
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საკრუიზო გემზე, სადაც „ჰანტავირუსი“ გავრცელდა, მყოფი მგზავრების სამშობლოში დაბრუნების „მასშტაბურ, კოორდინირებულ და დაცულ ოპერაციას“ კვირას დაიწყებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიისა და პანდემიისთვის მზადყოფნისა და პრევენციის დირექტორმა, დოქტორმა მარია ვან კერჰოვემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე გემზე მყოფ არცერთ პირს არ აღენიშნება სიმპტომები.
„გეგმა ასეთია: გემს პატარა ნავები დახვდებიან, რომლის მეშვეობითაც მგზავრების გადმოყვანა მოხერხდება ნაწილ-ნაწილ, ძალიან კოორდინირებულად და დაცულად მოხდება ეს. ამ ეტაპზე ბორტზე მყოფ არცერთ პირს სიმპტომები არ აღენიშნება და ეს შესანიშნავი სიახლეა. გემიდან გადმოყვანის შემდეგ ჩატარდება სამედიცინო სკრინინგი. ვირუსი ვინმეს თუ გამოუვლინდება, ის დაუყოვნებლივ სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავით იქნება გადაყვანილი ნიდერლანდებში სამკურნალოდ. რაც შეეხება ჯანმრთელ პირებს, ისინი გაემგზავრებიან ცალკეული თვითმფრინავებით და მათ სამშობლოში დააბრუნებენ“, – განაცხადა კერჰოვემ.
მედიასთან საუბრისას კერჰოვემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე „ჰანტავირუსის” რვა დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება და ვირუსის შედეგად სამი ადამიანია გარდაცვლილი.