ორი ზეიმი ერთ დღეს და დაპირისპირების ახალი ტალღა
მარიამ ვეკუა
09.05.2026

საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებსა და ევროპელ დიპლომატებს შორის დაპირისპირება მწვავდება და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა 9 მაისს, როდესაც თბილისში ერთმანეთის პარალელურად ორი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კიკვიძის პარკში ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავი აღინიშნებოდა; საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" კი, საქართველოში ევროკავშირის საელჩოს ინიციატივით, ევროპის დღე აღნიშნეს.

ორივე ღონისძიებაზე საკმაოდ მწვავე განცხადებები გაკეთდა.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერი-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში არსებული მელიტონ ქანთარიას მონუმენტი გვირგვინით შეამკეს.

აქვე იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, ვეტერანები და რიგირთი მოქალაქეები.

თბილისში აკრედიტებულ ევროპელ დიპლომატთა ნაწილი კი ამის პარალელურად „ექსპო ჯორჯიაში" იყოი შეკრებილი. როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ჰაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, „ევროპის დღეზე" ყველა მოიწვიეს და ვისაც მოსვლა სურდა, შეეძლო ღონისძიებას შეერთებოდა.

„ეს ღია ღონისძიებაა. ჩვენ ყველანი მოვიწვიეთ. ნახავდით პოსტერებს ქალაქში, ასევე რეკლამებს სოციალურ ქსელებში. ყველას ვისაც სურს, შეუძლია შემოგვიერთდეს და ევროპის დღე ჩვენთან ერთად აღნიშნოს", - განაცხადა ელჩმა.

მმართველი გუნდის გზავნილები

კიკვიძის პარკში ჟურნალისტებთან პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩის საქართველოში ჰერჩინსკი „ტრაგიკული პიროვნებაა".

„ეს არის ტრაგიკული ადამიანი. მას ევალებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცება, გაღრმავება და სინამდვილეში აკეთებდა ყველაფერს ამის საპირისპიროდ, იმიტომ, რომ დავალება ჰქონდა ასეთი. ეს არის ტრაგიკული პიროვნება. შესაბამისად, ის ღონისძიება, რომელიც ტარდება მისი ხელმძღვანელობით, სამწუხაროდ, დიდ ღირებულებას არ ატარებს", - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერი იმედოვნებს, რომ „ევროპა კეთილდღეობის ზრდის გზას" კვლავ დაადგება.

  • ირაკლი კობახიძე პაველ ჰერჩინსკიზე: „ეს არის ტრაგიკული პიროვნება. შესაბამისად, ის ღონისძიება, რომელიც ტარდება მისი ხელმძღვანელობით, სამწუხაროდ, დიდ ღირებულებას არ ატარებს".

„შეიძლება ითქვას, რომ სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა. სწორედ 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახალი ეპოქისა ევროპის ისტორიაში, როდესაც ჰუმანიზმი იქცა ევროპისთვის განმსაზღვრელ პრინციპად, მანამდე უამრავი რთული ისტორიული პროცესები გამოიარა ევროპამ და სწორედ 40-იანი წლების ბოლოდან ჰუმანიზმი იქცა მთავარ განმსაზღვრელ პრინციპად.

„ბოლოდროინდელი ტენდენციები არის სამწუხარო, თუმცა ჩვენ უნდა დავიტოვოთ იმედი, რომ ეს ტენდენციები შემოტრიალდება, კვლავაც დაადგება ევროპა კეთილდღეობის ზრდის გზას, იდენტობის დაცვის გზა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენგანისთვის", - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი ღიად განაცხადა, რომ ევროპის დღეზე დასწრების არანაირი სურვილი არ აქვს

„არანაირნი სურვილი არ მაქვს. ჩვენ შარშან ვიხილეთ, რომ ევროკავშირის საელჩომ ჩაატარა ანტისამთავრობო მიტინგი 9 მაისს, როდესაც ევროკავშირის ელჩს ერთი სიტყვა არ დასცდენია მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 300 000 ქართველის შესახებ. რომ არა ეს მსხვერპლი, რომელიც გაიღო საქართველომ და ქართველმა ხალხმა მეორე მსოფლიო ომში, არანაირი ევროკავშირი, არანაირი ევროპის დღე არ იქნებოდა და არც არაფერი ექნებოდათ საზეიმო. ასე რომ, ვუყურებ რა მათ განწყობებს, სავარაუდოდ, დღესაც იქნება ევროკავშირის მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ანტისამთავრობო მიტინგი და ამ მიტინგში მონაწილეობის არანაირი სურვილი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს", - თქვა პაპუაშვილმა

პასუხი „ევროპის დღიდან"

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კითხვაზე, თუ რას ფიქრობს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, ასე უპასუხა:

„საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღიდან ჩემი პოლიტიკაა ის, რომ კომენტარს არ ვაკეთებ იმაზე, თუ რას ამბობენ ქართველი პოლიტიკოსები ჩემს შესახებ. მე ამას პირადად არ ვიღებ. დიდი პატივია, რომ საქართველოში ევროკავშირს წარმოვადგენ და ვცდილობ, ეს რაც შეიძლება კარგად გავაკეთო".

ჰერჩინსკიმ სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ანტიევროპული რიტორიკა გახშირდა.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა. გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ, მზად ვართ განვაახლოთ ერთად მუშაობა ამ მიზნის მისაღწევად", - განცხადა ჰერჩინსკიმ.

  • ფრაზა - პაველ ჰერჩინსკი: „ჩემი პოლიტიკაა ის, რომ კომენტარს არ ვაკეთებ იმაზე, თუ რას ამბობენ ქართველი პოლიტიკოსები ჩემს შესახებ. მე ამას პირადად არ ვიღებ."

გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებებზე ისაუბრა.

„მე ცოტა შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო. მას ან ნამდვილად არ ესმის რას გულისხმობს ევროპა, ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის. აქედან არცერთი არ არის კარგი.

„ბრალდებები, ცხადია, რომ მცდარია, ვფიქრობ, რომ აქ (ევროპის დღეზე) მყოფ ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ევროპას ხედავენ როგორც მეგობარს, როგორც მეგობრულ და კარგ ადგილს, ხედავენ როგორც იმედის წყაროს, როგორც პარტნიორს, რომელიც საქართველოს პარტნიორობას უწევს მის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან.

  • პეტერ ფიშერი: „მე ცოტა შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო. მას ან ნამდვილად არ ესმის რას გულისხმობს ევროპა, ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის. აქედან არცერთი არ არის კარგი."

„ჩვენ არ ვიღებთ ამ კრიტიკას, უარვყოფთ ამ კრიტიკას და არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს ან რომელიმე წევრ ქვეყანას ლექციის წაკითხვა სჭირდებოდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა", - განცხადა ფიშერმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×