
15 მაისს მოლდოვაში ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ყოველწლიურ სხდომას გამართავენ, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მაკა ბოჭორიშვილიც მიიღებს მონაწილეობას. მინისტერიალი სკანდალით იწყება: მოლდოვამ სამ ქართულ პროსახელისუფლებო მაუწყებელს - „იმედს", „რუსთავი 2"-ს და „პოსტივის" აკრედიტაციაზე უარი უთხრა, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
ამის პარალელურად, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს" ერთი წლით აუკრძალა ევროპარლამენტის შენობაში საქმიანობა. ანალიტიკოსთა შეფასებით, მედიების სკანდალი კიშინიოვის მინისტერიალში ქართული დელეგაციის მონაწილეობაზე გავლენას არ მოახდენს, თუმცა „უსიამოვნო შტრიხებს შეიტანს".
ევროპის საბჭოს პრესსამსახური წერს, რომ მინისტერიალის სხდომას მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ გახსნის. საუბრები ფოკუსირებული იქნება რიგ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომლებიც ევროპის საბჭოს მანდატის საფუძველში დევს.
მათ შორისაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, განსაკუთრებული აქცენტით ომისშემდგომ პასუხისმგებლობასა და აღდგენაზე. ასევე, ევროპის საბჭოს მუშაობაზე მიგრაციის სფეროში, რომელიც 2025 წლის 10 დეკემბრის მინისტრთა კონფერენციის გაგრძელებაა, სადაც მინისტრთა კომიტეტის მიერ დეკლარაციის მიღებაზე მოწოდება გაჟღერდა.
გარდა ამისა, კიშინიოვის სამიტი განსაკუთრებით საინტერესოა საქართველო-უკრაინის ურთიერთობების თვალსაზრისითაც. წინასწარ ცნობილია, რომ სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ამის შესახებ განცხადება 11 მაისს უკრაინის საგრეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ გააკეთა.
„გვსურს, რომ ჩვენ ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ. ერევანში ჩვენს ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრა იყო. მოსაზრებების კარგი გაცვლა შედგა. ჩვენ მზად ვართ მსგავსი კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებისთვის. უახლოეს მომავალში მოლდოვაში ჩემს ქართველ კოლეგასთან შეხვედრა მექნება. ამდენად, გვსურს, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მიმართულება შესაფერისად დავალაგოთ. ჩვენი ხალხი და საზოგადოება ამას იმსახურებს. დიახ, ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში არის რამდენიმე სენსიტიური საკითხი, მაგრამ ჩვენ წინსვლისთვის მზად ვართ", - განაცხადა სიბიგამ.
რეაცია ქართული მედიების შეზღუდვაზე
როგორც „იმედში" აცხადებენ, ოფიციალური კიშინიოვის „დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამო, აღნიშნული მაუწყებლები ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც იქნება წარმოდგენილი". ტელეკომპანიის განცხადებით, ეს არის „პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა".
„იმედის" ინფორმაციით, მიმართეს ევროპის საბჭოსაც, თუმცა შესაბამისი პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ.
საგანგებო განცხადება გაავრცელა „რუსთავი 2"-მაც:
„მედიაზე თავდასხმა და დაუსაბუთებელი უარი აკრედიტაციაზე - „რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს დღეს და ხვალ მოლდოვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესია უნდა გაეშუქებინა, რომელშიც მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს, თუმცა, „კურიერს" აკრედიტაციის გაცემაზე უარი ეთქვა. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანიისთვის გამოგზავნილ წერილში ეროვნული კანონმდებლობა და უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციები დაასახელა.
„არაერთი მიმართვის მიუხედავად, კიშინიოვი არ განმარტავს, თუ რა კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს „რუსთავი 2", რომელსაც ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, მოლდოვაში არაერთი საერთაშორისო ღონისძიება გაუშუქებია".
საპასუხოდ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ უცხოურ ჟურნალისტთა აკრედიტაციის საკითხი კომპეტენტურმა ორგანოებმა განიხილეს და მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიისთვის აკრედიტაციის მოთხოვნები კომპეტენტურმა ორგანოებმა განიხილეს მოქმედი ეროვნული კანონმდებლობისა და მოლდოვის რესპუბლიკაში უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციის შესაბამისად. აკრედიტაციის პროცესი ყველა განმცხადებლისთვის სტანდარტული შეფასების პროცედურას მოიცავს. ამ განხილვის შემდეგ თქვენი მოთხოვნა არ დადასტურდა. პატივისცემით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დამატებითი კომენტარების გაკეთება ინდივიდუალური აკრედიტაციის შეფასებებთან ან შიდა განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით", - აღნიშნეს სამინისტროში.
- შალვა პაპუაშვილი: „მოლდოვისგან ეს არ მიკვირს, რადგან მოლდოვაში მედიის შეზღუდვა ფაქტია. რამდენიმე ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილებების გარეშე".
მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მოლდოვაში მედიის თავისუფლება შეზღუდულია და განსხვავებულ აზრს პრორუსულის იარლიყს აწებებენ.
„მოლდოვისგან ეს არ მიკვირს, რადგან მოლდოვაში მედიის შეზღუდვა ფაქტია. რამდენიმე ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილებების გარეშე და ყველგან გამართლებას პოულობენ, რომ იყო დეზინფორმაცია და პრორუსული.
„მარტივია მიაკერო იარლიყი, როგორც 100 წლის წინ აკეთებდნენ ამას და ვინ არის შენი გამკითხავი... მოლდოვის პრეზიდენტს ვინ გაკიცხავს, ტაშს უკრავენ. იტყვის, რომ ამას დახვრეტა, ამას ჩამოხრჩობა... არანაირი სასამართლო კონტროლი ამ საკითხებზე არ არის, არანაირი ინსტანცია, რომელიც ამ საკითხს გადაწყვეტს. მიაწებებენ იარლიყს, ვისაც რა უნდათ. ხურავენ ტელევიზიებს მოლდოვაში, ხურავენ პარტიებს და ერთი კრიტიკული სიტყვა არ ისმის", - განაცხადა პაპუაშვილმა.
სკანდალის გავლენა ქართული დელეგაციის ვიზიტზე
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მედიების სკანდალი გავლენას არ მოახდენს ქართული დელეგაციის ვიზიტზე, თუმცა უსიამოვნო შტრიხებს შეიტანს.
„არ ვფიქრობ რომ ეს ქართული დელეგაციის იქ ყოფნაზე ზეგავლენას მოახდენს. ჩვენი დელეგაცია მინისტერიალზე ალბათ გაემგზავრება, რადგანაც მოწვევა მიღებულია, რადგან არგამგზავრება მემგონი მთლად სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა შექმნილ სიტუაციაში, მით უმეტეს, როცა ევროკავშირთან ასეთი დაძაბული ურთოერთობა გვაქვს.
„ვფიქრობ, ეს გარკვეულ უსიამოვნო მომენტებს შეიტანს მოლდოვასა და ევროკავშირთან ურთიერთობებში, რომლებიც ისედაც დაძაბულია. ეს დემარში არა მხოლოდ კონკრეტული ტელევიზიების, არამედ ზოგადად ქართული მედიის მიმართ გადადგმული ნაბიჯია, მით უმეტეს, მოლდოვის მხრიდან ქართული ტელევიზიების არშეშვება-არდაშვება აშკარად არამეგობრული ნაბიჯია, იქიდან გამომდინარე, თუ მოლდოვაში რა მდგომარეობაა მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხრივ.
- ზაალ ანჯაფარიძე: „ვფიქრობ, საქართველომ ურთიერთობები ბოლომდე არ უნდა ჩაჭრას, რაც მოცემულ შემთხვევაში გამართლებული შეიძლება იყოს, მაგრამ ამით ჩვენ უფრო დავზარალდებით, ვიდრე ისინი."
„დელეგაცია წავა, მაგრამ ამ გადაწყვეტილების უსიამოვნო შტრიხები, რა თქმა უნდა, გარკვეულ ლაქას დაასვამს ქართულ მხარესთან კონტექტებს. დარწმუნებული ვარ დისკუსიების დროს ეს საკითხი წამოჭრილი იქნება.
„საქართველოს და მოლდოვის ურთიერთობას აშკარად მეგობრულს ვერ ვუწოდებთ, ასევე ვერ ვუწოდებთ მეგობრულს საქართველოსა და ევროკავშირის სტრუქტურების ურთიერთობებსაც. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, საქართველომ ურთიერთობები ბოლომდე არ უნდა ჩაჭრას, რაც მოცემულ შემთხვევაში გამართლებული შეიძლება იყოს, მაგრამ ამით ჩვენ უფრო დავზარალდებით, ვიდრე ისინი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს დელეგაციას იმის საშუალება მაინც ექნება - ტრიბუნა ექნება, რომ საკუთარი შეხედულებები და თუ გნებავთ პრეტენზიები ფართო აუდიტორიის წინაშე გააჟღეროს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსმა ისაუბრა იმაზეც, თუ რამდენად შესაძლებელია ეს ყველაფერი პოლიტიკურ სკანდალში გადაიზარდოს.
„არ მგონია, რომ ეს პოლიტიკურ სკანდალში გადაიზარდოს. ვფიქრობ, არცერთი მხარე დაინტერესებული არაა ურთიერთობის შემდგომი გამწვავებით. პოლიტიკურ სკანდალში რომც გადაიზარდოს, ეს რას შეცვლის? თავიანთ გადაწყვეტილებას უკან არ წაიღებენ. თუმცაღა, არ გამოვრიცხავ იმას, რომ, დავუშვათ, ცალკეული ევროპარლამენტარების მიმართ გარკვეული სანქციები შემოიღონ ჩვენი მხრიდან", - განაცხადა ანჯაფარიძემ.