
სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ოჯახების გამოხშირვაზე და დახმარების მიზანმიმართულ გადამისამართებაზე ალაპარაკლდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესი იცვლება. მთავრობის ახალი დადგენილებით, სისტემაში ჩნდება მკაცრი ფინანსური ზღვარი, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს დახმარების მიღების შესაძლებლობას ავტომატურად შეუწყვეტს. სპეციალისტები ახალ რეგულაციებს სკეპტიკურად უყურებენ. მათთვის ძნელი აღსაქმელია, რომ მსგავსი მიდგომებით სფეროში არსებითად რამე შეიცვლება, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ახალი რეგულაციები საბიუჯეტო ხარჯის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯია და შესაძლოა, ადამიანებმა რეალურ დასაქმებაზეც იფიქრონ.
ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ფინანსურ ზღვარს ეხება. ახალი დადგენილების მიხედვით, თუ ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ მიღებული ხელფასი ბოლო 3 თვის განმავლობაში, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად 1250 ლარის ტოლი ან მეტი იქნება, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე.
ბაზაში რეგისტრაცია ასევე შეუწყდებათ გარდაცვლილ პირებს;
ოჯახის იმ წევრს, რომელსაც მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ დაუფიქსირდება ისეთი სტატუსი, რომელიც აღარ შეესაბამება დადგენილ კრიტერიუმებს;
გადამოწმება შეეხება იმ ოჯახებსაც, რომლებზეც პანდემიის პერიოდში „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ განსაზღვრული შეღავათები ვრცელდებოდა;
ის ფაქტი, რომ სოციალურ შემწეობებს საქართველოში იმაზე მეტი იღებს, ვიდრე იმსახურებს, დიდი ხანია სპეციალისტებიც ერთხმად საუბრობენ. ამას ხელს უწყობდა სფეროში არსებული კრიტერიუმებიც. ძნელია წინასწარ იმის გაცხადება, თუ რამდენად დახვეწს და აღმოფხვრის არსებულ ხარვეზებს ახალი რეგულაციები.
,,ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტიმა პაატა შეშელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან"საუბრისას აღნიშნა, რომ შემწეობა არ უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლების საკითხი. ის მუნიციპალიტეტებს უნდა ეხებოდეს და შესაბამისად, მიიღოს იმან, ვისაც რეალურად ჭირდება.
,,სოციალურ შემწეობას მართლაც უფრო მეტი იღებს, ვიდრე იმსახურებს. აქამდე არსებული კრიტერიუმები, ბევრს უბიძგებდა, რომ გამოეყენებინა შესაძლებლობა და რეალური მდგომარეობა დაემალა. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შემწეობა არ უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლების საკითხი. ეს მუნიციპალიტეტებს უნდა ეხებოდეს და შესაბამისად, მიიღოს იმან, ვისაც ეს რეალურად სჭირდება, რაც თვალსაჩინო გახდება ყველასთვის.
მოგეხსენებათ, სოციალური დახმარება დაკავშირებული იყო ლეგალურ შემოსავლებთან და თუ ის დაუფიქსირდებოდათ, შეუწყვეტდნენ. ამან უარყოფითი შედეგი გამოიღო. მუშაობაზე უარს ბევრი აცხადებდა, შესაბამისად, მუშახელი შემცირდა. არსებულმა სოციალურმა დახმარებამ ადამიანებს ლეგალური დასაქმების მოტრივაცია დაუკარგა.
როდესაც სოციალური დახმარება ცენტრალიზებულად ხდება, ყოველთვის ტოვებს ხარვეზს. ცხადია, შემწეობა, უნდა მიიღონ ისეთმა ადამინებმა, ვისაც დანამდვილებით სჭირდება. ამისი ერთერთი კონტროლი ისაა, რომ რაც შეიძლება "ახლოს იქნეს მიღებული გადაწყვეტილება" თვითმმართველობის დონეზე. იქ დიდი ალბათობაა იმისა, კარგად გამოჩნდეს ვის სჭირდება დახმარება და ვის - არა. ცენტრალიზებულად დადგენილი დახმარება ყოველთვის ტოვებს იმის სივრცეს, რომ ვიღაცამ ბოროტად გამოიყენოს, გვერდი აუაროს ან გააყალბოს," - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" პაატა შეშელიძემ.
არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს სოციალური დახმარებიდან უფრო მეტი შემოსავალი აქვთ სხვადასხვა მიმართულებით, ვიდრე იმათ, ვინც ოფიციალურად მუშაობს. ამიტომაც, უმეტესობა ცდილობს როგორმე დაენიშნოს შემწეობა.
,,ფაქტია, მთავრობა აპირებს საბიუჯეტო ხარჯის შემცირებას და ეს არის ბიძგი იქითკენ, რომ ადამიანებმა იფიქრონ რეალურ დასაქმებაზე. რამდენად მოხერხდება რეალური აღრიცხვა და ხომ არ იქნება მიკერძოება, ეს ძნელი სათქმელია.
ჩანაფიქრი მიუთითებს, რომ სახელმწიფო ცდილობს გამოხშიროს ოჯახები. მთავარია, რამდენად კეთილსინდისიერად შესრულდება ყველაფერი, თორემ იდეა ურიგო არ არის. ხშირად, განსაკუთრებით თბილისში, ასეთი ტიპის დახმარებები კორუფციას და რეალურ მოსყიდვას უფრო ჰგავს, ვიდრე სოციალურ დახმარებას", - განაცხადა პაატა შეშელიძემ.
სოციალურ შემწეობის მიმღებ პირთა გაზრდილ რაოდენობაზე და დახმარების არამიზნობრივ მიმართებაზე საუბრობს სოციოლოგი პაატა აროშიძეც. სოციალურად დაუცველებისათვის გარკვეული შეღავათების შემცირება, გაუქმება და სიების გადახედვა, ყველაზე მეტად რთული საკითხია, თუმცა ფაქტია, რომ დღესდღეობით სიები საგრძნობლად გაბერილია.
,,ყველაზე მტკივნეული, აუცილებელბლი და იმავდროულად, ფაქიზი საკითხია სოციალურად დაუცველებისათვის შეღავათების შემცირება, მოხსნა და სიების გადახედვა. ფაქტია, რომ სიები გადასახედი და გასაახლებელია. მოგეხსენებათ, პანდემიის დროს ბევრს სჭირდებოდა დახმარება და გარკვეული კვოტები ვრცელდებოდა მათ მიმართ. ამიტომ თუ ახლა ეს არ გაიცხრილა, მაშინ მივიღებთ არა მხოლოდ სოციალურად ორიენტირებულ ბიუჯეტს, არამედ უამრავ ისეთ სოციალურად დაუცველს, რომელებიც შეიძლება სიებში ყოფნის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ. სამაგიეროდ, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც რეალურად სჭირდებათ სახელმწიფო დახმარება და შეიძლება ვერ იღებდნენ.
დღეს ბევრი სოციალურად დაუცველი უარს ამბობს დასაქმებაზე იმ მიზნით, რომ მათ შეუწყდება შემწეობა. რეალურად, სოციალურად დაუცველს და ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სტიმული სამუშაოს დაწყებისა და იმაზე გაცილებით მეტი ანაზღაურების მიღებისა. ჩვენთან კი რას ვხედავთ? ადამიანი უარს ამბობს დასაქმებაზე სოციალური დახმარების დაკარგვის შიშით. ეს იმიტომ ხდება, რომ ფინანსურ დახმარებას ირიბი დახმარებაც ახლავს, ანუ, სამედიცინო, კომუნალური, საგანმანათლებლო დახმარებები და ა.შ. ამიტომ, ისინი ჩრდილოვან შემოსავალზე თანხმდებიან და დახმარებასაც ინარჩუნებენ. ცხადია, მიდგომა უნდა შეიცვალოს.
სოციალური ხარჯები შემცირდება თუ გაიზრდება, იმის მიხედვით ვიტყვით რა და როგორი სახით მოხდა. მთავარი მაინც ისაა, რომ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებისა და შემოსავლის მიღების სტიმული მიეცეს. ბევრჯერ მინახავს, რომ სოციალური დახმარების დაკარგვის შიშით, სამსახურის დაწყება არ უღირთ," - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" აროშიძემ.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების რაოდენობასთან დაკავშირებით თავდაპირველად განცხადება პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 26 ნოემბერს გააკეთა. მაშინ პრემიერმა თქვა, რომ სოციალურ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს საქართველოში, ვიდრე რეალურად ღარიბია და ამიტომ ეს კრიტერიუმი გადასახედია. საბოლოო მიზანი ისაა, რომ ბაზაში დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება.