
პეკინში აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა უკვე შეფასდა, როგორც აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობების მკვეთრის გაუმჯობესების დასაწყისი. ამაზე მეტყველებს თუმდაც ის, რომ ტრამპმა თავის ჩინელ კოლეგას „დიდი ლიდერი" უწოდა, ხოლო მათ შეხვედრას - „ყველა დროის ყველაზე დიდი სამიტი".
შეხვედრების დღის წესრიგი მოიცავდა ვაჭრობას, ტექნოლოგიურ სექტორს, ტაივანის საკითხს და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების განხილვას.
მედია განსაკუთრებით გამოყოფს ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას. თეთრი სახლის ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სრუტე ღია უნდა დარჩეს ენერგორესურსების თავისუფალი მიწოდების მხარდასაჭერად, ასევე, მოილაპარაკეს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასოდეს უნდა ჰქონდეს.
აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ, მალევე, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ პრეზიდენი პუტინი პეკინს ეწვევა.
- სი ძინპინი: „ჩვენ ორივეს გვჯერა, რომ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობა დღეს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ორმხრივ ურთიერთობას წარმოადგენს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ურთიერთობამ იმუშაოს და არ დაზიანდეს".
ორი ლიდერის შეხვედრას აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმსონ გრირი ესწრებოდნენ, ასევე კომპანიების „ტესლასა" და „ეფლის" ხელმძღვანელები, ილონ მასკი და ტიმ კუკი.
დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკება დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. დაწყებამდე დონალდ ტრამპმა სი ძინპინს მეგობარი უწოდა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთი კარგი, როგორც ახლა იქნება.
- დონალდ ტრამპი: „ამბობენ, რომ ეს, შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე დიდი სამიტი იყოს. თქვენ დიდი ლიდერი ხართ, პატივია თქვენთან ყოფნა, პატივია, თქვენი მეგობარი ვიყო".
„ამბობენ, რომ ეს, შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე დიდი სამიტი იყოს. თქვენ დიდი ლიდერი ხართ, პატივია თქვენთან ყოფნა, პატივია, თქვენი მეგობარი ვიყო", - მიმართა დონალდ ტრამპმა სი ძინპინს.
აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სი ძინპინთან ურთიერთობა ნებისმიერ წინა სახელმწიფო მეთაურთან ურთიერთობაზე მჭიდროა.
„ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია, ვიცნობთ. ჩვენი ურთიერთობა ამერიკისა და ჩინეთის ნებისმიერ წინა პრეზიდენტთან ურთიერთობაზე ხანგრძლივია. ჩვენ შესანიშნავად ვთანამშრომლობდით. სირთულეებისას ყოველთვის გამოსავალს ვპოულობდით, პირდაპირ ვურეკავდით ერთმანეთს. პრობლემებს ძალიან სწრაფად ვაგვარებდით და დარწმუნებული ვარ, ჩვენ წინ ფანტასტიკური საერთო მომავალი გველოდება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თეთრმა სახლმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა:
„მხარეებმა განიხილეს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების გზები, მათ შორის ამერიკული ბიზნესისთვის ჩინეთის ბაზარზე წვდომის გაფართოება და ჩვენს ინდუსტრიებში ჩინური ინვესტიციების გაზრდა", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა „ხაზი გაუსვეს აშშ-ში ფენტანილის პრეკურსორი ნაერთების შეტანის შეწყვეტისა და ჩინეთის მიერ ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესყიდვების გაზრდის მნიშვნელობას".
„მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზის სრუტე ღია უნდა დარჩეს ენერგორესურსების თავისუფალი მიწოდების მხარდასაჭერად. პრეზიდენტმა სი ძინპინმა ნათლად დააფიქსირა ჩინეთის წინააღმდეგობა სრუტის მილიტარიზაციისა და მისი გამოყენებისთვის ნებისმიერი სახის გადასახადის დაწესების მცდელობის წინააღმდეგ. ორივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასოდეს უნდა ჰქონდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ჩინეთის პრეზიდენტის ცნობით, ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე აზრები ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების, ასევე გლობალური და რეგიონული საკითხების შესახებ გაცვალა.
„ჩვენ ორივეს გვჯერა, რომ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობა დღეს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ორმხრივ ურთიერთობას წარმოადგენს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ურთიერთობამ იმუშაოს და არ დაზიანდეს", - განაცხადა სი ძინპინმა.
მისი თქმით, „ორივე ქვეყანა სარგებელს თანამშრომლობით იღებს, ხოლო დაპირისპირებით ზარალდება, ამიტომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მოწინააღმდეგეები".
„შევთანხმდით, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის კონსტრუქციული და სტრატეგიულად სტაბილური ურთიერთობა ავაშენოთ და ხელი შევუწყოთ მის მდგრად, ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას", - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა სი ძინპინი სექტემბერში აშშ-ში მიიწვია.
„კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ შესანიშნავი მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ საღამოს თქვენ და ქალბატონი პენი (ჩინეთის პირველი ლედი პენ ლიუანი) 24 სექტემბერს თეთრ სახლში მიგიწვიოთ. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ შეხვედრას", - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-სა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრას განსაკუთრებით ყურადღებით აკვირდებოდნენ ირანში. „სიენენის" სტატიაში ნათქვამია, რომ ირანის ოფიციალური პირები მოუწოდებენ ჩინეთს, რომელიც ისლამური რესპუბლიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და ნავთობის უმეტესი ნაწილის მყიდველია, დაეხმაროს მას დაძაბულობის დასრულებაში, შუამავლობაში. ვაშინგტონს კი სურს, რომ პეკინმა ზეწოლა მოახდინოს თეირანზე, რათა მან მიიღოს მისი პირობები, რაც ადვილი საქმე არ არის.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსულმა მხარემ მალევე გამოაცხადა, რომ ახლო მომავალში პეკინს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ეწვევა.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცნობით, ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტისთვის მზადება ფაქტობრივად დასრულებულია, ხოლო თარიღს კრემლი გამოაცხადებს.
„ძალიან მალე გამოვაცხადებთ. ეს ძალიან მალე მოხდება", - აღნიშნა პესკოვმა.