
პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე, ხალხზე ზრუნვის ახალი ინიციატივით გამოდის. იმის გამო, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არც ისე დალხენილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, „ხალხოსანი“ პოლიტიკოსი ხალხის გულების მოსაგებად ითხოვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იყოს, ოღონდ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. სინამდვილეში, ევროპის რამდენიმე ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მართლაც უფასოა, ოღონდ იქაური მოსახლეობა ისედაც, ძირითადად, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობს და ველოსიპედებით გადაადგილდება. ტრანსპორტის დარგის პროფესიონალების შეფასებით, ანა დოლიძის იდეა უტოპიაა. საქართველოს მოსახლეობა საკუთარ ავტომობილებს ასე იოლად არ შეელევა და არც საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდება.
მართალია, პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე ამბობს, რომ 2025 წელს, როცა ყოველნაირი საერთაშორისო დახმარება, ინვესტიცია შეჩერდა, ჯარიმების სახით, 5 მილიონი ლარი შევიდა ბიუჯეტში. გარდა ამისა, პოლიტიკოსი წუხს, რომ ხალხი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ინტენსიურად ვერ მგზავრობს, რადგან ძვირია, ამიტომ უფასო უნდა გახდეს. თუმცა ანა დოლიძეს ერთი რამ ავიწყდება - მუნიციპალური ტრანსპორტი არც ისე ძვირია დედაქალაქში და რაც მთავარია, უამრავი სოციალური შეღავათებიც მოქმედებს, როგორც სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, ასევე სტუდენტების, სკოლის მოსწავლეებისა და პენსიონერებისთვის. მეტიც, 90 წუთის განმავლობაში, ყოველი მეორე, მესამე, მეოთხე გადაჯდომა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ისედაც უფასოა.
სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება „რეზონანსთან“ საუბრისას ურბანისტმა გიორგი შვანგირაძემ. მისი შეფასებით, შეუძლებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან ნებისმიერი სხვა რამ უფასო იყოს ქვეყანაში.
„უფასო ვერ იქნება ვერასდროს ვერაფერი. ადრე წყალს ითხოვდნენ უფასოდ, რადგან საქართველო წყლის ქვეყანაა და წყალი აუცილებლად უფასო უნდა იყოსო, ახლა ტრანსპორტის ჯერი დადგა. არადა, უფასო ვერ იქნება, რადგან ყველაფერს თავისი მომსახურება სჭირდება. კი, ბატონო, ავტობუსები ახალია და ჯერ არ სჭირდება პარკს განახლება, რემონტი, მაგრამ მძღოლებს ხომ ანაზღაურება უნდა? ამასთან ამ ავტობუსებს დასუფთავება სჭირდება, საწვავი, სხვა ტიპის მომსახურება, სწორედ ამიტომ არ შეიძლება, რომ უფასო იყოს.
თანაც საქართველოში სოციალური შეღავათები ისედაც მოქმედებს მუნიციპალურ ტრანსპორტზე. სტუდენტები, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები ისედაც სარგებლობენ ამ შეღავათებით, სკოლის მოსწავლეებისთვის ტრანსპორტი უფასოა.
ახლა რაც შეეხება ზოგად დამოკიდებულებას. მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ ავტომობილებს არ დათმობს და არ გადაჯდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში. უფასო რომ იყოს კი არა, აქეთ რომ გადაუხადოთ ფული, ისინი მანქანებიდან არ გადმოვლენ და არ ჩასხდებიან ტრანსპორტში. ამასაც თავისი მიზეზი აქვს, რადგან საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და ადამიანები ცდილობენ, მაქსიმალურად ბევრ საქმეში ჩაერთონ, ცოტა-ცოტა შემოსავალი მიიღონ რამდენიმე საქმიანობიდან. ასეთი ადამიანებისთვის რთულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა, რათა ერთი ადგილიდან მეორეზე მივიდნენ. ამასთან, ხან წვიმაა, ხან ქარია, ხან ძალიან დიდი სიცხეა, ამიტომ ადამიანს ურჩევნია, საკუთარი მანქანით მისვლა თუნდაც 5 ან 10 ლარი დაუჯდეს (საწვავის ხარჯს ვგულისხმობ), ვიდრე ტრანსპორტით გადაადგილდეს, რადგან საკუთარი ავტომობილით კომფორტულად იმგზავრებს და არც სხვა ადამიანი შეაწუხებს“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი შვანგირაძემ.
ევროპის ბევრ ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა, ხალხი ამ ტრანსპორტით სარგებლობს ან ველოსიპედით გადაადგილება. კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, ქართველმა მძღოლებმა ავტომობილების ნაცვლად, ველოსიპედები აირჩიონ, გიორგი შვანგირაძემ გვიპასუხა, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს წარმოუდგენელია.
„ევროპის ქვეყნების მაგალითები რომ მოჰყავთ, საქართველოსგან განსხვავებით, მათ სხვაგვარი ცხოვრების წესი აქვთ. ჩვენ მთაგორიანი ქვეყანა ვართ და დედაქალაქიც კი ასეთი გვაქვს. ამ პირობებში შეუძლებელია ველოსიპედის გამოყენება. რამდენჯერმე იყო ამის მცდელობა და სანაპიროზეც დახაზეს ველოსიპედის ზოლი, მაგრამ კაციშვილს არ გაუვლია იქ და წაშალეს შემდეგ ეს ხაზი, რადგან სამანქანო ზოლს ავიწროვებდა.
ჩვენს დედაქალაქში ეს ჯერ ყოველგვარ აზრს არის მოკლებული და გაუმართლებელი იდეაა. ელემენტარულად რელიეფი არ გვიწყობს ხელს. გარდა ამისა, ქართველებისთვის მანქანის შეძენა მნიშვნელოვან მომენტს უკავშირდება, იგი მათთვის ძვირფასი ნივთია. ამიტომ საკუთარი ავტომობილებიდან პრინციპულად არავინ გადავა საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, - აღნიშნა "რეზონანსთან" გიორგი შვანგირაძემ.
ზუსტად ანალოგიურად მსჯელობს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე. მისი შეფასებით, შესაძლოა, ანა დოლიძის ეს იდეა გარკვეულ არგუმენტებს ეფუძნება, მაგრამ ეს იმდენად სპეციფიკური თემაა, რომ სჯობს, სპეციალისტებთან შეათანხმოს.
„ჩვენთან ძალიან ბევრი მიმართულება სპეციფიკურია, თუნდაც დედაქალაქი ავიღოთ, რომელსაც იმდენად რთული ლანდშაფტი აქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოქნილად გამოყენება ისედაც ძნელია. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება საკმაოდ ძვირი ჯდება საიმისოდ, რომ უფასო იყოს. დედაქალაქში მოძრავი ავტობუსები საკმაოდ დიდია მოქნილი გადაადგილებისათვის, ზოგიერთ უბანში პატარა ავტობუსებითაც კი რთულია მოძრაობა და სწორედ ამიტომაც გახდა საჭირო, რომ ერთიან სატრანსპორტო სისტემაში მიკროავტობუსებიც ყოფილიყო ჩართული. მოკლედ, ბევრი ისეთი წვრილმანია, რაც ყურადღებით გასავლელია და რთული იქნება იმ პროექტის რეალიზება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს უფასო“, - განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას მევლუდ მელაძემ.
თბილისში ბევრი ისეთი უბანია, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ მივა. ადამიანები კი საკუთარ მანქანებს იმისთვის იყენებენ, რომ უფრო სწრაფად გადაადგილდნენ. რაც შეეხება ავტომობილების ველოსიპედებით ჩანაცვლებას, მევლუდ მელაძემ „რეზონანსს“ განუცხადა, რომ ველოტრანსპორტი ჩვენს ქვეყანაში ვერ განვითარდება.
„ამის მიზეზი არა მარტო დედაქალაქის, არამედ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიაა - ბევრი აღმართ-დაღმართი და ბევრი ჩიხებია. მაგალითად, ბათუმში შესაძლებელი იქნებოდა ველოტრანსპორტის განვითარება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურაც დახვდებოდა. ბათუმის ქუჩები ქვაფენილიანია, ასეთ გზებზე კი შეუძლებელია ველოტრანსპორტით ან სკუტერით გადაადგილება. დედაქალაქში კი ურთულესია ველოსიპედით მოძრაობა, რადგან ამას კლიმატიც ხელს უშლის - ხან ძალიან ცივა, ხან პირიქით - ძალიან ცხელა.
რაც მთავარია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის ისეთი მოქნილი, რომ დააკმაყოფილოს ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნა, რადგან ქალაქში ძალიან დიდი მიგრაციაა. ამას ისიც ემატება, რომ ერთ უბანში ცხოვრობ და სამსახური მეორე უბანში გაქვს. ყველაზე უფრო ცუდი კი ის არის, რომ დედაქალაქში უბნების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზებიც წვრილი და ჩიხურის. შესაბამისად, სამსახურში მისასვლელად, რამდენიმე უბნის გავლა გიწევს და ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემაც, რადგან ადამიანს რამდენიმე გადაჯდომა სჭირდება და ტრანსპორტის ლოდინში დროს კარგავს.
საბოლოო ჯამში ბევრი პრობლემა იყრი თავს და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა იმდენად არაკომფორტულია, რომ ადამიანები მაინც არჩევენ, საკუთარი ავტომობილებით იმოძრაონ, ჯარიმებისა და ქალაქში არსებული საცობების მიუხედავად“, - განუცხადა „რეზონანსს“ მევლუდ მელაძემ.