
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოპერის თეატრი „კოვენტ-გარდენი“ პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოითხოვს. შესაბამის განცხადებას ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
კერძოდ, სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს მოუწოდებს, რომ ჩერთოს პაატა ბურჭულაძის საქმეში.
სტარმერისადმი წერილში, სამეფო ოპერის თეატრის კასტინგის დირექტორი, პიტერ კატონა აღნიშნავს, რომ ბურჭულაძე “ისჯება, როგორც გაფრთხილება მათთვის, ვინც ბედავს რეჟიმის წინააღმდეგ წასვლას”.
“გწერთ, რათა თქვენი ყურადღება მივაპყრო მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ქართველი ოპერის მომღერლისა და ჩვენი ძვირფასი მეგობრის, პაატა ბურჭულაძის მდგომარეობას, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს პრორუსული, ავტორიტარული რეჟიმის მიერ.
ბატონი ბურჭულაძის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები სრულიად შეთითხნილი და უკანონოა. მას მხოლოდ მმართველი რეჟიმის მიმართ კრიტიკული პოზიციის გამო დევნიან…
სამწუხაროდ, პაატა ბურჭულაძე ამჟამად საქართველოში 100-ზე მეტ პოლიტპატიმარს შორისაა. ბოლო მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ხოლო 300-ზე მეტმა წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა.
თქვენი ყურადღება და სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართველი ხალხისთვის, რომელიც თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული მომავლის შესანარჩუნებლად იბრძვის”, - წერს კატონა წერილში.