
მეღვინეობა-მევენახეობის დარგი 2012 წელს იყო გადაშენების პირას, დარჩენილი იყო სამამულო ვენახების დონეზე და ინდუსტრიული და კომერციული ვენახები ფაქტობრივად არ არსებობდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით ღვინის და ღვინის მასალების ექსპორტი ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტია, რაც საუბრობს იმაზე სად არის დღეს ეს მოცემულობა.
„იმისთვის, რომ დღეს თავს ვიწონებთ, რომ ვართ ღვინის სამშობლო და გვაქვს 525 ქართული ვაზის ჯიში, ამ ყველაფერში ძალიან დიდი დამსახურება აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მისი ძალისხმევით არის აღდგენილი უნიკალური სანერგე ჯიღაურაში და თითო-თითო ვაზის ჯიში სხვადასხვა ქვეყნიდან არის ჩამოტანილი იმისთვის, რომ მოგროვილიყო ის უნიკალური კოლექცია, რომელიც დღეს საამაყოდ გვაქვს. რომ არა ასეთი დამოკიდებულება ბატონი ბიძინასი დარგის მიმართ, დღეს აქამდე ვერ მოვიდოდით", - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა, ვის ეხება ღვინისა და ვაზის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები.
„უარგუმენტო და უშინაარსო კრიტიკა გადაჰყავთ ემოციურ ლოზუნგებში, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი საერთო არ აქვს იმ შინაარსთან, რომელსაც ეს გადაწყვეტილებები და რეფორმები ატარებს. ამას რომ აკრიტიკებ, ან ძალიან არ უნდა გიყვარდეს ეს დარგი, ან ძალიან არ უნდა გინდოდეს, რომ შენი ქვეყანა წარმატებული იყოს ამ ნაწილში.
იმისთვის, რომ ხარისხიანი ღვინო გვქონდეს და იმისთვის, რომ მსოფლიო ბაზარზე ასე თავი მოვიწონოთ, რაც აისახება. ხარისხიანი ღვინო გვჭირდება იმისთვის, რომ საშუალო ფასი იყოს იმაზე მეტი, ვიდრე დღეს არის, მოთხოვნა იყოს უფრო მაღალი და უფრო მეტად დაფასდეს მევენახის შრომა, ვიდრე დღეს არის. ეს ასახული არის პირველ რიგში ფასში.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს ხარისხიანი ღვინო არ გვაქვს. გვაქვს საბედნიეროდ ერთეული ნიშური მევენახეებით და მეღვინეებით, თუმცა ამას არ აქვს მასობრივი ხასიათი", - განმარტა სონღულაშვილმა.