„ეს იქნება ქმედითი, როცა მოლაპარაკება დაიწყება საქართველოს ტერიტორიების ეტაპობრივ დეოკუპაციაზე“
ნატალია ჯვარიძე
12.05.2026

საქართველოში საჯაროდ აღიარეს, რომ დასავლეთმა მათგან რუსეთის წინააღმდეგ ,,მეორე ფრონტის" გახსნა მოითხოვა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„დასავლელებისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონი გეოგრაფიულად შორეული და კულტურულად უცხოა. მათ იქ არა კონსტრუქციული, არამედ დესტრუქციული ჩანაფიქრები აქვთ, რაც დაკავშირებულია გეოპოლიტიკურ თამაშებთან და უკვე არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ.

ამ მხრივ, მრავლისმეტყველია თბილისის საჯარო აღიარება, რომ ფაქტობრივად 2022 წლიდან მისგან მოსკოვის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის" გახსნას მოითხოვდნენ", - განაცხადა კალუგინმა.

მისი თქმით, რუსეთი საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებისთვის მზად არის.

„რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნიორები არიან. ჩვენ მზად ვართ თბილისთან თანამშრომლობა უფრო განვავითაროთ და პრაქტიკული საკითხები კონსტრუქციულად გადავჭრათ.

ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ საკუთარი ხალხის ინტერესებით იხელმძღვანელებს და რესპუბლიკის რუსეთთან დაპირისპირებაში ჩათრევას არ დაუშვებს.

სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში ჩვენ ვაგრძელებთ ყურადღებით მუშაობას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს პოსტკონფლიქტური ურთიერთობების აღდგენის შესახებ", - აღნიშნა კალუგინმა.

  • გია აბაშიძე: "მოსკოვის შეთავაზებებს, რომ დიალოგი დაიწყონ - ეს იქნება შინაარსიანი, ქმედითი და არსებითი, როცა მოლაპარაკება დაიწყება საქართველოს ტერიტორიების ეტაპობრივ დეოკუპაციაზე და ე.წ. საელჩოებს გააუქმებენ სოხუმსა და ცხინვალში"

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ასეთი განცხადებები მოსკოვიდან სულ ისმის, თუმცა, ნაბიჯი მათ უნდა გადადგან, რაც ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას ითვალისიწინებს.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან აღიარებები და მოწოდებები ნამდვილად ზედმეტია. მოსკოვის შეთავაზებებს, რომ დიალოგი დაიწყონ - ეს იქნება შინაარსიანი, ქმედითი და არსებითი, როცა მოლაპარაკება დაიწყება საქართველოს ტერიტორიების ეტაპობრივ დეოკუპაციაზე და ე.წ. საელჩოებს გააუქმებენ სოხუმსა და ცხინვალში.

სხვა მხრივ, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები შენარჩუნებულია - ჰუმანიტარული და ეკონომიკური, გრძელდება.

თუმცა, პოლიტიკური მოლაპარაკებისთვის ნაბიჯები ოკუპანტმა კრემლმა უნდა გადადგას და არა საქართველომ. ასეთი განცხადებები რადიკალურ ოპოზიციას აძლევს ხელს, რომ „ქართულ ოცნებას" დააბრალოს, ვითომ პრორუსულია.

დსთ-ს ქვეყნებზე, მოლდოვასა და სომხეთზე, რომლებსაც რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობა აქვთ, იმათზე ამბობენ, რომ პროევრუპული სახელმწიფოებია. ამ დროს კი, საქართველოს არანაირი, მათ შორის არც სამხედრო კავშირი არ აქვს მოსკოვთან. ასე რომ, ამგვარი განცხადებები კრემლიდან გვესმის, მაგრამ ჯერჯერობით რაღაც ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×