თამთა ჩაჩანიძე
15.05.2026

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილი მოლდოვაში, ევროპის საბჭოს სამიტის ფარგლებში გამართულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონული უსაფრთხოების, ევროპული ინტეგრაციისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა უკრაინის, ლუქსემბურგის და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სადაც განხილვის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული ვითარება იყო.

ვიცე-პემიერმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა მედიის თავისუფლებისა და სამი ქართული ტელევიზიის სანქციების საკითხზე. რაც შეეხება შეხვედრებს, ეს, ბოჭორიშვილის თქმით, დიდწილად კოლეგების ინიციატივა იყო.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანდრეი სიბიგამ 15 მაისის შეხვედრა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაანონსა. მინისტერიალის ფარგლებში ქართველ კოლეგასთან საუბრის შემდეგ კი განაცხადა, რომ მხარეები აგრძელებენ „გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას".

ოპოზიცია ბოჭორიშვილის მოლდოვაში ვიზიტს აკრიტიკებს. „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ მოლდოვაში ვიზიტი რაიმე გარდამტეხს ვერ მოიტანს.

„დაბალი წარმოდგენის ვარ მაკა ბოჭორიშვილის დიპლომატიურ შესაძლებლობებზე და ვერ გეტყვით რაიმე გარდამტეხს მოიტანს თუ არა მისი შეხვედრები. მაგრამ ცალსახად ვხედავ, რომ პოლიტიკური შიზოფრენიის მორიგი ფაზა დაეწყება „ქართულ ოცნებას", როდესაც მაკა ბოჭორიშვილი იქ მინისტრებს აეკიდება და შეეცდება, რომ ფოტოები გადაიღოს, რომ გამოჩნდეს თუ რამდენ ხალხს ხვდება", - ამბობს დათუნაშვილი.

მმართველ პარტიაში კი ბოჭრიშვილი-სიბიგას შეხვედრიდან განსაკუთრებით პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ვერ ხედავს უკრაინის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულების ცვლილებას.

  • გია ვოლსკი: „ჩემი აზრით, უკრაინელების მხრიდან გულწრფელობის სერიოზული დეფიციტია... არანაირად არ შეცვლილა უკრაინელთა შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სისხლი უნდა დაეღვარა, ახალგაზრდები ბრძოლის ველზე გაერეკა და ომში ჩართულიყო".

„არის მზადყოფნა იმისა, რომ გუშინდელი ცუდი ურთიერთობა ნებისმიერთან გამოვასწოროთ, თუ ამის საშუალებას კონიუნქტურა იძლევა. ჩემი აზრით, უკრაინელების მხრიდან გულწრფელობის სერიოზული დეფიციტია", - თქვა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინელთა შეხედულება „არანაირად არ შეცვლილა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სისხლი უნდა დაეღვარა, ახალგაზრდები ბრძოლის ველზე გაერეკა და ომში ჩართულიყო".

ბოჭორიშვილის გამოსვლის მთავარი აქცენტები

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე" წუხილი და იმავდროულად იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ; „ქართველი ხალხის მხარდაჭერის" მტკიცება და იმავდროულად ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება; კანონის უზენაესობაზე საუბარი და ამავე დროს, სამართლისა და კანონის გვერდის ავლის გზების ძიება".

მისივე თქმით, კრიტიკა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია, „თუმცა, როდესაც პოლიტიკური მიზნები ფაქტებზე მაღლა დგება, ეს უკვე არა დემოკრატიის გაძლიერებას, არამედ ნდობის რღვევას ემსახურება".

ყურადღება გაამახვილა მედიის თავისუფლების საკითხზე.

„დღეს ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე. შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფასა და საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.

„ოკუპაცია, ეფექტიანი კონტროლი და რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების მიერ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფას და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ. ამის დასტურია 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. „მოკავშირეობისა და ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

  • მაკა ბოჭორიშვილი: „დღეს ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე. შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება".

მინისტრმა ისაუბრა ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ომი და კონფლიქტი არ არის ერთადერთი საფრთხე, რაც იმ ფუნდამენტს არყევს, რომელზეც ევროპა აშენდა. ამასთან, ხაზი გაუსვა უკრაინაში მიმდინარე ომს და აღნიშნა, რომ ვერცერთი ქვეყანა ვერ იქნება რეალურად დაცული, თუ საერთაშორისო სამართალი შერჩევითად იმოქმედებს:

„დღეს, როდესაც უკრაინაში კვლავ გრძელდება ომი, კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება რეალურად დაცული, თუ საერთაშორისო სამართალი შერჩევითად იმოქმედებს, თუ ოკუპაცია დროთა განმავლობაში „ახალ ნორმად" გადაიქცევა, და თუ ძალა სამართალზე მაღლა დადგება."

სიტყვით გამოსვლის დასასრულს ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად:

„ჩვენ კარგად ვიცით ომის ფასი და გვესმის, რომ მშვიდობა მხოლოდ სამხედრო ესკალაციის არარსებობა კი არა, არამედ პასუხისმგებლობაა საკუთარი ხალხის, რეგიონისა და საერთო ევროპული მომავლის წინაშე".

შეხვედრა უკრაინელ, ლუქსემბურგელ და სერბ კოლეგებთან

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროპის საბჭოს მინისტერიალის სხდომაზე ქართველ კოლეგასთან შეხვედრის „შესანიშნავი შესაძლებლობა" ჰქონდა. საუბარი კი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში გამართული ბოლოდროინდელი დიალოგის პირდაპირი გაგრძელება იყო.

  • ანდრეი სიბიგა: „ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას".

„განვიხილეთ ფართო ორმხრივი დღის წესრიგი, ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძოდ სუამ-ში და უახლესი პოლიტიკური დინამიკა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ სივრცეში ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე. ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას", - წერს სიბიგა.

საქართველოს საგარეო უწყება კი წერს, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენდა ბოლო პერიოდში უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული კომუნიკაციების შემდგომ ნაბიჯს.

„შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ამასთან, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებს, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებს და იმ პოზიციებს, რაც აბრკოლებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. მხარეებმა დაადასტურეს დიპლომატიური ურთიერთობების გაჯანსაღების მნიშვნელობა და დიალოგის გაგრძელების მზაობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მანამდე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრ ქსავიე ბატელს შეხვდა. ბოჭორიშვილის თქმით, ეს ინიციატივა თავად მისმა ლუქსემბურგელ კოლეგამ გამოიჩინა, რათა გაეგო რა ხდება საქართველოსა და რეგიონში.

„თქვენ ხედავთ, რომ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, არასდროს ამბობს უარს დიალოგზე. ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს შეხვედრები, ხშირად ვსაუბრობთ. მას ყოველთვის აქვს სურვილი, პირადად მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები ამა თუ იმ საკითხზე. ამას ნამდვილად ვაფასებთ, რადგან მიდგომა, რასაც ხედავს ევროკავშირში, არ არის მოსაწონი.

„ძალიან ხშირად მიმდინარეობს დისკუსიები საქართველოზე, მაშინ როდესაც საქართველოს არავინ ეკითხება პოზიციების დაფიქსირებას, არავინ ეკითხება, თუ რა ხდება საქართველოში ჩვენი პერსპექტივიდან. შესაბამისად, მისასალმებელია, როდესაც მსგავსი სურვილი უჩნდება კოლეგას, რომ გაიგოს რა ხდება რეგიონში, საქართველოში, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და როგორ შეიძლება გავაჯანსაღოთ და წვლილი შევიტანოთ საქართველო-ევროკავშირის დიალოგში და ურთიერთობებში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მარკო ჯურიჩთან შეხვედრას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დინამიკაზე. ასევე, ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ევროინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×