-წლიანი სასჯელი აქვს შეფარდებული და დღემდე ის პირველ პენიტენციურში სამარტოო საკანში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×