რეზონანსი
09.05.2026

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა. გრძელდება ანტიევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას - ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ, მზად ვართ განვაახლოთ ერთად მუშაობა ამ მიზნის მისაღწევად, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, საქართველო სწორედ თავისი უნიკალურობითა და მდიდარი კულტურით იწვევს ევროპის აღტაცებას. მან საზოგადოებას ქართულად მიმართა.

„დღეს ევროპის დღეა! ამ დღეს ვზეიმობთ ევროპის ერთიანობას და ჩვენს მრავალწლიან მეგობრობას საქართველოსთან, თქვენთან. დამოუკიდებლობის აღდგენიდან, ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით, როგორც მტკიცე და საიმედო პარტნიორი. ევროკავშირი ეხმარება საქართველოს წინსვლაში და რაც მთავარია, ცვლის ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ. და თუ მაინც, დღემდე ჩნდება კითხვა - რა არის ევროპა - ნება მომეცით გითხრათ: ევროპა არის მრავალფეროვნების სივრცე, სადაც თითოეული სახელმწიფო არათუ ინარჩუნებს, არამედ აძლიერებს თავის კულტურას, იდენტობასა და ტრადიციებს. საქართველო სწორედ თავისი უნიკალურობითა და მდიდარი კულტურით იწვევს ევროპის აღტაცებას. ჩვენ, თქვენ საამაყო ისტორიაში ვპოულობთ შთაგონებას.

თუმცა, ევროპული ოჯახის წევრობისთვის ეს საკმარისი არ არის. ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა. გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას და თაობების იმედს. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე - „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“.

ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდება. ამიტომ, მზად ვართ განვაახლოთ ერთად მუშაობა ამ მიზნის მისაღწევად. ევროკავშირის წევრობა არის მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების საუკეთესო გზა. ამას ადასტურებს ევროკავშირის არსებობის თითქმის 80 წლიანი ისტორია. საქართველოს მომავალი, თავად ამ ქვეყანას და მის ხალხს, თქვენ გეკუთვნით. წინ, საქართველო, წინ!“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×