
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანიამ თავი ხელში უნდა აიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სწრაფად ცვალებად მსოფლიოში ჩამორჩენის რისკი არსებობს, - ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს. „გამოწვევები ძალიან დიდია, რადგან ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიქმნიდით პრობლემებს, რომელთა გადაჭრაც ახლა გვიწევს. ჩვენ უბრალოდ ვერ შევძელით ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაცია.
ამიტომ, გერმანიამ თავი ხელში უნდა აიყვანოს. გერმანია უნდა გაუმკლავდეს სტრუქტურულ პრობლემებს, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში ვაჭიანურებდით, პრობლემებს, რომლებიც შესაბამისად სტაბილურად იზრდებოდა. თქვენ ეს იცით, ჩვენ ყველამ ვიცით ეს", - აღნიშნა მერცმა პროფკავშირების წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ მაღალი ხარჯები და ბიუროკრატია აზიანებს ბიზნესს, საფრთხეს უქმნის სამუშაო ადგილებს და მომავალი თაობების კეთილდღეობას.
როიტერსი წერს, რომ მის მოსაზრებას ჯანდაცვისა და პენსიების რეფორმირების შესახებ, რაც პირდაპირ „დემოგრაფიისა და მათემატიკის" საკითხს წარმოადგენს, შეძახილები, სტვენა და სიცილი მოჰყვა.
გამოცემა წერს, რომ თანამდებობაზე ერთწლიანი ყოფნის შემდეგ, მერცის პოპულარობა დაეცა და მისი მთავრობა ჩართულია დავაში იმის შესახებ, თუ რამდენად შორს და რამდენად სწრაფად უნდა განხორციელდეს გერმანიის ეკონომიკის რეფორმირება ზრდის აღსადგენად და ჯანდაცვისა და პენსიების მზარდი ხარჯების დასაძლევად.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და აანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს - მერცის ნათქვამი, რომ გერმანიამ თავი ხელში უნდა აიყვანოს, უფრო ნიშნავს იმას, რომ სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის პარალელურად, გაუმკლავდეს იმ სოციალურ ხარჯებს, სადაც დეფიციტი შეიქმნება.
"აქ უფრო საუბარია იმაზე, რომ გერმანია სამხედრო ხარჯებს ზრდის, აქედან გამომდინარე, გარკვეულ სოციალურ ხარჯებს და თუნდაც იგივე ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეიძლება გარკვეული თანხა მოაკლდეს. საუბარია, რომ გერმანიას 2029 წლისთვის ევროპაში უძლიერესი არმია ჰყავდეს, სადაც სხვადასხვა მონაცემებით 400 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გაივლის სამხედრო სამსახურს.
"აქ ასევე საუბარია, რომ ევროკავშირის ფარგლებში თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის უფრო აქტიური წარმოების მიზნით, 800 მილიარდ ევროანი ფონდი იქმნება. გერმანიის ეკონომიკა ევროპაში პირველია და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი თანხა მან უნდა გამოყოს. თან, ამ დროს, დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, გერმანია იძულებიულია ეს თანხები გამოყოს.
"გერმანია მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით მესამე-მეოთხე ადგილზეა, ის ამ მხრივ იაპონიასაც კი უსწრებს. მოთხოვნაა, რომ გერმანიის ეკონომიკა კიდევ უფრო მოდერნიზებული გახდეს.
ცოტა ხანში შეიძლება ბირთვული იარაღი არ გააჩნდეს, მაგრამ საფრანგეთზე უფრო ძლიერი არმია ჰყავდეს.
"დიდ თანხებზეა საუბარი, დღესაც გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტი 100 მილიარდ ევროს აღემატება და გერმანიის მიმართ უფრო მეტი მოთხოვნაა. ის მაინც გლობალური მოთამაშეა, პირველ რიგში ეკონომიკური თვალსაზრისით და მეორე, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხითაც მას ყველანაირი რესურსი გააჩნია, რომ თანამედროვე მოდერნიზებული შეიარაღება ჰქონდეს.
ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით მას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. აქ კონვენციურ იარაღზეა საუბარი და ბირთვული იარაღის შექმნას არც დაიწყებს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.