რეზონანსი
12.05.2026

წლების განმავლობაში, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკის ომისდროინდელმა რეპუტაციამ გაუძლო მისი გარემოცვის გარშემო ატეხილ კორუფციულ ბრალდებებს, უკრაინელი ლიდერი ახლა ბევრად უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგას - კორუფციული ბრალდებები უკვე მის ყოფილ უახლოეს თანამებრძოლს შეეხო, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი სტატიაში სათაურით „თუკი აქამდე გარემოცვის კორუფციული საქმეები ზელენსკის ზიანს არ აყენებდა, ახლა ბრალდებები მის უშუალო გარემოცვას შეეხო".

„ზელენსკი არ ფიგურირებს იმ მასშტაბურ გამოძიებაში, რომელიც გასული წლის ნოემბრიდან უკრაინას აფორიაქებს, თუმცა მისი ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის წინააღმდეგ წაყენებული ახალი ბრალდება ყველაზე ღრმა დარტყმაა, რომელიც ანტიკორუფციულმა ორგანოებმა პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვაზე მიიტანეს", - ნათქვამია სტატიაში.

ერმაკი, წარსულში კინოპროდიუსერი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ზელენსკის წარმოუდგენელ წარმატებაში - სატელევიზიო სიტკომის პრეზიდენტობიდან ომში მყოფი ქვეყნის ლიდერობამდე - წლების განმავლობაში ზელენსკის გვერდით ფიგურირებდა და მას, როგორც უფროსი ძმა, ისე დაჰყურებდა.

ორშაბათს გვიან ღამით ის ოფიციალურად ცნეს ეჭვმიტანილად 10.5 მილიონი დოლარის სავარაუდო ფულის გათეთრების სქემაში, რომელიც კიევის მახლობლად მდებარე ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექსს უკავშირდება.

უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას მისმა ადვოკატმა ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

ზელენსკის თავისი მეგობრის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია, მისმა მრჩეველმა კომუნიკაციების საკითხებში კი ორშაბათს განაცხადა, რომ ამ თემის განხილვა ჯერ ნაადრევია.

ანალიტიკური ცენტრის, „პენტას" პოლიტოლოგი, ვოლოდიმირ ფესენკო მიიჩნევს, რომ ერმაკის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები, სავარაუდოდ, ზელენსკის დაუყოვნებელ საფრთხეს არ შეუქმნის, თუმცა შესაძლოა გრძელვადიანი რეპუტაციული ზიანი მიაყენოს, თუ ის ომის შემდეგ კენჭს მეორე ვადით იყრის.

„ეს ამბავი პრეზიდენტ ზელენსკისთვის დაგვიანებული მოქმედების ნაღმია, რომელიც შესაძლოა ახლა არა, მაგრამ მოგვიანებით აფეთქდეს", - აღნიშნა მან.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ წაყენებული ახალი ბრალდებები ფართომასშტაბური ოპერაციის ნაწილია, რომელმაც მთელი უკრაინა მოიცვა.

გასულ წელს ენერგეტიკის სექტორში გამოვლენილმა 100 მილიონი დოლარის სქემამ, რომელსაც სათავეში ზელენსკის ყოფილი ბიზნესპარტნიორი, ტიმურ მინდიჩი ედგა, საზოგადოების დიდი რისხვა გამოიწვია - განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმებს ახორციელებდა.

ამას პოლიტიკური გადაადგილებები მოჰყვა, რის შედეგადაც ერმაკი ნოემბერში გადადგა. მინდიჩი ისრაელში გაიქცა და დანაშაულს უარყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×