
საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ახალი ეტაპი დაიწყო - სვეტიცხოვლის უძველეს ტაძარში ახალი კათოლიკოს პატრიარქი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო ტახტზე აღსაყდრდა.
სასულიერო პირები და მრევლი ეკლესიაში ახალი ფურცლის გადაშლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მიიჩნევენ, რომ შიო III-ის პატრიარქობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საზოგადოებრივ, სულიერ და მათ შორის პოლიტიკურ ცხოვრებაზეც.
"გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის",- თქვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ პატრიარქის სტატუსით წარმოთქმული პირველი ქადაგებისას.
მისივე თქმით, ლოცვა მისცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ემსახუროს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ერს.
„გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ვემსახურო მართლმადიდებელ ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს. დაე, სიყვარულით და რწმენით განმტკიცებულნი, ერთობით ვადიდებდეთ უფალს, ვიყოთ ერთსამწყსო და ერთმწყემს", - აღნიშნავს შიო III.
შიო III-ის აღსაყდრება სვეტიცხოველში საზეიმო ლიტურგიითა და საეკლესიო წესების სრული დაცვით შესრულდა, როემლსაც წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები აღსარულებედნენ. ცერემონიას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები და მრევლი, მსახურება 12 მაისს, დილით 10:00 საათზე დაიწყო.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო ლიტურგიის დროს, ახალ პატრიარქს გადასცეს მართვის სიმბოლოები, კერძოდ, საპატრიარქო მიტრა, ასევე კუნკულ-ბარტყული (თავსაბურავი) ჯვარ-პანაღია და კვერთხი. ასევე, პატრიარქის აღსაყდრების ძირითადი ნაწილის ბოლოს, შიო III-ს დაადგეს უძველესი საპატრიარქო მიტრა.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათ შორის იყვნენ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ასევე აღსაყდრების ცერემონიაზე დასასწრებად მივიდა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რა იქნება ახალი პატრიარქის პირველი მნიშვნელოვანი გზავნილები და ნაბიჯები ქვეყნისთვის. ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეკლესიის ახალი წინამძღოლის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი საზოგადოებრივი შერიგებისა და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლების მხარდაჭერა უნდა გახდეს.
ამ თემაზე მინიშნებებს აკეთებენ სასულიერო პირებიც, მათი თქმით, ეკლესიამ შესაძლოა შუამავლისა და შემრიგებლის როლი იტვირთოს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია უკიდურეს ნიშნულზეა მისული. სწორედ ამიტომ, საზოგადოების ნაწილი დიდი ინტერესით ელოდება, გახდება თუ არა შიო მესამეს პატრიარქობის პირველი ეტაპი ეროვნული შერიგების პროცესის დასაწყისი.
შიო III-ის პირველი სიტყვა აღსაყდრების შემდეგ
ახალი პატრიარქის წარდგენისას მეუფე დანიელმა ილია მეორე ახსენა. შიო მესამემ კი დასძინა, რომ ეს შემთხვევითი არ იყო.
"თქვენ რომ ახსენეთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, მე ძალიან გამიხარდა, ვინაიდან ჩვენ სწორედ ყველამ უნდა ვითხოვოთ უფლისგან ეს მრჩობლი მადლი, ვიდრე მას ჰქონდა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება", - აღნიშნა შიო მესამემ.
როგორც ახლადარჩეულმა პატრიარქმა განაცხადა, ეკლესიის კარი ყველასთვის ფართოდ უნდა გაიღოს.
"საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ ჩვენს სულიერ შვილებს, რომლებიც, ვინ იცის, უძღებ შვილთა მსგავსად ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას. სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი სული, ჩვენი მოწოდება, რადგან გვასწავლის უფალი: „რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდ ყოფა, იყოს თქვენდა მსახური".
- შიო III - "საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას".
"ქვეყნის ხვალინდელი დღე და ჩვენი შვილები არიან მომავალი ჩვენი, ისინი ყოველდღიურად გვაკვირდებიან, გვისმენენ, სწავლობენ ჩვენგან, ხშირად ცხოვრების განსხვავებულ გზებს ირჩევენ, მაგრამ მაინც შვილებად რჩებიან, სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი სიყვარული, ზრუნვა და თანადგომა. მათში უნდა განმტკიცდეს ქრისტეს რწმენა, ეროვნული ფასეულობები, ტრადიციებისადმი პატივისცემა, პასუხისმგებლობის განცდა ერისა და ეკლესიის წინაშე, ეს კი ისევ და ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ.
"ისე უნდა ვიცხოვროთ და ვიშრომოთ, რომ მათთვის ღირსეულ მაგალითად ვიქცეთ, რათა მომავალში ერთსულოვანი, მორწმუნე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით განმსჭვალული მოქალაქეები ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას.
"აუცილებელია განათლება, საზოგადოებრივი ცხოვრება და ყოველდღიური ცხოვრება დაფუძნებული იყოს არა მხოლოდ ლიტონ ცოდნაზე, არამედ ქრისტეს მიერ სიყვარულსა და სულიერ ფასეულობებზე, რათა როგორც გვასწავლის წმინდა წერილი: „ყოველნი ერთ იყვნენ". სწორედ ეს არის მოციქულებრივი გზის ერთგულება და სიყვარულზე დაფუძნებული მსახურება, რომლის აღსრულებაც ევალება ეკლესიის მწყემსმთავარს," - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.
სასულიერო პირები აღსაყდრების დღეს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთოერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს,რომ შესაძლოა შიო მესამემ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი დააყენოს და ამ საკითხზე ხელისუფლებასთან იმსჯელებენ.
„ადრე ვთქვი, რომ კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან. გიდასტურებთ, დიახ, ასე იქნება. ახლა ძალიან რთულია გეგმებზე საუბარი, როდის, რა იქნება",-განაცხადა ჯაღმაიძემ.
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი ვარაუდობს, რომ „ახალარჩეული პატრიარქი დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების თაობაზე დააყენებს საკითხს".
„მე არ მაქვს ინფორმაცია, მგონი გადაიხედება. ახალი პატრიარქი ამის თაობაზე დააყენებს საკითხს. მე დავუჭერ მხარს", - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა პატიმრების შეწყალების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ კათოლიკოს-პატრიარქ, შიო მესამეს დრო უნდა მიეცეს.
"მე მხოლოდ ვარაუდს გამოვთქვამ - რადგან საპატრიარქოს ასეთი პოზიცია ჰქონდა, ვფიქრობ, რომ ეს არ არის შორს, როგორც ფიქრი, იდეა, მოქმედება. არ ვიცი ეს როგორ იქნება. მის უწმინდესობას რაღაც დროც უნდა მივცეთ. ჩემი პოზიცია არის ის, რომ ქრისტეს სიყვარული ყველას უნდა მისწვდეს. უნდა იყვნენ შეწყალებულნი. ყველა საკითხი პოლიტიზებული ხდება. ეს არ უნდა მოვახდინოთ, ეს არ უნდა გავაკეთოთ. ამას უნდა შევხედოთ ქრისტიანული თვალით", - განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა განაცხადა, რომ "საერთოდ, შეწყალება ქრისტიანული სათნოებაა და იმედი მაქვს, რომ შესაძლებელია, ასეთი რამ განხორციელდეს".
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც თავის შეცდომას მოინანიებს შეიძლება, რომ იყოს შეწყალებული," - განაცხადა მეუფე დანიელმა.
თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტმა, მეუფე მიქაელმა განაცხადა, რომ შეწყალება სახელმწიფოს საქმეა.
"შეწყალებაზე ჩემზე კარგი პოზიცია არავის აქვს დედამიწის ზურგზე. მე თვითონ მაბარია მსჯავრდებულები, მე ვარ ამ განყოფილების უფროსი. დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი სულ ყველას. რაც შეეხება კონკრეტულად მზია ამაღლობელს, მე ის თავად მოვინახულე როცა დაიჭირეს.
"გასაუბრებები მქონდა და მზია ამაღლობელმაც გარკვეული აზრები მითხრა. ჩვენ ვერც ვერავის დავიჭერთ და ვერც ვერავის გამოვუშვებთ, ეს არის სახელმწიფოს საქმე. ჩვენ შეგვიძლია მოგიხსენიოთ ლოცვებში. მე ამ წუთას სინოდის სახელით ვერ ვისაუბრებ. საერთოდ მონანიება არის პირველი. არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გამოვიდეს და თქვას, რომ მე არ ვინანიებ ჩემს ცოდვებსო? და სწორი იქნება?", - განაცხადა მიტროპოლიტმა მიქაელმა.
- მღვდელმონაზონი იერონიმე: "რამდენ მღვდელმთავართანაც მქონდა შეხვედრა და საუბრები, უმრავლესობა მომხრეა, რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება"
საყოველთაო შერიგებაზე საუბრობს ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მდივანი, მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე, მისი თქმით, "არის ინფორმაცია, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს იმას, რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება".
"მე რამდენ მღვდელმთავართანაც მქონდა შეხვედრა და საუბრები, უმრავლესობა მომხრეა, რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება. არ მგონია, რაიმემ შეაფერხოს. არის ინფორმაცია, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს იმას, რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება. ამის მოლოდინიც არის და შესაბამისი ინფორმაციებიც ვრცელდება. ნებისმიერი საჭეთმპყრობელი, როდესაც ადგილობრივი ეკლესიის მეთაური ხდება, რაღაც ცვლილებებს იწყებს, ეს ცვლილებები არის დადებითი.
"მჯერა, დადებით ცვლილებებს შორის იქება საყოველთაო შერიგება, იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ახალი პატრიარქი შემრიგებელი იქნება ყველა მხარეს შორის. ჩემი აზრით, ყველას შესაძლოა არ ეხებოდეს, მაგრამ იქნება შემწყალებელი ყველას მიმართ",- აღნიშნავს მღვდელმონაზონი.
პოლიტიკური შეფასებები
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ შეწყალება მისი კომოეტენცია არაა, თუმცა შენდობას სინანული უძღვის წინ.
„შეწყალება ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ. თუმცა შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული. ეს არის ერის კანონი და ეს არის ეკლესიის კანონიც. ამიტომ ითქვა, რომ უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, სანამ ვინმე ისაუბრებს შეწყალებაზე, ისაუბროს სინანულზე. არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ადამიანების ცოცხლად დაწვა „მოლოტოვის კოქტეილებით"?! არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს საქართველოს პარლამენტის გადაწვა?! არის თუ არა სინანული იმ ადამიანებში, რომლებმაც სცადეს ქვეყნის დამხობა?! ამიტომ შენდობას ყოველთვის წინ უნდა უძღოდეს სინანული", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ენმ-ს ლიდერმა ლაშა ფარულავა დარწმუნებულია, რომ ახალი პატრიარქი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე იზრუნებს.
"ჩვენი აქ ყოფნა არის პატივისცემა ჩვენი ეკლესიის მიმართ. ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა ძალა, რომელიც ერს აერთიანებდა. ჩვენ ეს ძალა უნდა დავიბრუნოთ და გავაერთიანოთ ქვეყანა და საქართველო. ჩვენი აქ ყოფნა, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პატივს ვცემთ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას. ეკლესიამ უნდა დაიბრუნოს თავისი ისტორიული როლი, მისია ერის გაერთიანების. დაყოფა, დაპირისპირება არის მტრის ამოცანა. ჩვენ ეს დაპირისპირება უნდა დავასრულოთ.
"მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაც. დარწმუნებული ვარ, ახალი პატრიარქი, შიო მუჯირი იზრუნებს ამ მნიშვნელოვან გამოწვევებზე. ჩვენ მზად ვართ გვქონდეს დიალოგი ამ მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით. ერთადერთი ლეგიტიმური პირი, რომელიც ახლა ქვეყანაშია, არის შიო მესამე მუჯირი",- განაცხადა ფარულავამ.