რეზონანსი
10.05.2026

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმაში წარადგინა კანონპროექტი რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„რატიფიცირდეს 2026 წლის 9 მაისს მოსკოვში ხელმოწერილი ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“, - აღნიშნულია კანონპროექტში.

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება“ ითვალისწინებს „თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში გაფართოებულ თანამშრომლობას, ასევე კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების“ შექმნას.

დოკუმენტის თანახმად, ე.წ. მხარეები, სხვა საკითხებთან ერთად, „შეთანხმდნენ ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების სისტემების თანდათან გაერთიანებაზე, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში კანონმდებლობის დაახლოებაზე და განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე“.

პუტინის თქმით, დოკუმენტი აუმჯობესებს ხელშეკრულებით-სამართლებრივ ბაზას და მიზნად ისახავს როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების სოციალური საკითხების მოგვარებას, ისე „მხარეებს“ შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში.

ამასთან, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერმა ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ "შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის სამოკავშირეო ურთიერთობები განვითარების ახალ დონეზე აჰყავს".

გაგლოევი მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავად ჩავიდა და 9 მაისს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×