თამთა ჩაჩანიძე
16.05.2026

ახალი პატრიარქის აღსაყდრების შემდეგ, აქციებზე დაკავებულების შეწყალების საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ შეწყალების წინააღმდეგი არაა, თუკი დაკავებულები „სინანულს გამოხატავენ". ხელისუფლების ოპონენტებს შორის კიდ დისკუსია მიდის იმაზე, თუ რამდენად მისაღებია პატიმრობაშ მყოფმა აქტივისტებმა შეწყალება ითხოვონ და ეს „ოცნების" წისქვილზე ხომ არ დაასხამს წყალს.

თავად აქტივისტებშიც ამაზე არაერთგვაროვანია მოსაზრებებია - უნდა ითხოვოს თუ არა დაპატიმრებულებმა შეწყალება და იქნება თუ არა საერთო საქმის ღალატი. დაპატიმრებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ კონკრეტულმა პატიმარმა თავად უნდა გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს და მათთვის გარედან კარნახი გაუმართლებელია, რადგან გარეთ „არავინ დგას იმგვარ მორალურ პედესტალზე", რომ პატიმრობაში მყოფს რაიმე უკარნახოს. ამასთან, მიაჩნიათ, რომ „ოცნება" ამნისტიაზე განცხადებებით საზოგადოებას და მათ შრის თავის მხარდამჭერებსაც ამზადებს, რომ შესაძლოა ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯის გადადგმა მოუწიოს.

კონსტიტუციის მიხედვით, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და „ოცნებაშიც" ამას მიუთითებენ. თუმცა, თავად მიხეილ ყაველაშვილი რას აპირებს, ჯერჯერობით უცნობია. პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი კი აცხადებს, რომ „ყველა შეწყალებული იქნება, ვისაც კანონით ეკუთვნის".

„ჩემ მეუღლეს კითხეთ, არ ვიცი. არასდროს არ ვერევი მე ჩემი ქმრის საქმეებში. მე მთელი ცხოვრება ჰუმანურ მისიებს ვემსახურები. გასაგებია, რომ ახალგაზრდები შეწყალებას ითხოვენ და ვისაც კანონით ეკუთვნის შეწყალება, ყველა შეწყალებული იქნება", - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

მანამდე, ახალი პატრიარქის აღსაყდრების დღეს, 12 მაისს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შეწყალების საკითხს ხელისუფლებასთან კვლავ დააყენებენ.

„კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან, გიდასტურებთ, ასე იქნება. ახლა ძალიან რთულია გეგმებზე ლაპარაკი, როდის რა იქნება. ჩვენ ახლა ბევრი რამე გვაქვს მოსაწესრიგებელი. გეუბნებით, რომ ეს იქნება", - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

რას აცხადებენ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში

პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, პატიმრების მხრიდან სინანული მნიშვნელოვანია, რადგან სინანული პრევენციულ ეფექტს შეუწყობს ხელს.

  • ირაკლი კობახიძე: „ვიდრე არ დავინახავთ აღიარებას, სინანულსა და მონანიებას, მანამდე ჩვენი მხრიდან განსხვავებული დამოკიდებულება ვერ იქნება."

„სასამართლო მოქმედებს მკაცრად სამართლებრივი სტანდარტებით. შეწყალება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და შესაძლოა პრეზიდენტმა სხვადასხვა ფაქტორი მიიღოს მხედველობაში. სასამართლო პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვერ იხელმძღვანელებს. მონანიება და დანაშაულის აღიარება არის მთავარი. ვიდრე არ დავინახავთ აღიარებას, სინანულსა და მონანიებას, მანამდე ჩვენი მხრიდან განსხვავებული დამოკიდებულება ვერ იქნება...

„ვინმეს ბოდიში არ გვჭირდება. სინანული მნიშვნელოვანია პრევენციისთვის, როდესაც ადამიანი ჩვენ და სხვებსაც დაანახებს, რომ ისინი ჩადენილ დანაშაულს ნანობენ, ამას პრევენციული ეფექტი ექნება. ჩვენი ამოცანაა, რომ აღარავის გაუჩნდეს ცდუნება, რომ ძალადობრივად სცადოს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა, ამისთვის არის მნიშვნელოვანი სასჯელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პატრიმრობაში მყოფი „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია კი ხელისუფლების განცხადებებს „სინანულის დანახვის" შემთხვევაში შეწყალების შესახებ იგავით პასუხობს:

„ერთხელ ერთმა ტირანმა დაატყვევა თავისუფალი უდანაშაულო ადამიანი და ჩაიფიქრა, რომ ვაწამებ და რაღაცას ვათქმევინებო.

  • ელენე ხოშტარია: „ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და ტირანს სახეში შეაფურთხა... ეს არის ჩემი პასუხი „ოცნების" უმსგავსო ლაპარაკზე „მონანიების" შესახებ."

„ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა.

„ეს არის ჩემი პასუხი „ოცნების" უმსგავსო ლაპარაკზე „მონანიების" შესახებ.

„ის მართლა ტირანი მაინც იყო..."

დაკავებულების ადვოკატები

ადვოკატი ბორის ჩელე ყურუა „ტვ პირველთან" ამბობს, რომ „ოცნება" მონანიებაზე ლაპარაკით მოლოდინებს ქმნის, რომ უკან დახევა მოუწევს:

„ამ ტიპის ფორმულირება ტყუილია. ამას ადასტურებს ისიც, რომ პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა - რაიმე საბუთი გვაჩვენონ, რითაც ამ ადამიანებმა აღიარეს, ან მოინანიეს...

„უბრალოდ, ქმნიან მოლოდინებს, რადგან ხვდებიან, რომ შეიძლება გარკვეულ დროს შემდეგ უკან დახევა მოუწიოთ და ამისთვის საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ამზადებენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, პროტესტში ჩართული ადამიანებისგან როგორი უნდა იყოს მიდგომა, უნდა იყოს თუ არა მკაფიოდ ნათქვამი პატიმრობაში მყოფი ადამიანებისადმი, რომ მათ ნებისმიერი ფორმა შეიძლება გამოიყენონ იმისთვის, რომ საპატიმრო დატოვონ და ეს პრობლემური არაა, ადვოკატმა უპასუხა:

„პატიმარი ისე უნდა იქცეოდეს, როგორც თავად გადაწყვეტს, არავინ არ დგას აქ იმგვარ მორალურ პედესტალზე, რომ პატიმრებს ქცევის კოდექსი განუსაზღვროს...

„გელა ხასიასთან საპროცესო შეთანხმება რომ დაიდო, ეს შესაძლებელი გახადა ომარის მუშაობამ პროცესზე და მათ შორის დაზარალებულის დაკითხვის ეპიზოდმა. სამწუხაროდ, სხვა პრალდებულებთან მიმართებით ამგვარის განხორციელება ვერ მოხდა, ყველა შემთვევაში და არ იყო ეს შესაძლებელი. ამის რაღაც თანამშრომლობად მონათვლა (არასწორია)...

„წინააღმდეგობა ციხეში შეუძლებელია, წინააღმდეგობის ტვირთის მათზე გადატანა არასწორია და საკუთარი უსუსურობის აღიარება", - განაცხადა ყურუამ.

  • ბორის ჩელე ყურუა: „პატიმარი ისე უნდა იქცეოდეს, როგორც თავად გადაწყვეტს, არავინ არ დგას აქ იმგვარ მორალურ პედესტალზე, რომ პატიმრებს ქცევის კოდექსი განუსაზღვროს...".

„კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრ გელა ხასიას პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. მან ბრალი აღიარა. ხასაია ციხეში 1 წელს გაატარებს, ხოლო 3 წელი პირობითი მსაჯვრის ქვეშ იქნება.

ხასაიას ადვოკატი, ომარ ფურცელაძე „ტვ პირველთან" საუბრობს, თუ რამდენად კავშირშია მონანიება შეწყალებასთან. მისი თქმით, არის პრეცედენტები, როდესაც აქციებზე დაკავებულმა აღიარა დანაშაული, მოინანია, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მაგრამ ამჟამად მაინც პატიმრობაშია.

„წმინდა წყლის ტყუილია, რომ მონანიება და შეწყალებასთან დაკავშირებით თხოვნა არ არსებობს, ან აღიარება დანაშაულის. მსგავსი პრეცედენტი გვაქვს - 23 წლის დანიელ მუმლაძის საქმე, 3 წლის არასრულწოლოვანის მამა, ოჯახის ერთადერთი შემომტანი, აქციების კონტექტში 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს, ის გამოძიებაში აღიარებით გამოცხადდა, რომ კამერები ნამდვილად დააზიანა, ითხოვა შეღავათები, გამოძიებასთან სრულიად ითანამშრომლა. ამ დროის განმავლობაში ჩვენ სასამართლოსაც ვთხოვეთ გამოეყენებინა შეღავათი, რაზეც უარი განაცხადა...

„ვითხოვდით ზიანის ანაზღაურებისთვის მოეცათ ანგარიშის ნომერი, რომ დაზიანებული ინვენტარის თანხა გადაგვერიცხა, რაც ვერ მივიღეთ. ვთხოვეთ სასამართლოს და მოვინანიეთ და ამის შემდეგ 2025 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული ოჯახი თითქმის თვეში ერთხელ მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს და დანიელ მუმლაძის შეწყალებას ითხოვს, რომელსაც დღეის მდგომარეობით 3 წელი აქვს მისჯილი. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ბუნებრივია დამოუკიდებლად არ იგზავნება წერილობით, მაგრამ ის ფაქტი, რომ შეწყალებებში დანიელი არაა, ეს უარია, რომელსაც ოჯახი ამ დროის განმავლობაში იღებს.

„გელა ხასაიას ბრალად წარუდგინეს ადამიანის ცემა და ხელის მოტეხვა მეორე ბრალდებულთან ერთად. მეორე ბრალდებული დანაშაულს აღიარებდა და მათ შორის გელაზე ხელის დადებას აპირებდა იმიტომ, რომ თვითონ შეღავათები მიეღო და საპატიმრო დაეტოვებინა. ამავე საქმეში პოტენციური მოწმე ამავე ადამიანის ოჯახის წევრი იყო, რომელიც, ბუნებრივია, ამ ადამიანის საწინააღმდეგოდ არაფერს იტყოდა. ჩვენ ხელფეხშეკრულები ვიყავით, რადგან ჩვენს წინააღმდეგ ორი ცრუ მოწმე იყო, რომელიც ყველაფრის ფასად საპატიმროს დატოვებას აპირებდა. ამ რეალობაში მათ შორის ხელფეხშეკრული იყო მოსამართლე, რომელმაც გამამართლებელი გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ დაზარებული დავკითხეთ, არათუ დავკითხეთ, სასამართლო სხდომის დარბაზში გავანადგურეთ - ამ ადამიანს ფაქტობრივად ვაღიარებინეთ, რომ ტყუილს ამბობდა და ცრუ ჩვენებას აძლევდა გელას წინააღმდეგ და მათ შორის ვაღარებინეთ, რომ საქმის მასალებში იყო გაყალებებული დოკუმენტი... იმიტომ, რომ ეს ნაკლოვანებები გამოვკვეთეთ სასამართლოზე, ისინი იძულებული გახდნენ, მეორე ბრალდებულის, ვასილ ქერდიყოშვილის გარდა, ჩვენთვისაც საპროცესო შემოეთავაზებინათ",- განაცხადა ფურცელაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×