ნატალია ჯვარიძე
11.05.2026

საქართველო მტკიცედ დგას ეროვნული სუვერენიტეტის, სახალხო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის სადარაჯოზე - საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ჩაერთოს ხელოვნურ ან საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართულ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე რიხარდ რაშისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო კავშირების გაძლიერებასა და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთის რესპუბლიკას ვსტუმრობ. ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ჩემს კოლეგა რიხარდ რაშისთან. მახსოვს ჩვენი წინა შეხვედრა, რომელიც გასულ წელს ჟენევაში, პარლამენტის თავმჯდომარეთა მეექვსე მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში შედგა.

ამ შეხვედრამ ჩვენს ქვეყნებს შორის საპარლამენტო დიალოგს დამატებითი ძლიერი იმპულსი მისცა. დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საპარლამენტო კავშირების შემდგომი განვითარებისადმი ჩვენს ერთგულებას რთული გლობალური გარემოს ფონზე, სადაც პარტნიორობა და ურთიერთგაგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისადმი გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ , „მნიშვნელოვანია, ბრიუსელის მხრიდან შეწყდეს აგრესიული რიტორიკა და გაუქმდეს ის მტრული რეზოლუციები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება". პაპუაშვილმა ბრიუსელს ურჩია წერილი „გულმოდგინედ" წაიკითხონ.

„ძალიან კარგია, თუ ბრიუსელში გაგზავნა. ჩემი რჩევა იქნება, გულმოდგინედ წაიკითხონ ეს წერილი, გაიაზრონ და მიიღონ იქ რაც წერია. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოადგება თავად ევროკავშირს და ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია, ბრიუსელის მხრიდან შეწყდეს აგრესიული რიტორიკა. ეს არანაირად არ ჯდება იმ იდეალებში, რომელსაც ევროკავშირი უნდა ემსახურებოდეს.

უნდა შეწყდეს მავნე პოლიტიკა, რომლის უკანაც დგას პოლიტიკური დღის წესრიგი, ესეც ეწინააღმდეგება შუმანის დეკლარაციის იდეებს. უნდა გაუქმდეს ის მტრული რეზოლუციები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება. ევროკავშირში ყველას ვურჩევ, ნუ ქმნიან საქართველოსგან მტრის ხატს. რასაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით, ეს არის ევროპის ბნელი წარსული, როდესაც მთელი ქვეყნისგან ცდილობ შექმნა მტრის ხატი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის პარალელურად, „ევროპის დღის" აღნიშვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „არის მცდელობა, გადაფარონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე და წაშალონ ის მეხსიერება, რომელიც ქართულ საზოგადოებაში სამამულო ომთან დაკავშირებით არის".

„სამწუხაროდ, შარშან ვერ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩისგან ევროპის დღეს იმ 300 ათასი ქართველის წვლილის ხსენება, რომელიც დაიღუპა იმისთვის, რომ დღეს ევროპა იყოს ისეთი, როგორიც არის, ფაშიზმისგან თავისუფალი.

არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა, რომ არა ასობით ათასი ქართველი, რომელიც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა და 300 ათასი ქართველი, რომელმაც თავისი სიცოცხლე დადო ფაშიზმისგან თავისუფალი ევროპისთვის.

სამწუხაროდ, გუშინაც ვიხილეთ იგივე მცდელობა, რომ დაჩრდილონ გამარჯვების დღე. არის მცდელობა ჩაანაცვლონ ფაშიზმზე გამარჯვების დღე სხვა დღეებით, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის დღით, რაც არის ისტორიული უმადურობა იმ მსხვერპლის წინაშე, რომელიც სხვადასხვა ხალხმა გაიღო",-განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ევროპის დღესთან დაკავშირებით წერილით მიმართა. აღსანიშნავია ისიც, რომ პაპუაშვილი გამოეხმაურა გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის გუშინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ შეწუხებულია

„ბატონი პაპუაშვილის გამო, რადგან მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის":

„მე ვფიქრობდი, ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა და, როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს. ძალიან სამწუხაროა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ, რაც ამ ერთმა ადამიანმა გაუკეთა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას. მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს ის საქართველოს, რამდენიმე კვირა დარჩა მის საქართველოში ყოფნას. ველით, რომ საქართველოს დატოვებს და ეს მომენტი დაგვავიწყდება", - აღნიშნავს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა 9 მაისს განაცხადა, რომ ბრალდებები, რომ ევროკავშირი აზიანებს საქართველოსთან ურთიერთობას, მცდარია და „ეს საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან". მისი თქმით, „შეწუხებულია ბატონი პაპუაშვილის გამო", ვინაიდან შალვა პაპუაშვილს „ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის და არც ერთი მათგანი არის კარგი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×