თამთა ჩაჩანიძე
11.05.2026

შიო III - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ამიერიდან ახალი პატრიარქი ჰყავს. გადაწყვეტილება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე მიიღეს. სინოდმა აწ გარდაცვლილ პატრიარქ ილია II-ის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი 22 ხმით გამოარჩია.

"ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლითა და სასოებით",- აღნიშნა შიო III-მ პატრიარქად არჩევის შემდეგ.

პარტიარქის თქმით, ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება, მსახურება კი 10:00 საათზე დაიწყება. შიო III-ის თქმით, ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ, პირველივე კვირას, დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა. უახლოესი ასეთი დღესასწაული კი არის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული - 12 მაისი.

სინოდში 39 მღვდელმთავარია, საიდანაც როგორც უკვე აღინიშნა აწ უკვე პატრიარქმა შიო III-მ 22 ხმა მიიღო, რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

ილია !!-ის მოსაყდრის გაპატრიარქების შესახებ ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა მეუფე ანანიამ გამოაცხადა. მისი თქმით, „ხმის დამთვლელმა კომისიამ იმუშავა პატიოსნებისა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ".

„საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურია უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ -აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი შიო მესამე, აქსიოს!"- განაცხადა მეუფე ანანიამ.

გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში შედგა, რომელსაც 1200-მდე დელეგატი დაესწრო. ტაძარში შესვლა სპეციალური სიებით იყო შესაძლებელი, ეზოში დასწრება კი ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

მღვდელმთავრებმა, სტუმრებმა და დელეგატებმა სამებაში შეკრება 11 მაისს დილის 10:00 საათიდან დაიწყეს, მკაცრად იყო შეზღუდული ტელეფონებით სარგებლობა, ღონისძიება კი მედიით ნაწილობრივ გაშუქდა.

უნდა ითქვას, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი.

რას ამბობს ახლადარჩეული პატრიარქი

პატრიარქმა მღვდელთავრებსა და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი არჩევა არის დიდი პატივი და მძიმე ჯვარი.

"ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები, განცდა. ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც. უპირველესად მადლობას ვწირავ მაღალ ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც მოიღო. მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდათა დასს, ღირს მამა შიო მღვიმელს, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მფარველს ღირს ალექსი სენაკელს და სხვა მოღვაწეებს შემწეობისა და მფარველობისთვის.

  • შიო III: "ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც... შეუძლებელია უფლის განგებულების და განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე, თუ რატომ ინება ღმერთმა ასეთი დიდი მადლის და მსახურების მოცემა"

"მადლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. თითოეულ ადამიანს, ვინც დაუღალავად იღვაწა დღევანდელი კრების ღირსეულად წარმართისთვის, კრების ყველა დელეგატს და სტუმარს.

"განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანადგომისთვის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს გამოვლენილი სიყვარულისთვის და მათთან ერთად, ღვთისა და ეკლესიის სამსახურში გატარებული წლებისთვის. დიდი მადლია და წყალობა ღვთისა და ამავდროულად მძიმეა მწყემსმთავრობის ჯვარი და პასუხისმგებლობა.

"შეუძლებელია უფლის განგებულების და განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე, თუ რატომ ინება ღმერთმა ასეთი დიდი მადლის და მსახურების მოცემა. გაცნობიერებული მაქვს ერთი მხრივ ამ მოწოდების სიდიადე და პატივი და მეორე მხრივ ჩემი ადამიანური სიმწირე და უძლურება. ვმსახურებ ყოვლადმოწყალე უფალს, ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, წმინდათა დასს, ჩვენს წინამორბედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვას, ასევე ქართველი ხალხის ლოცვას და სიყვარულს. გთხოვთ ილოცოთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რათა ერთობით, სიყვარულითა და მშვიდობით ვადიდოთ უფალი და ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ",- აღნიშნა შიო III-მ.

რას აცხადებენ მღვდელმთავრები

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა, მეუფე ისაიამ საზოგადოებას კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა მიულოცა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს! არჩევნები იყო და გამოარჩია წმინდა სინოდმა - ახალი პატრიარქი არის მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მეუფე შიო. საქართველოსთვის ზრუნვა არის მთავარი პრიორიტეტი და მგონია, რომ პატრიარქი მარტო არ იქნება ამ საქმეში, წმინდა სინოდი, ყველა თავისი გამოცდილებით შეეხიდება მას მსახურებაში," - განაცხადა მეუფე ისაიამ.

  • მეუფე ისაია: "საქართველოსთვის ზრუნვა არის მთავარი პრიორიტეტი და მგონია, რომ პატრიარქი მარტო არ იქნება ამ საქმეში, წმინდა სინოდი, ყველა თავისი გამოცდილებით შეეხიდება მას მსახურებაში"

წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა, მეუფე ზოსიმემ განაცხადა, რომ მეუფე შიო ღირსეულად გაუძღვება ქართულ ეკლესიას.

„მგონია, რომ ეკლესიამ სწორი არჩევანი გააკეთა. მეუფე შიო, უწმინდესი შიო ღირსეულად გაუძღვება ქართულ ეკლესიას", - აღნიშნა მეუფე ზოსიმემ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ახალი პატრიარქის არჩევნები „უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული".

„გამოჩნდა ღვთის ნება. სინოდში ყველა ერთმანეთს ულოცავს. იწყება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში. ყველა უნდა ველოდოთ დიდ სიკეთეს. ხვალ იქნება ინტრონიზაცია, 10:00 საათზე დაიწყება მსახურება", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

პოლიტიკური გამოხმაურებები

"დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას! "- ამბობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

"უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას. გვწამს, რომ თქვენ ღირსეულად განაგრძობთ იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით ქმნიდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია II.

"დედაეკლესია ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ერის სულიერი სიმტკიცის ურყევი ბურჯი. სწორედ მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოგვინახა ის მარადიული ფასეულობები, რამაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა. მჯერა, რომ თქვენი მწყემსმთავრობა ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ მომავალს მოემსახურება.

"ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და მის ახალ სულიერ მამას!"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მოლოცვის წერილი გაავრცელა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

"თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ნაყოფიერ და ღვთივკურთხეულ მსახურებას. დაე, თქვენი მოღვაწეობა იქცეს მრავალი კეთილი საქმის საფუძვლად ჩვენი ეკლესიის, სამშობლოსა და თითოეული თანამემამულისთვის. გულწრფელად გისურვებთ, ღირსეულად განაგრძოთ ერის მთავარი საყრდენის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მემკვიდრეობა. ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!"- წერს მიხეილ ყაველაშვილი.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" შიო III-ს გაპატრიარქებას ულოცავს.

„ვულოცავთ საქართველოსა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს წარმატებას ვუსურვებთ ერის სულიერი გაძლიერების უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებაში. გვჯერა, რომ საქართველოს ეკლესია დარჩება მშვიდობის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საყრდენი", - აღნიშნულია განცხადებაში.

მილოცვის წერილს აქვეყნებს "ლელო ძლიერი საქართველო".

"გვჯერა, რომ ახალი პატრიარქის ხელმძღვანელობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსეულად გააგრძელებს ამ ისტორიულ მისიას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ერთიანობის, საზოგადოებრივი თანხმობის, სულიერი სიმშვიდის მიღწევისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების საქმეში",- აღნიშნულია წერილში.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება პატრიარქის არჩევას.

"მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის.

"გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან. ამას გწერთ, როგორც ჩვენი ეკლესიის მრევლი და ის ლიდერი, რომლის დროსაც ისტორიულად უპრეცედენტო მასშტაბით გაძლიერდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია",- წერს სააკაშვილი.

ვინ არის შიო III

მიტროპოლიტი შიო, ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში დაიბადა.1991 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, 1999 წელს კი ბათუმის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში და მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო, ხოლო 1995 წლიდან დიაკვანია. 1996 წლიდან მღვდლად აკურთხეს. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.

1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით აირჩიეს ახლად ჩამოყალიბებული სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსად. ამავე წლის 7 სექტემბერს შეიმოსა ეპისკოპოსის სამოსით.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.

2009 წლის ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

2017 წლის 23 ნოემბერს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.

2018 წლის 21 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

2026 წლის 18 მარტის სინოდმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.

2026 წლის 28 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მეუფე შიო პატრიარქობის სამ კანდიდატს შორის დაასახელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×