
უკრაინული მხარე საქარელოს ხელისუფლებისგან ისევ ითხოვს პატიმრობაშ მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობისა და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების ფონზე, გაჩნდა მოსაზრება, რომ „ოცნებამ" სააკაშვილის საკითხზე თავის პოზიციას შეიძლება გადახედოს. თუმცა, ანალიტიკოსების უმრავლესობა ამას არ ეთანხმება.
8 მაისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ „საქართველოსთვის, როგორც სუვერენული სახელმწიფოსთვის, რეპუტაციულად მნიშვნელოვანია, სააკაშვილმა დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, დაბრუნდეს უკრაინაში ან გაგზავნონ მესამე ქვეყანაში".
- მიხაილო პოდოლიაკი: „სააკაშვილის გათავისუფლება ხელს შეუწყობს ურთიერთობების დათბობას არა მხოლოდ უკრაინასთან, ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებთან".
„არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც დღემდე იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში. ვსაუბრობ ბატონ სააკაშვილზე. ყველა თემა უნდა განვიხილოთ ფრთხილად. არსებობდა საინფორმაციო დაძაბულობა, ვგულისხმობ გარკვეულ განცხადებებს, მათ შორის, საქართველოს მხრიდან. მესმის ამის მიზეზი, მაგრამ სასურველია მოვძებნოთ შესაძლებლობა, ვილაპარაკოთ, და ვილაპარაკოთ პატივისცემით.
„ჩვენ გვაქვს ინტერესი, პარტნიორებთან გავაღრმაოთ პარტნიორული ურთიერთობები, ლოგისტიკური და თემატური საკითხები უკვე დამატებითი განხილვის საგანია. ჰუმანიტარული მოტივებიდან, ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე, გვინდა, სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში ან, შესაძლოა, მოძებნილი იყო შუალედური გამოსავალი, გაიგზავნოს ის რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში, სადაც გაივლის ხანგრძლივ მკურნალობას.
„ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე. მისი პატიმრობა არ არის საქართველოს პრობლემა, ეს არის რუსეთის ფედერაციის პრობლემა, პუტინის პირადი პრობლემა, რომელიც დიდი აგრესიით გამოირჩევა ოპონენტების წინააღმდეგ და ეძებს შესაძლებლობებს, შეუქმნას მათ ცხოვრებისეული სირთულეები. სააკაშვილი სწორედ ამ საკითხს შეეჯახა.
„საქართველოსთვის, როგორც სუვერენული სახელმწიფოსთვის, რეპუტაციულად მნიშვნელოვანია, სააკაშვილმა დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, დაბრუნდეს უკრაინაში ან გაგზავნონ მესამე ქვეყანაში და საქართველომ ამ პრობლემის გარეშე გააგრძელოს ორმხრივი, მრავალმხრივი ურთიერთობების მშენებლობა. აქვე მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ხელს შეუწყობს ურთიერთობების დათბობას არა მხოლოდ უკრაინასთან, ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებთან", - განაცხადა პოდოლიაკმა.
ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც ზოგადად საქართველო-დასავლეთისა და განსაკუთრებით საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში გარკვეული დათბობა შეინიშნება.
- მამუკა არეშიძე: „არ მგონია სააკაშვილი ასე მარტივად გაათავისუფლონ, თუმცა რამის კატეგორიულად თქმა მიჭირს".
4-5 მაისს, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტი გაიმართა, სადაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს მეთწური მონაწილრობდა. სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. კობახიძის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც „უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა, საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო". შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილეობდნენ.
ამის შემდეგ, მაკა ბოჭორიშვილსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რის შემდეგაც მხარეებმა ურთიერთობების განახლებაზე ისაუბრეს.
დადებითი ტენდენციები შეინიშნება ამერიკის მიმართულებითაც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი 7 მაისს საქართველოს ესტუმრა. გაიმართა მისი შეხვედრები ირაკლი კობახიძესთან, მაკა ბოჭორიშვილთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
8 მაისს ბოჭორიშვილმა კოლტერთან კიდევ ერთი შეხვედრა გამართა.
„მხარეებმა განიხილეს მომავალი ნაბიჯები და დაადასტურეს ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მზაობა", - ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.
- ვახტანგ ძაბირაძე: „დღეს „ქართული ოცნებისთვის" სააკაშვილი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ძალიან რთული წარმოსადგენია ხელისუფლება მას შეელიოს."
ამის პარალელურად, 2024 წლის აქციების დროს ძალის გადამეტების ბრალდებით დააკავეს 5 ძალოვანი. ეს სწორედ ის საკითხია, რის გამოც დასავლეთი პერიოდულად აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას - რომ აქციებზე მომხდარი ძალადობისთვის არცერთი სამართალდამცავი არ იყო იდენტიფიცირებული და დაკავებული.
კავკასიის საკითხებში ექსპერტი, მამუკა არეშიძე ნაკლებად ვარაუდობს, რომ სააკაშვილი გაათავისუფლებენ.
„სააკაშვილის გათავისუფლებაზე მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფრის გამორიცხვა შეიძლება. ურთიერთობებში ძალიან ბევრი რამე იცვლება, გეიპოლიტიკური სურათი ყოველდღიურად ცვალებადია. ბუნებრივია, „ქართული ოცნება" ცდილობს დასავლეთთან გარკვეული დიალოგის რეჟიმი შექმნას მიუხედავად იმისა, რომ გაღიზიანების ხარისხი, რომელიც ევრობიუროკრატიებთან არის დაკავშირებული, საკმაოდ მაღალია.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ მგონია სააკაშვილი ასე მარტივად გაათავისუფლონ. ჯერ ერთი, მას თავისი ცოდვები აქვს და ეს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის, ეს იმ სამართლებრივ საფუძვლებზეა დაყრდნობილი, რომელიც სასამართლომ არაერთხელ დაამტკიცა. თუმცა რამის კატეგორიულად თქმა მიჭირს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯზე არ წავა, რადგან ეს მისი სისუსტის ნიშანი იქნება.
„დღეს „ქართული ოცნებისთვის" სააკაშვილი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ძალიან რთული წარმოსადგენია ხელისუფლება მას შეელიოს. ახლა რაღაც მოძრაობები დაიწყო ევროპის, ყოველ შემთხვევაში უკრაინის მიმართულებით, სპეცრაზმელები დააკავეს და ა.შ. ამის მიუხედავად, მთავრობას თავად ვერტიკალში გაუჩნდა გარკვეული პროვლბლემები. სააკაშვილის გათავისუფლება აღქმული იქნება, როგორც მისი სისუსტე. მერე ოპოზიცია დაიწყებს ლაპარაკს, რომ ხელისუფლება იძულებულია დათმობებზე წავიდეს, რაც გამოაცოცხლებს ოპოზიციურ ელექტორატსა და საპროტესტო მუხტს. ამიტომ მეეჭვება „ოცნება" ამ ნაბიჯზე წავიდეს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".