რეზონანსი
10.05.2026

მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცია კონტრდაზვერვითი საქმიანობა. ჩვენ ვეღარ გვექნება ის ფუფუნება, რომ ნდობით შევხედოთ ბევრ ქვეყანას, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურზე საუბრისას.

მისივე თქმით, ის ქვეყნები, რომლებიც საქართველომ მეგობრად მიიღო, აღმოჩნდა, რომ ხელებს აფათურებენ ქვეყნის საშინაო საქმეებში და პირდაპირ სადაზვერვო ოპერაციების განხორციელებით, უკანონო ფულის ხარჯვით, საქართველოს მეგობრობას უპასუხეს ზურგში დანის ჩარტყმით.

„მნიშვნელოვანია, რომ ის რეალური პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს, იმასაც გულისხმობს, რომ უნდა გამოვიდეთ იმ ფანტაზიებიდან, რომ ვიღაცა ჩვენთვის თავს იკლავს და ჩვენზეა გადაყოლილი. ყველა მოქმედებს თავისი საკმაოდ პრაგმატული ინტერესებით, საკუთარი პოლიტიკური გავლენების განსახორციელებლად საქართველოში, ამისთვის იყენებს ყველა დაშვებულ და მათ შორის ბინძურ მეთოდებსაც, როგორიც არის მოქალაქეების გადაბირება და ა.შ. ამიტომ შესაბამისი რეაგირება ექნება.

სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს დღეს გააჩნია ყველანაირი ტექნიკური და ადამიანური რესურსი, რომ ყველა ეს შემთხვევა გამოვლინდეს. მამუკა მდინარაძის კომენტარიდან ალბათ მიხვდით, რომ არის სხვა შემთხვევები, რომლებზეც მიდის დაკვირვება, რომლებიც ცნობილია და არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ დარჩება შეუმჩნევლად საქართველოში სადაზვერვო საქმიანობა", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×