ნატალია ჯვარიძე
14.05.2026

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსს, ანდრეი ერმაკს პატიმრობა მიესაჯა გირაოთი გათავისუფლების უფლებით. ეს სკანდალური საქმე სერიოზული რეპუტაციული და პოლიტიკური დარტყმაა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რადგანაც ერმაკი წლების განმავლობაში მისი მარჯვენა ხელი იყო და მედია ხშირად მას რუხ კარდინალადაც მოიხსენიებდა.

წარდგენილი ბრალდება ფულის „გათეთრებას" ეხება. როგორც „უკრაინული პრავდა" იტყობინება, საქმის მასალები მოიცავს კიევის ოლქის კოზინში მდებარე ელიტარულ მიწის ნაკვეთებსა და სახლებს, რომლებიც რეგისტრირებულია არაერთი კომპანიისა და სანდო პირზე. გამოძიების თანახმად, თანხების ნაწილი შესაძლოა უკანონო ტრანზაქციებიდან მომდინარეობდეს და თავად პროექტი გამოყენებული იქნა როგორც ფულის წარმომავლობის დამალვის ინსტრუმენტად.

  • ანდრეი ერმაკი: „მე უკრაინაში ვრჩები. დასამალი არაფერი მაქვს. ყველაფერი, რაც ამ პროცესის ირგვლივ ხდებოდა, იმ ზეწოლის შედეგია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა".

უფრო კონკრეტულად კი, გამოძიება ერმაკს მიიჩნევს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად, რომელმაც კიევის ოლქში ელიტარული საცხოვრებლების მშენებლობის პროექტში 460 მილიონი ჰრივნა (28 060 000 ლარი) „გაათეთრა".

ანდრეი ერმაკს 60 დღით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, გირაოს გადახდის შესაძლებლობით. გირაოს თანხა 140 მილიონი გრივნაა (დაახლოებით 8 540 000 ლარი).

გირაოს გადახდისათვის ერმაკს 5 დღე აქვს და ასეთ შემთხვევაში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს წინასწარი პატიმრობა აღარ დაემუქრება, თუმცა ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს და კიევის დატოვება აეკრძალება.

თავად ერმარკი ბრალს არ აღიარებს და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. გარდა ამისა, იგი აცხადებს, რომ გირაოს გადასახდელი თანხა არ აქვს შეეცდება მეგობრებსა და ნაცნობებში შეაგროვოს 140 მილიონი ჰრივნა.

„მე უკრაინაში ვრჩები. დასამალი არაფერი მაქვს. ყველაფერი, რაც ამ პროცესის ირგვლივ ხდებოდა, იმ ზეწოლის შედეგია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა", - განაცხადა ერმაკმა სასამართლო პროცესზე.

უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ერმაკს 11 მაისს ოფიციალურად აცნობეს, რომ იგი ეჭვმიტანილია ფულის გათეთრების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეში. აღნიშნული დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ზელენსკის კომუნიკაციების მრჩეველმა, დმიტრო ლიტვინმა, 11 მაისს განაცხადა, რომ ერმაკის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებაზე კომენტარის გაკეთება ნაადრევია.

თავად ვოლოდიმირ ზელენსკი საჯაროდ ძალიან ფრთხილად საუბრობს ერმარკის საქმეზე. ბოლო განცხადებებში ზელენსკის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ პრეზიდენტი თავად არ არის გამოძიების ფიგურანტი და საქმე უნდა გადაწყდეს დამოუკიდებელი სასამართლოსა და ანტიკორუფციული ორგანოების მიერ.

ანდრეი იერმაკი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთ უახლოეს თანამშრომლად ითვლებოდა.

2025 წლის 28 ნოემბერს პრეზიდენტმა იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მედიის ცნობით, ზელენსკი გამოძიებაში პირდაპირ არ ფიგურირებს, თუმცა სკანდალურმა გამოძიებამ მისი ადმინისტრაცია შეარყია, რადგან საქმის მასალებში მასთან დაახლოებული რამდენიმე ადამიანია მოხსენიებული.

უკრაინული მედია აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ საქმე უკვე პირდაპირ ეხება ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოეს გარემოცვას. ამას დასავლეთში აღიქვამენ როგორც მისი ხელისუფლებისთვის ყველაზე სერიოზულ კორუფციულ კრიზისს ომის დაწყების შემდეგ.

ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ზელენსკისა და ერმარკის პოლიტიკური კავშირი იმდენად მჭიდრო იყო, რომ ეს საქმე ავტომატურად აზიანებს თავად პრეზიდენტის რეპუტაციასაც.

დასავლურ მედიაში ასევე წერენ, რომ ეს საქმე შეიძლება მნიშვნელოვანი გამოცდა გახდეს უკრაინის ანტიკორუფციული სისტემისთვის და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისთვის. განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქმე ეხება პრეზიდენტის უახლოეს წრეს და არა ოპოზიციას ან ქვედა დონის ჩინოვნიკებს.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ თვითონ გამოძიების ფაქტი შეიძლება დასავლეთში ნაწილობრივ დადებითადაც შეფასდეს, რადგან ანტიკორუფციული ორგანოები ომის პირობებშიც კი ეხებიან მაღალჩინოსნებს. თუმცა, თუ გამოძიება შეჩერდება ან პოლიტიკური ზეწოლის ნიშნები გამოჩნდება, ეს უკვე მძიმე დარტყმა იქნება უკრაინის იმიჯისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×