რეზონანსი
15.05.2026

სოციალურ ქსელებში ბანკეტებისა და სხვადასხვა ცერემონიების თემაზე დისკუსია არ წყდება. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში დღესასწაულები თანდათან რეალურ შესაძლებლობებს სცდება. მე-12 კლასელებისთვის ეს დღე განსაკუთრებულია, თუმცა ბევრ ოჯახს სერიოზულ ფინანსურ ტვირთადაც აწვება.

ამ თემაზე ვირუსულად გავრცელდა ერთ-ერთი სასულიერო პირის პოსტიც, სადაც ის წერს, რომ საზოგადოებაში „ყველაფრის გრანდიოზულად აღნიშვნის კულტურა“ ყალიბდება ზოგი ბავშვი ამ კოლოსალური ხარჯების გამო საერთოდ ვერ მიდის ვერსად.

"კლასიდან კლასში გადასვლისას, სკოლის დასრულებისას, ხელის თხოვნისას, თუ ოჯახის შექმნისას, რატომ სწევენ ამხელა ხარჯებს ადამიანები, თან ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ვერაფრით ამოვხსენი.

ერთი კლასიდან მეორე კლასში გადავა ბავშვი და აბა, წავიდა სპეციალური სამოსის შეკერვა, ქუდი, ტორტი, ესა, ისა. რად უნდა დაფიქრდით, რამე განსაკუთრებული მოხდა მის ცხოვრებაში? ბავშვს თავიდანვე ვუყალიბებთ მოვლენებთან აბსურდულ მიდგომებს.

სკოლის დამთავრებას ხომ საერთოდ. ისე დიდებულად აღნიშნავენ, თითქოს ერთი გაკვეთილი არ გაუცდენიათ ან მოუმზადებლები არ მისულან. დაამთავრე დაამთავრე, რა ამბავია ამდენი კინო გადაღებები და ბანკეტები საქართველოსა თუ მის საზღვრებს გარეთ. თან ყოველ წელს ახალი სისულეები ემატება. აბა, ერთი დღით აუზიანი სახლი თუ არ იქირავე 6000 ლარად ან ბოსფორის სრუტეზე, თუ იმ ქვეყანაში რომლის ნახვაც მასწავლებელს სურს, არ დასელფე რა სკოლის დამთავრებაა ეგ. ვიღაცეებს რატომ აგოიმებინებთ თავებს ვერ ვხვდები.

ვისაც აქვს საშუალება იმათ არც საზღვარგარეთი აკლიათ და არც ვარხალალო, მაგრამ შეჭირვებულ ოჯახებს აღარ უნდა ეჯიკაონ რომ მათაც იგივე ხარჯები გასწიონ. უნდა დაისვას ხოლმე კითხვა, რამდენი ლარის ფარგლებში გავაკეთოთ ესა თუ ის ღონისძიება, და ყველაზე ნაკლებს ვინც იტყვის ის თანხები უნდა აგროვდეს. არავის აღარც ვალი დაედება და არც წაუსვლელობით დასწყდება გული.

ხელის თხოვნაა და წავიდა გადაღება, მორთვა, ამბები. ერთ კვირაში ქორწილი გაქვს, რაღად უნდა ეს ცერემონია? მერე, ქორწილში ლიმუზინი, სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და კოსმოსური გადაღება. სხვა და სხვა სამოსი და ა.შ. ქორწილის შემდეგ, აუცილებლად ფოტოები აქლემზე, ეიფელთან ან კენგურუსთან - "აბა, ისე რისთვის გავთხოვდი კაცო".

სქესის გაგებისას, იტყვი მეორე ცოტნე დადიანი უნდა მოევლინოს, ისევ ხარჯები, ისე გაფორმება, გადაღება, ბათქა-ბუთქი, ეგრევე ნერვოზიანი იბადება ბავშვი... და სანამ ყველა სერია დამონტაჟდება და მზის სინათლეს იხილავს, ზოგნი უკვე გაბუტულები არიან ან გაყრილიები, ან ქმარი გლდანში ზის ვალების გამო ცოლის გინებისთვის. რატომ? იმიტომ, რომ სულიერი არაფერი აინტერესებთ, არ ლოცულობენ, მარტო მოდა და სანახაობა.

და ბოლოს, ამ დიდი ბედნიერი დღეების შემდეგ იწყება გოდება - ფინანსური პრობლემები გვაქვს. აბა, რა იქნება თქვე კაი ხალხო, ელისაბედ მეორესავით გინდათ ყველაფერი, რაც გქონდათ დახარჯეთ, ვალები აიღეთ, მშობლები, პაპა-ბებიები, თუ ვინმე ემიგრანტი გყავდათ ყველა გაატყავეთ და გაწყვიტეთ წელში და..

ეკლესიურად უნდა იცხოვროთ, ლოცვა გონებას უნათებს კაცს და თქვენი წარმომავლობის და გონივრულად შეფასებული შესაძლებლობის გენდომებათ ყველაფერი. ვისაც არ გიჭირთ ამ სისულეებში თანხების ყრას საინტერესო, სასიკეთო და საქველმოქმედო საქმეების კეთებას დაიწყებთ. მასწავლებელსაც უნდა ვცეთ პატივი, მნიშვნელოვანი დღეებიც უნდა ავღნიშნოთ, ოღონდ ნორმის ფარგლებში. ღმერთი აბედნიერებს ოჯახებს და არა აქლემები, დრონები და პირამიდები" - დაწერა მამა ლევან ჯიქურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×