
ხუთი მოძალადე პოლიციელის დაკავება არაფერს ნიშნავს. მართლა რომ უნდოდეთ სისტემური ძალადობის გამოძიება, ბევრად მეტი მოძალადე იქნებოდა უკვე დასჯილი,-ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, საბა სხვიტარიძე საპატიმროდან გავრცელებულ წერილში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მისი თქმით, საქმეზე დაზარალებულად ცნეს, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
საბა სხვიტარიძე ასევე აღნიშნავს, რომ წესიერ ქვეყანაში დაისჯებოდა როგორც შემსრულებელი, ისე ბრძანების გამცემი, ხოლო ხელისუფლება გადადგებოდა.
„მაგალითად, მე დაზარალებულად მცნეს. თითქმის ყველა მოძალადის ვინაობა ცნობილია, რამდენიმე ნიღბიანის გარდა. ესენი არიან: მიხეილ სუჯაშვილი, ვანო გავაშელიშვილი, ლევან კუნდუხაშვილი, თორნიკე ჯაფარიძე და თედორე გიორგაშვილი ადამიანები, რომლებიც ჩემი ცემის ბრძანებებს გასცემდნენ და თავადაც ესწრებოდნენ ჩემს წამებას. ოთახში იმყოფებოდა გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილიც. უშუალო ბრძანებები კი მირიან ქავთარაძისგან მოდიოდა. უცნობია მხოლოდ ნიღბიანი პირები, რომელიც უშუალოდ მირტყამდნენ. ეს ყველაფერი გამოძიებისთვის ცნობილია. პერიოდულად ისევ მკითხავენ ამ საქმეზე, მაგრამ წელიწად-ნახევარია არავინ დაუკავებიათ. ამიტომ არ მჯერა არანაირი „ქოცების შემობრუნების“. ეს უფრო ბიძინას მორიგი თამაშია. ჩვენ კი ბევრად უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ წამოვეგოთ შემოგდებულ ტრიუკებს. წესიერ ქვეყანაში დაისჯებოდა როგორც შემსრულებელი, ისე ბრძანების გამცემი, ხოლო ხელისუფლება გადადგებოდა. ეს არის არა ცალკეული გადაცდომა, არამედ სისტემური დანაშაულია“, - წერს საბა სხვიტარიძე.