თამთა ჩაჩანიძე
11.05.2026

უახლოეს მომავალში მოლდოვაში საქართველო-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგება - ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს და დასძენს, რომ კიევს სურს ქართველ პარტნიორებთან ურთიერთობის "ახალი ფურცელი გადაშალოს". მანამდე, ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა, პროცესი კი ერევნის ევროკავშირის სამიტიდან დაიწყო.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე დააანონსა მოლდოვის შეხვედრა.

"გვსურს, რომ ჩვენ ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ. ერევანში ჩვენს ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრა იყო. მოსაზრებების კარგი გაცვლა შედგა. ჩვენ მზად ვართ მსგავსი კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებისთვის. უახლოეს მომავალში მოლდოვაში ჩემს ქართველ კოლეგასთან შეხვედრა მექნება.

"ამდენად, გვსურს, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მიმართულება შესაფერისად დავალაგოთ. ჩვენი ხალხი და საზოგადოება ამას იმსახურებს. დიახ, ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში არის რამდენიმე სენსიტიური საკითხი, მაგრამ ჩვენ წინსვლისთვის მზად ვართ", - განაცხადა ანდრეი სიბიგამ "ევროსკოპთან".

რა პროცესი მიდის უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ურთიერთობის აღდგენის კუთხით გადადგმული ნაბიჯების ინიციატივა ვისგანაც არ უნდა ყოფილიყო, "ქართული ოცნება" მაინც ისე წარმოაჩენდა, რომ ინიციატორი უკრაინა იყო, თუმცა, არც გამორიცხულია, რომ ასე იყოს, ამავე დროს, "ოცნებისთვისაც" საკმაოდ მნიშვნელოვანია კონტაქტების აღდგენა.

"ინიციატივა საიდანაც არ უნდა იყოს, "ქართული ოცნება" მაინც ასე წარმოაჩენდა, რომ ეს უკრაინის ინიციატივაა და ლამის "ოცნებას" ყველა ეხვეწება, რომ ურთიერთობა სუფთა ფუნრცლიდან რამენაირად დაიწყოს - ეს ერთია და პროპაგანდას ასე სჭირდება, თუმცა გამორიცხულიც არაა, რომ უკრაინამ ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯები გადადგას.

"ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ვითარებაა, ამ იზოლაციის ფონზე, რასაც "ოცნების" გუნდი განიცდის, მათთვის რაღაც ახალი კონტაქტების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, "ქართულ ოცნებასთან" არსებული ვითარების გამოსწორება უკრაინისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს გავლით ეს დერეფანი უკრაინისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორც ევროპის ქვეყნებისთვის.

"რადგან უკრაინამ რუსეთთან ურთერთობის პირველი ნაწილი დაასრულა - რუსეთმა მისი დამარცხება ვერ შეძლო, უკრაინა ახლა ნელ-ნელა ძალებს იკრებს და უკვე გარკვეულ წარმატებებსაც აღწევს, ასეთ ფონზე, კიევისთვის უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობა დაიწყოს.

"უკრაინა ხომ არც ჯერ ევროკავშირის წევრია, თუმცა ამაზე მოლაპარაკებები დაიწყო და არც ნატო-ს წევრი, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ტრიო - უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ერთ კონტექსტში იქნას განხილული, თუნდაც შავი ზღვის უსაფრთხოების ზონიდან გამომდინარე",- განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სიბიგას სიტყვები ნიშნავს რომ ინიციატივა უკრაინიდან მოდის.

"სიბიგას სიტყვები უკვე იმას ნიშნავს, რომ ინიციატივა უკრაინის მხრიდან მოდის და ნიშნავს იმასაც, რომ იციან ის გვერდი მათი არეული იყო, რაც აქამდე ქართულ-უკრაინულ ურთიერთობაში იწერებოდა.

"ვფიქრობ გამოსწორების პერსპექტივა არსებობს, რადგან იმ ქვეყნების განწყობები კარნახობენ მას ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რომელზედაც უკრაინაა დამოკიდებული თავისი მდგომარეობით. მხოლოდ ომს არ ვგულისხმობ, რადგან ომი რომც შეწყდეს, მერე ქვეყანას აღდგენა უნდა და იქაც სხვების დახმარება იქნება საჭირო.

  • რამაზ საყვარელიძე: "სიბიგას სიტყვები უკვე იმას ნიშნავს, რომ ინიციატივა უკრაინის მხრიდან მოდის და ნიშნავს იმასაც, რომ იციან ეს მათი არეული იყო"

"თუმცა, იქვე უკრაინული მხრიდან წამოსულია პოდოლიაკის განცხადება, რომ სააკაშვილი უნდა გამოუშვათო. ვფიქრობ, თავად უკრაინულ რეალობაში მკაფიოდ არაა ჩამოყალიბებული საქართველოს მიმართ პოლიტიკის საბოლოო სურათი. ეს ურთიერთობის აღდგენა უფრო პოლიტიკურ ელიტას ეხება - პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს და არა მთელ ვერტიკალს",- განაცხადა საყვარელიძემ.

მოლდოვის შეხევედრა

ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ მოლდოვის შეხვედრაზე წამოიჭრას საქართველო, უკრაინა, მოლდოვის - ასოცირებული ტრიოს აღდგენის საკითხი.

"დასავლეთი ცდილობს ეს ტრიო აღადგინოს. ყველაფერი პირველ რიგში "ქართულ ოცნებაზე" და მის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, რადგან როგორც ჩრდილოეთ, ისეთ სამხრეთ დერეფანი ძალიან არასტაბილურია და ომის დასრულების შემთხვევაშიც კი დიდი დრო დასჭირდება, რომ მათი გამოყენებს სტაბილურად აღდგეს.

  • ვახტანგ ძაბირაძე: "მოლდოვის შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანია, არ გამოვრიცხავ, რომ ამ ტრიოს აღდგენაზე იყოს ლაპარაკი"

"ჯერ კიდევ არ ვიცით ირანში რა იქნება და არც უკრაინაშია გარკვეული, მაგრამ ეს ომები რომც დასრულდეს, ინფრასტრუქტურის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება, ამიტომ საქართველო და კავკასიური დერეფანი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ პარტნიორების მხრიდან "ქართულ ოცნებისადმი" ნდობა საკმაოდ კრიტიკულია.

"ჩვენთვის მოლდოვის შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანია, არ გმოვრიცხავ, რომ ამ ტრიოს აღდგენაზე იყოს ლაპარაკი, თუმცა ასევე იყოს იმის მცდელობა, რომ "ქართულ ოცნებასთან" პირისპირ ლაპარაკით იყოს ზონდირება რამდენად საიმედო იქნება მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

"რაღაც სიმპტომების მსგავსი დაიწყო აქ 2024 წლის რეპრესიებთან დაკავშირებით, "ქართული ოცნება" ამ პროცესებისადმი დამოკიდებულებას რაღაცნაირად არბილებს და ეს ზუსტად ამ ხუთი სპეცრაზმელის დაკავებაში ჩანს.

ეს რა თქმა უნდა, იმ რეალობის სრულად აღდგენა არაა, რაც მაშინ მოხდა, მაგრამ ორი წელია ამაზე მიდის საუბარი და "ოცნება" მუდამ იძახდა, რომ იქ ისეთი არაფერი არ მომხდარა - მისი პოზიცია ძალიან შეუვალი იყო და ახლა, ამ დაკავების შემდეგ, გარკვეული მოლოდინები გაჩნდა არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც.

"თუ ეს პროცესი გაგრძელდება, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, ეს ტრიოც აღდგება და არა მარტო ტრიო, საერთოდ შეიძლება "ოცნების" საგარეო პოლიტიკა შეიცვალოს. ჯერჯერობით ასეთი ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ რაღაც იმედები რომაა, ეს ფაქტია",- განაცხადა ძაბირაძემ.

რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ მოლდოვის შეხვედრაზე მაქსიმუმ საქართველოში უკრაინის ელჩის გამოგზავნის საკითხი გადაწყდეს.

"ძნელი სათქმელია შეხდერა რაზე იქნება, მაგრამ ვფიქრობ იქიდან რაიმე შემოთავაზება იქნება. ფაქტია რომ ბოლო ხანებში ყველა ნაბიჯი მათი ინიციატივა იყო და ვისაც კონტაქტის ინიციატივა აქვს, შემოთავაზებაც იმისი უნდა იყოს. მე მკაფიოდ ვერ ვხვდები რა შეიძლება უკრაინამ საქართველოს შესთავაზოს.

"დიდი-დიდი ამ ეტაპზე შეიძლება ელჩების საკითხი მოგვარდეს. ისეთ ხარვეზიან ურთიერთობაში, როგორიც დღეს გვაქვს, ეს პატარა არ იქნება, მაგრამ თავისთავად ამის გამო ინიციატივა საეჭვია რომ იყოს, ეს ურთიერთობისთვის უბრალოდ აუცილებელი რგოლია, თორემ უკრაინის მხრიდან ურთიერთობის შორეული მიზანი რა არის, ჯერჯერობით უცნობია",- განაცხადა საყვარელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×