
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ფაქტიურად 2003 წლის სცენარის განმეორებას სთავაზობს და ამის ფარგლებში „წინააღმდეგობის მოძრაობის" მომზადებას ურჩევს. რამდენად მისაღებია ეს ოპოზიციური ალიანსისათვის, რომელიც 26 მაისს დაანონსებული აქციისთვის ემზადება, ჯერჯერობით უცნობია. ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან" იმაზე საუბრობენ, რომ სააკაშვილის ეს განცხადება ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ თავის დროზე პარტიის შექმნისკენ მას ჟურნალისტ გიორგი სანაიას გახმაურებულმა მკვლელობამ უბიძგა, რის შემდეგაც დაფუძნდა „ნაციონალური მოძრაობა", რომლის მთავარი მიზანიც რევოლუციის მოხდენა იყო.
„ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება. იცით როგორ და რატომ შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობა"? 2001 წელს მოკლეს ჩემი მეგობარი და ძალიან კარგი ჟურნალისტი გიორგი სანაია (ვახოს ძმა). ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა ქუჩაში გასაპროტესტებლად და მოითხოვა შევარდნაძის გადადგომა. ეს იყო სპონტანური და არაორგანიზებული პროტესტი, რომელიც ასე მე-3 დღეს ჩაიფუშა და გაბანძდა.
„სწორედ მაშინ ვუთხარი ლევან ბერძენიშვილს, რომ ჩვენ უნდა დაგვეფუძნებინა საერთო სახალხო მოძრაობა რევოლუციის მოხდენის მიზნით და ასე ჩამოყალიბდა ენმ, რომელსაც ჰყავდა ძალიან ბევრი აქტივისტი რეგიონებში, რომელთაც იცოდნენ, რომ უნდა მოეხდინათ რევოლუცია. შევქმენით სკოლა ცხვარიჭამიაში, სადაც ყველა აქტივისტს ვასწავლეთ რევოლუციის ტაქტიკა.
- მიხეილ სააკაშვილი: „სწორედ მაშინ ვუთხარი ლევან ბერძენიშვილს, რომ ჩვენ უნდა დაგვეფუძნებინა საერთო სახალხო მოძრაობა რევოლუციის მოხდენის მიზნით და ასე ჩამოყალიბდა ენმ... შევქმენით სკოლა ცხვარიჭამიაში, სადაც ყველა აქტივისტს ვასწავლეთ რევოლუციის ტაქტიკა."
„მე ილუზია არ მქონდა, რომ შევარდნაძე და კორუმპირებული ისტებლიშმენტი რევოლუციის გარეშე დათმობდნენ ხელისუფლებას. უკვე ჩასაფრებული იყვნენ პატარკაციშვილი და ივანიშვილი. თვითონ შევარდნაძის ოჯახს შემცვლელად სურდა გია ჭანტურია (საქ. ნავთობის უფროსი), მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ არჩევნები გაგვიყალბეს, როგორც მოსალოდნელი იყო, რევოლუციურმა სცენარმა ჩაშალა მათი გეგმები. მაგრამ ამისთვის, ეს წინააღმდეგობის მოძრაობაა მოსამზადებელია და არა იმის ძახილი, რომ თავისით რაღაც მოხდება. ამას სჭირდება ხალხი სტრატეგიული ხედვით და დიდი გამბედაობით", - წერს სააკაშვილი.
რამდენად რეალისტურია 2003 წლის სცენარის განმეორება
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 2003 წლის სცენარის განმეორება დღეს არარეალისტურია.
„სააკაშვილის განცხადება ოპოზიციისთვის უვარგისია, ხელისუფლებისთვის კი - გადასარევი პროპაგანდის კუთხით, რადგან მუდამ იმაზე ლაპარაკობს, რომ „ოპოზიცია რევოლუციას იწყებს" და ამას პირდაპირ გამოიყენებს, რათა თავისი პროპაგანდისტული არხებით „დაასაბუთოს", რომ რევოლუციის მოწყობას აპირებენ, ეს მშვიდობიანი იქნება, ვარდებიანი, თუ ა.შ.
„2003 წლისგან განსხვავებით, ახლა სრულიად სხვა მდგომარეობაა. სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავდება როგორც საშინაო-საგარეო, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკური კუთხით. არანაირი პარამეტრით ტოლობის ნიშნის დაწერა არ შეიძლება", - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ ოპოზიციის ალიანსის მიერ 26 მაისს დაანონსებული აქციის წინ სააკაშვილის ასეთი განცხადება „შემტხვევითი არაა".
„ვარდების რევოლუციის" წარმატების შემდეგ, სოროსმა თქვა, რომ „ექსპერიმენტი გამოვიდაო". ეს მიუთითებს, რომ რევოლუციის პროცესში ისიც იყო ჩართული, თბილისში მაშინდელი აშშ-ის ელჩი მაილსი აქტიურად მუშაობდა, რომ შევარდნაძეს მინისტრები შემოსცლოდა. ადრე დემოკრატები აკეთებდნენ ამას და ახლა ძირითადად ევროპა ხალხს ეუბნება, რომ „ოცნების" ხელმძღვანელობა არ ვარგა და გადააგდეთო. შეუფარავადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილის პერიოდში დემოკრატიის პრობლემა არ იყო და ახლა არისო. ამასთან, რევოლუციის დროს რუსეთის უშიშრიების საბჭოს მაშინდელი მდვანი ივანოვი ჩამოვიდა, ჯერ პირდაპირ მიტინგზე მივიდა, მერე შევარდნაძესთან და მერე დაიწყო პროცესი.
„ეს იმის საილუსტრაციოდ მოვყევი, თუ მაშინ რა მასშტაბის ინტერესები იკვეთებოდა და რა ძალები იყო ჩართული. ახლა ჯერჯერობით მხოლოდ ევროპა ჩანს, აშშ-ს მხრიდან პირიქით, იმისკენ ვხედავთ ნაბიჯებს, რომ რაღაცეები აღდგეს. სავარაუდოა, რომ საქართველოს მიმართ უკრაინამაც კეთილი სურვილები ამერიკის გავლენით გამოავლინა. ასე რომ, ახლა სულ სხვა პროცესი მიდის.
„სააკაშვილის ეს რეპლიკა შემთხვევითი არაა, 26 მაისისთვის ემზადებიან. არ ვიცი ეს ოპოზიციის რამდენად საერთო მესიჯია, მაგრამ 26 მაისი სააკაშვილის ხელისუფლებისთვის საკვანძო დღე გახდა - ბურჯანაძის მიტინგის დარბევა მოუწია. სავარაუდოა, რომ ოპოზიციას სურს 26 მაისი ისევ სასაკლაოდ გადააქციოს, ოღონდ უნდა, რომ სასაკლაოს ავტორი „ქართული ოცნება" იყოს, მსოფლიოსა და ქართული მოსახლეობისთვის „ოცნება" ისეთი მიუღებელი გახადოს, როგორიც სააკაშვილის ხელისუფლება იყო მიტინგის დარბევის შემდეგ", - ამბობს საყვარელიძე.
რას ცდილობს ხშირი განცხადებებით სააკაშვილი
ვახტანგ ძაბირაძის თქმით, სააკაშვილი ხშირი განცხადებებით ცდილობს მუდმივად იყოს პროცესის წარმმართველი.
„ყველაზე კარგ ვარიანტში ცდილობს, რომ მუდმივად პროცესის წარმმართველი იყოს, მაგრამ ცუდი ვარიანტებიცაა - როდესაც შენს თუნდაც გულწრფელ განზრახვას და განცხადებას მოწინააღმდეგე იყენებს, უნდა მიხვდე, რომ ასეთი განცხადების გაკეთება, მით უმეტეს პოლიტიკაში, არ შეიძლება. როცა წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნაზე ლაპარაკობ, ამისი შესაბამისი გარემო უნდა იყოს. მით უმეტეს, როცა 2003 წელთან პარალელს ავლებ, ეს განცხადება რეალობას აცდენილია. ერთ-ერთი, ვინც ამას ძალიან კარგად გამოიყენებს, ხელისუფლება იქნება და აი, ვნახავთ, რომ პროპაგანდისტულ არხებში ამ თემაზე სპეკულირება წავა", - განაცხადა ძაბირაძემ.
- ვახტანგ ძაბირაძე: „როდესაც შენს თუნდაც გულწრფელ განზრახვას და განცხადებას მოწინააღმდეგე იყენებს, უნდა მიხვდე, რომ ასეთი განცხადების გაკეთება, მით უმეტეს პოლიტიკაში, არ შეიძლება... ერთ-ერთი, ვინც ამას ძალიან კარგად გამოიყენებს, ხელისუფლება იქნება".
რამაზ საყვარელიძის სიტყვებით კი, „სააკაშვილის განცხადებებს შეიძლება თავის შეხსენების და პოპულარობის გაზრდის მოტივები ჰქონდეს. არ გამოვრიცხავ, რომ მის ქცევაში რამოდენიმე მოტივი იკვეთებოდეს, რომელშიც მაინც წამყვანი ივანიშვილის ხელისუფლების დისკრედიტაციაა".
როგორია ოპოზიციური ალიანსის სტრატეგია
ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ ოპოზიციურ ალიანსს სტრატეგია ფაქტიურად არ აქვს.
„ოპოზიციური ალიანსი" ოპოზიციის ნაწილი და ძირითადი ბირთვი ენმ-ს ყოფილი წარმომადგენლებია, სამწუხაროდ არანაირი გეგმა ჯერჯერობით არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ შეიკრიბებიან, რაც მეტი ვიქნებით, უკეთესიაო და ა.შ. ყველაფერზე უარს ამბობენ და ასეთ ვითარებაში „ქართული ოცნება" როგორ უნდა ჩამოიშალოს, უბრალოდ წარმოუდგენელია, მაგრამ მათ სხვა ალტერნატიული არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ და სთავაზობენ იმას, რასაც სთავაზობენ.
„კაცმა რომ თქვას, თუ არანაირი გეგმა არ გაქვს და ასეთ რამეებს სთვაზობ, მაშინ მართლა წინააღმდეგობის მოძრაობა უნდა შექმნა. დღეს საზოგადოებაში არც ამის საფუძველია და არც განწყობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რაღაც გეგმა მაინცაა, თუნდაც ცუდი, მაგრამ მაინც", - განაცხადა ძაბირაძემ.
- რამაზ საყვარელიძე: „მემგონი ესენი ხელისუფლების ხელში აღებას არც ცდილობენ და ურჩევნიათ პროტესტის რეჟიმში იყვნენ, სანამ მათ ფულს უხდიან".
რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციურ ალიანსს რეალური გეგმა არც სჭირდება, რადგან მათ რეალურად ხელისუფლებაში მოსვლა არც უნდათ.
„ალიანსის წევრები თავად ლიდერები არიან. სააკაშვილი, როგორც კონკურენტი, ამჟამად ჩამოშორებულია და მისი განახლება-გააქტიურება და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, წესით ალიანსის პოლიტიკოსების ინტერესებში არც უნდა იყოს.
„თუკი ვიფიქრებთ, რომ ოპოზიციას არა ხელისუფლების ხელში აღება, არამედ მხოლოდ ფინანსური ხეირი უნდა, რაც ოპოზიციონერობითაც ექნება, მაშინ ოპოზიციის პასიურობა უფრო გასაგები ხდება. იციან, რომ ხელისუფლებაში ყოფნა გაუჭირდებათ, ხალხის მეხსიერებაში „9 წელი" დარჩენილია.
„და თუ ხელისუფლებაში მოვიდნენ, იქ მიშას გამოშვება აუცილებლად მოუწევთ, ლოგიკა ამას აიძულებთ. ხოლო სააკაშვილი თუ გამოუშვეს, მაშინ ამათ ხელისუფლებისთვის იმიტომ იბრძოლეს, რომ მიშა ტახტზე დაესვათ? ამიტომ მემგონი ესენი ხელისუფლების ხელში აღებას არც ცდილობენ და ურჩევნიათ პროტესტის რეჟიმში იყვნენ, სანამ მათ ფულს უხდიან", - განაცხადა საყვარელიძემ.