
ვიცე-პრემიერი და სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება უსაფრთხოების მიმართულებით ახალ ნაბიჯებს დგამს - შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგზე და სამართლებრივ რეაგირებაზე იმუშავებს.რასაც ოპონენტების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
"ოცნებაში" ინიციატივას იწონებენ, დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ "ყველას მოუწევს, პატივისცემა გამოხატოს განსხვავებული აზრის მიმართ - ადამიანები იქცევიან აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ, არავის აქვს უფლება, სხვას მიაყენოს შეურაცხყოფა და სიძულვილი, შუღლი გააჩაღოს".
ოპოზიციაში იდეას მწვავედ აკრიტიკებენ, ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ "მამუკა მდინარაძე სუს-დან გამოუშვეს, ამის შემდეგ გაუგებარი ბიუროკრატია შექმნეს, მაღალი ხელფასი დაუნიშნეს და ეს ხელფასი ხომ უნდა გაამართლოს? უსაქმურად ვერ იქნება - ამიტომ გამოიგონეს მორიგი იდიოტიზმი".
ამასთან, მდინარაძემ 26 მაისთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს „გაცილებით სერიოზული გამოწვევის" თავიდან აცილება უკვე 4 ოქტომბერს მოუხდათ. მისი თქმით, არსებული ინფორმაციით, მიმდინარე თვეში მსგავსი სცენარის განხორციელებას ოპოზიციური ჯგუფები ვერ შეძლებენ, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტები სრულ მზადყოფნაში არიან.
ახალი სპეციალური სამმართველო
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნება" ქვეყანას ავტორიტარულ ბადეში აქცევს.
"ქართული ოცნება" იმ კურსს აგრძელებს, რასაც ჰქვია ქვეყნის ავტორიტარულ ბადეში მოქცევა და რეჟიმის გაძლიერება. რამდენადაც ვუსმინე, თურმე შსს-მ უნდა შეაფასოს რამდენადაა შეურაცხმყოფელი ფრაზა და გადაწყვეტილება თურმე სასამართლომ უნდა მიიღოს, არც ერთი და არც მეორე უწყება ნდობას არ იმსახურებს, არც არასდროს დაუმსახურებია და არც ახლა იმსახურებს.
- ვახტანგ ძაბირაძე: "არანაირი გარანტია არაა, არავინ არ იცის ვინ რას ჩათვლის. შსს ხელისუფლებას ექვემდებარება და როგორც და რაც მოუნდებათ იმას გააკეთებენ. ესაა რეპრესიული ინსტიტუტის გაძლიერებისკენ მიმართული ნაბიჯი"
"მთელი ეს ორომტრიალი მიმართულია იქითკენ, რომ გააკონტროლონ, როგორც მედია, ისე სოციალური სივრცე და ფიქრობენ, რომ ამით მიაღწევენ იმას, რომ ოპოზიციური მედია უფრო შემგუებლური გახდება",- განაცხადა მან.
როგორც ძაბირაძე გვეუბნება, არაა იმის არანაირი გარანტია, რომ განსხვავებული აზრი არ ჩაითვლება სიძულვილის, მტრობის და შეურაცხყოფის წახალისებად.
"ამის არანაირი გარანტია არაა, არავინ არ იცის ვინ რას ჩათვლის. თურმე ახალმა განაყოფმა უნდა შეაფასოს შეურაცხმყოფელია თუ არა ესა თუ ის ფრაზა. შსს ხელისუფლებას ექვემდებარება და როგორც და რაც მოუნდებათ იმას გააკეთებენ. ესაა რეპრესიული ინსტიტუტის გაძლიერებისკენ მიმართული ნაბიჯი",- განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახალი სამმართველო იმ შემთხვევებს მიხედავს, რაც გასცდება განსხვავებული აზრის გამოხატვის ჩარჩოებს.
"ამ სამმართველოს შექმნა იმ საჭიროებამ გამოიწვია, რომ გამოხატვის თავისუფლების ფორმები და შინაარსი ზოგჯერ საკანონმდებლო გაუგებრობების მსხვერპლი ხდება, რომ ეს ეს მიჩნეულია ანტისახელმწიფოებრივ განცხადებად, მერე ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ხოლმე კანონის თანახმად. როგორც ჩანს, ასეთი შემთხვევები მოხშირდა და შიდა და საერთაშორისო დონეზე კრიტიკის ობიექტი გახდა, ვფიქრობ, სამმართველო ამ პრობლემას მიხედავს",- განაცხადა მან.
კითხვაზე, რამდენად არის რისკი, რომ განსხვავებული აზრი მიჩნეულ იქნას სიძულვილის, მტრობისა და შეურაცხყოფის წახალისებად, ანჯაფარიძემ გვითხრა:
"სიძულვილის ენას კონკრეტული დეფინიცია აქვს, საკანონმდებლო და მარეგულირებელ აქტებშია გაწერილი, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს სიძულვილის ენის გამოვლინებად. განსხვავებული აზრი კი ისაა, რომელიც განსხვავდება ხელისუფლების ოფიციალური ხაზისგან, მაგრამ გააჩნია ეს რა ფორმით გამოითქმის.
"თუ ეს განსხვავებული აზრის გამოხატვაა, და იქვე იმას ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მოწოდება მოჰყვება, ან კონკრეტული პირის მიმართ ცილისწამება, რომელიც მას პოლიტიკური საქმიანობისა და რეპუტაციულ ზიანს აყენებს, აქ უკვე საქმეში კანონი ერთვება და განცხადებების ავტორს პასუხისმგებლობა მოუწევს მის მიერ ასეთი ფორმით გამოხატულ მოსაზრებაზე. თორემ განსხვავებული აზრის გამოხატვა ნებისმიერს შეუძლია, ხელისუფლების პოლიტიკას არ დაეთანხმოს, არ დაეთანხმოს სხვადასხვა საკითხებში და ამაზე არ მგონია ვინმე რამე სასჯელს იმსახურებდეს",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
26 მაისია აქცია
ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ 26 მაისს, 4 ოქტომბრის სცენარის განმეორება გამორიცხული ისედაც იყო.
"ამ შემთხვევაში 4 ოქტომბრის განმეორება ნამდვილად გამორიცხული იყო. ეს ვინმეს თავში რომც მოსვლოდა, მაინც არ გამოვიდოდა, რადგან ამ დღიდან ცოტა დროა გასული. ოპოზიციამ შეფასება არ მისცა რა გაკეთდა 4 ოქტომბერს. როგორც ჩანს, დიდი ალბათობით, ბურჭულაძეს გაათავისუფლებენ, დანარჩენებს ციხეში დატოვებენ.
"ჯერ უნდა გავიგოთ რა ხდებოდა და რის საფუძველზე კეთდებოდა ის განცხადებები, რაც ბურჭულაძის, თუ სხვების მხრიდან გაისმა და ეს პირველ რიგში ოპოზიციას უნდა აინტერესებდეს. ოპოზიციამ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს უნდა მოსთხოვოს პასუხი რის საფუძველზე იღებდა ასეთ გადაწყვეტილებას, თუნდაც პრეზიდენტის სასახლისკენ წასულიყვნენ, თუ საით. ახლა, 26-ში, ეს რა თქმა უნდა გამორიცხულია",- განაცხადა ძაბირაძემ.
ზაალ ანჯაფარიძე კი ამბობს, რომ 4 ოქტომბრის სცენარის განმეორება ოპოზიციისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა.
"ვფიქრობ, 4 ოქტომბრის სცენარის განმეორება ოპოზიციისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. თავად 4 ოქტომბრის აქციით ძალიან მძიმე პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი მიაყენეს თავს და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მხარდამჭერიც დაკარგეს, ახლა რომ იგივე გაემეორებინათ, თუნდაც ოპოზიციურ ამომრჩეველში დადებით დამოკიდებულებას არ გამოიწვევდა.
- ზაალ ანჯაფარიძე: "თუ ეს განსხვავებული აზრის გამოხატვაა, და იქვე იმას ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მოწოდება მოჰყვება, ან კონკრეტული პირის მიმართ ცილისწამება, რომელიც მას პოლიტიკური საქმიანობისა და რეპუტაციულ ზიანს აყენებს, აქ უკვე საქმეში კანონი ერთვება"
"ამის გარდა, ეს ოპოზიციას საგარეო მასშტაბითაც მიაყენებდა ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ და რეპუტაციულ ზიანს, რადგან დასავლეთი ამ ოპოზიციურ ალიანსს თავის ერთადერთ მთავარ დასაყრდენად მიიჩნევს. იმიტომაც შეკრიბეს ერთი ქოლგის ქვეშ, ალიანსის წარმომადგენლები აღიარებენ კიდეც - ეს დასავლელი პარტნიორების დირექტივებით, თუ რეკომენდაციებით მოხდაო და როდესაც რადიკალურ სცენარისკენ მიდიან, რომელიც ხელისუფლების დამხობას და კონსტიტუციურ გადატრიალებას ისახავს მიზნად. ეს რა თქმა უნდა, თვითონ დასავლეთს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს მხარდაჭერის კუთხით",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
რას ამბობს მდინარაძე
მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ 26 მაისს 4 ოქტომბრის მსგავსი მოვლენები ვერ დაიგეგმება.
„4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა საქმე, მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს, რომ დიდი უბედურება აგვეცილებინა თავიდან. ჩვენ მაშინ შევძელით, რომ იმავე დღეს დაგვესრულებინა ყველაფერი, როგორც მოსალოდნელი ამბოხის მოთავეები და გადატრიალების მოთავეები ყოფილიყვნენ დაკავებულები, ასევე აბსოლუტურად ყველა, ვინც კი ქმედითად იღებდა მონაწილეობას, ან შესაძლოა მიეღო, ყველა იყო განეიტრალებული წინასწარ.
"ეს იყო დიდი უწყებების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიება და ამან პოზიტიური შედეგი გამოიღო, ყველაფერი დამთავრდა მშვიდად და წყნარად. მსგავსი 26 მაისს ვერ დაიგეგმება",- განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება ახალი სამმართველოს საკითხს, მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება და ამავდროულად მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობისა და შეურაცხყოფის წახალისება. მისი თქმით, დებატების სივრცის გახსნა იყო პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დღეიდან კი მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება აღნიშნული მიმართულებით.
„მსგავსი პრაქტიკა მოქმედებს არაერთ ქვეყანაში, მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ., სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები აქტიურად იცავენ საზოგადოებრივ სივრცეს სიძულვილის ენისა და აგრესიული კამპანიებისგან. იმისთვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი არ არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა.
- მამუკა მდინარაძე: "სამართალდამცავი სისტემა უზრუნველყოფს ისეთი სტანდარტებისა და წესების დამკვიდრებას, რომლებიც გააძლიერებს საზოგადოებრივ სტაბილურობას, ურთიერთპატივისცემას და პასუხისმგებლობიან საჯარო კომუნიკაციას"
"დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველი სწორედ თავისუფალი დისკუსია და აზრთა მრავალფეროვნებაა, თუმცა ამავდროულად, ეს, თავის მხრივ, არ უნდა გახდეს ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი და საზოგადოებრივი დაპირისპირების წამახალისებელი კომუნიკაციის გამართლების საფუძველი. დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელია აზრთა სხვადასხვაობა და კრიტიკული დისკუსია, პარალელურად არსებობს მინიმალური სტანდარტები, რომლებზეც საზოგადოება უნდა თანხმდებოდეს, მათ შორის, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და იმ ტიპის კომუნიკაციის მიუღებლობა, რომელიც მტრობას, შუღლს, საზოგადოებრივ დაძაბულობას და უკიდურეს პოლარიზაციას აღვივებს.
"მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით უკვე გვაქვს პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, თუმცა, მხოლოდ კანონმდებლობა საკმარისი არ არის და მის ეფექტურ და თანმიმდევრულ აღსრულებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, მიმდინარე გამოწვევების კვალდაკვალ, ვაძლიერებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს - ახალი სამმართველო უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს და კანონით გათვალისწინებული მექანიზმების ეფექტიან გამოყენებას.
"სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან. შესაბამისად, საქართველოს სამართალდამცავი სისტემა უზრუნველყოფს ისეთი სტანდარტებისა და წესების დამკვიდრებას, რომლებიც გააძლიერებს საზოგადოებრივ სტაბილურობას, ურთიერთპატივისცემას და პასუხისმგებლობიან საჯარო კომუნიკაციას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.