თამთა ჩაჩანიძე
15.05.2026

ოპოზიციურმა ალიანსმა 6 ძირითადი მოთხოვნა წამოაყენა, რომელთა შერულებაც, მათი შეფასებით, აუცილებელია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სწორედ ეს შეიძლება იყოს 26 მაისის აქციაზე ერთ-ერთი მთავარი კონკრეტული მოთხოვნა. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ მომავალი არჩევნები ახლანდელი საარჩევნო კოდექსით ჩატარდება და ამ მხრივ რაიმეს შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

ოპოზიციურმა ალიანსმა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად 6 ძირითადი პირობა 15 მაისს გამართულ ბრიფინგზე წამოაყენა:

პირველი - საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს, უნდა გახდეს სრულად პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნებული. 2020-2024 წლის არჩევნების შედეგად ბარიერგადალახული პარტიების საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს თითო წარმომადგენლით, ყველა შემდეგი კომისია უნდა დააკომპლექტოს ახალმა კომისიამ ამ პრინციპით. 2024 წლის არჩევნებს არ მიიჩნევენ ლეგიტიმურად, თუმცა, ბარიერგადალახულის პრინციპიდან გამომდინარე იღებენ ამ მაჩვენებელს.

მეორე - ემიგრანტებს უნდა დაუბრუნდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა. უბნები გაიხსნას ქვეყნით გარეთ, სადაც იქნება ემიგრანტების ის რაოდენობა, რაც დოკუმენტში არის ასახული.

მესამე - გამკაცრდეს ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესი, დაემატოს სახის ამომცნობი აპარატები.

მეოთხე - აუდიტის, შესწავლა- შემოწმების ნაწილში მოწცვეული იყოს სანდო საერთაშორისო კომპანია, რომელიც აუდიტირებას გაუწევს საარჩევნო პროცესს.

მეხუთე- გაიხსნას სიები, შესაძლებელი გახდეს ამომრჩეველთა მონაწილეობის გასაჯაროება.

მეექვსე - საარჩევნო დავები განიხილოს სპეციალურად შექმნილმა სასამართლო კოლეგიებმა, რომელი საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნება შედგენილი.

როგორც „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა წევრმა, თენგო თევზაძემ აღნიშნა, სანამ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე ვისაუბრებთ, აუცილებელია, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა.

„პირველ რიგში, ყველას გელოდებით, მთელ საქართველოს, 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, სადაც ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ.

„ოპოზიციურ ალიანსს" „ქართული ოცნების" შეცვლა მთავარ ამოცანად აქვს დასახული. პირველ რიგში, ეს მიგვაჩნია სამართლიანი და თანასწორი არჩევნების გზით, სანამ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე ვისაუბრებთ, აუცილებელია, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა. ასევე, უნდა გაუქმდეს რეპრესიული კანონები", - აღნიშნა თენგო თევზაძემ.

ხელისუფლება ამ მოთხოვნებს მიუღებლად მიიჩნევს და მათ განხილვასაც კი გამორიცხავს. როგორც 15 მაისს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობა აბსოლუტურად შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

„რაც შეეხება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ეს არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევ ყველას! დღევანდელი კანონმდებლობა არის აბსოლუტურად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩვენ ჩავატარებთ დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს", - აღნიშნა კობახიძემ.

ახალი მოთხოვნები 26 მაისის აქცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 26 მაისის აქციაზე, დიდი ალბათობით, სწორედ ეს მოთხოვნები იქნება წამოყენებილი და გამორიცხული არაა, რომ სხვა პირობებიც იქნას დასახელებული.

„დიდი ალბათობით, 26 მაისის აქციიაზე ამ და სხვა ახალ მოთხოვნებსაც წამოაყენებენ. კობახიძის პასუხი იყო, რომ არჩევნები თითქოს მოქმედი კანონმდებლობით ჩატარდებაო და ერთ-ერთი მთავარი ბრობლემაა, რომ შესაძლოა რამდენიმე პარტია გააუქმონ - საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების დაქვემდებარებაშია და შეიძლება გადაწყვეტილება მიიღონ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ. მაშინ არჩევნების ჩატარებასაც საერთოდ აზრი არ ექნება.

„არ მგონია ვადამდელი ახლა ჩაინიშნოს. თუ დასავლეთმა ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო და წინაპირობა წაუყენა, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩაატარეთ და სანქციებს მოგიხსნითო, მაშინ შეიძლება ჩაატაროს, მანამდე რისკზე არ წავა. „ქართულ ოცნებას" ბოლომდე არა, მაგრამ ჯერჯერობით რაღაცეები გასდის. ისინი მეტ-ნაკლებად იზოლაციაში არიან, ახლა მათ ინტერესში ნამდვილად არ შედის, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნონ.

  • ნიკა ჩიტაძე: „ერთ-ერთი მთავარი ბრობლემაა, რომ შესაძლოა რამდენიმე პარტია გააუქმონ - საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების დაქვემდებარებაშია და შეიძლება გადაწყვეტილება მიიღონ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ. მაშინ არჩევნების ჩატარებასაც საერთოდ აზრი არ ექნება."

„არჩევნები რომც გაიმართოს, დემოკრატიული სტანდარტები დაცული უნდა იყოს და ეს „ქართული ოცნების" პირობებში რამდენად მოხდება, ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი", -განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძეც ასევე ფიქრობს, რომ 26 მაისის აქციაზე სწორედ ეს პირობები დასახელდება.

„რა თქმა უნდა, 26 მაისის აქციაზე ეს პირობები დასახელდება, ოღონდ ასეთი დიდი ტექსტებით არ იქნება საუბარი, არამედ პლაკატებზე შეიძლება იყოს - „ვადამდელი არჩევნები", „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები" - რომ ვითომ აქამდე ეს არ იყო. ასევე „პოლიტპატიმრებს თავისუფლება" და ა.შ. - ეს მოთხოვნები იქება გაჟღერებული. სხვა საქმეა ამის შედეგები რა შეიძლება იყოს, რამდენ ადამიანს შეაგროვებენ და ა.შ.", - განაცხადა მამრაძემ.

რას აძლევს ოპოზიციას ახალი მოთხოვნების დაყენება

ნიკა ჩიტაძის აზრით, კონკრეტული მოთხოვნების წამოყენებით ოპოზიცია ამომრჩეველს აჩვენებს, რომ მათ ხელისუფლების ალტერნატივის შექმნა შეუძლიათ.

„ამ მოთხოვნების წამოყენება აჩვენებს იმას, რომ ოპოზიციას კონკრეტული ალტერნატივის შექმნა შეუძლია. თუმცა, მიზანი რომ იქნას მიღწეული, ერთის მხრივ დასავლეთმა სანქციები უნდა აამოქმედოს და მეორეს მხრივ საპროტესტო აქციებში უფრო მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ახლა ქუჩაში იმდენი ადამიანი არ გამოდის, როგორც თუნდაც ორი წლის წინ გამოდიოდა", - განაცხადა ჩიტაძემ.

პეტრე მამრაძე გვეუბნება, რომ ხელისუფლება ვადამდელ არცევნებსა და ამ პირობების შესრულებაეზ არ წავა, ოპოზიციას კი ასეთი პირობების წამოყენება დასავლეთისთვის სჭირდება, რათა დაანახოს, რომ იბრძვის.

  • პეტრე მამრაძე: „ამ მოთხოვნების წამოყენებით დასავლეთს აქედან ეუბნებიან, რომ აი, ჩვენ ვიბრძვით, ცოცხლები ვართ, აგერ, ასეთ პირობებში ვართ."

„გარანტირებულად გეტყვით და დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება არცერთი ამ პირობის შესრულებისკენ არ წავა, რადგან ეს ყველაფერი საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ოპოზიციის მხრიდან ეს ყველაფერი იმიტომ ჟღერდება, რომ ის კამპანია, რაც დასავლეთშია საქართველოს მიმართ, კვლავ გაგრძელდეს. ამ მოთხოვნების წამოყენებით აქედან ეუბნებიან, რომ აი, ჩვენ ვიბრძვით, ცოცხლები ვართ, აგერ ასეთ პირობებში ვართ.

„ოპოზიციამ კარგად იცის, რომ ასეთი მიმართვებით მათ მხარდამჭერთა რიცხვს ვერ გაზრდის. გარკვეული რაოდენობა რა თქმა უნდა ჰყავთ და ამიტომაც გადალახეს ბარიერი, თუმცა, ახლა ვერ გაზრდის. სხვა გზა არ აქვთ და ერთადერთი, რაც მათ ახლა დარჩათ, ესაა დასავლეთის გარკვეულ წრეებთან ურთიერთობა, რისი მეშვეობითაც სული უდგათ.

„მე იმ დაშვებასაც კი ვერ ვაკეთებ, რომ ვადამდელი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ თავად მათაც შეუძლიათ გამოკითხვა ჩაატარონ ცნობილ კითხვაზე - „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, ვის მისცემდით ხმას?". დარწმუნებული ვარ, თუ სამართლიანი გამოკითხვები ჩატარდა, ისინი მიზერულ შედეგს მიიღებენ, იმაზე გაცილებით ნაკლებს, ვიდრე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდათ", - განაცხადა მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×