დიზელის საწვავის მკვეთრი გაძვირების გამო, ფერმერებს მოსავლის აღება შესაძლოა, გაუჭირდეთ
ქეთო გოგოხია
18.05.2026

ხორბლის მოსავლის აღების დრო მოახლოვდა. სულ რამდენიმე კვირაში ალოობა იწყება, მაგრამ ფერმერები, ფაქტობრივად, მოუმზადებლები არიან. ამის მიზეზი გაზრდილი ხარჯია, რასთან გამკლავება დამოუკიდებლად უჭირთ. სავარაუდოდ, მოსავლიანობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შენარჩუნდება, თუმცა ხარისხი წელსაც პრობლემა იქნება. კლიმატური პირობების გამო, სტრატეგიული პროდუქტის ხარისხიც და ფასიც, შეიძლება, კითხვნის ნიშნის ქვეშ დადგეს. 

ეს არ არის მხოლოდ წლევანდელი პრობლემა. ზედიზედ რამდენიმე წელია, ქართული ხორბლის ხარისხი სტანდარტს ვერ პასუხობს და სახელმწიფოს მუდმივად უწევს ფასის ხელოვნურად შენარჩუნება, რამაც თავის დროზე იმპორტულ ფქვილზე მოსაკრებლის დაწესება განაპირობა.

როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ განაცხადა, წელს ხორბლის რაოდენობა, სავარაუდოდ, შარშანდელგაუთანაბრდება, მაგრამ ფერმერებისთვის დამატებითი წნეხი მოსავლის აღებასთან დაკავშირებული ხარჯის ზრდაა. ძირითადად ეს ეხება დიზელის საწვავის გაძვირებას, რაც მწარმოებლებისთვის სერიოზული პრობლემაა.

,,ხორბლის მოყვანის ხარჯი თითქმის გაორმაგებულია, უცვლელია მხოლოდ ფასი, ერთ დონეზეა გაჩერებული. შეიძლება, ითქვას, რომ იგი დამატებითი წნეხია, რაც ხალხს მოტივაციას უკარგავს. მოსავლის აღების ხარჯმა მოიმატა, მოგებაზე საუბარიც არ არის, ფასი თვითღირებულებასაც ვერ უტოლდება. სამწუხაროდ, ფერმერებს არ აქვთ საშუალება, შედარებით მაღალ ფასად გაყიდონ მოსავალი, ეს მათზე დამოკიდებული არ არის. წლიდან წლამდე ამ პრობლემას ვაწყდებით. არც მოსავალია მაინცდამაინც სახარბიელო. მართალია, კლება არ გვაქვს, მაგრამ ზრდაც მოსალოდნელი არ არის. ამ მხრივ ამინდმა ვერ გაამართლა. დიზელის გაძვირების გამო მოიმატა კომბაინის მომსახურებისა და ტრანსპორტირების ხარჯმაც. არც იმის გარანტიაა, რომ ფერმერი მოყვანილი მოსავლის რეალიზაციას შეძლებს. 

ახლა გლობალურ ბაზრებსაც ვაკვირდებით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფაქტორი, ვინაიდან სწორედ იგი აიაფებს მარცვლეულს, სანქციების გამო ექსპორტი შეზღუდული აქვთ და ხორბლის ფასიც შესაბამისად დაბალია. აქედან გამომდინარე, ფასის ზრდა ვერ ხერხდება. შარშან 1 კილოგრამი, საშუალოდ, 70 თეთრის ფარგლებში გაიყიდა, წელს 60 თეთრს ძლივს  აღწევს. პოზიტიურ ცვლილებებს არ ველით, რისკია, კიდევ უფრო არ გაიაფდეს. ალბათ გარკვეული  ზომების გატარება გახდება საჭირო, რასაც სახელმწიფო, ბოლო წლებია, აკეთებს" , - აღნიშნა ბენიაიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

მაისის ბოლოს კომბაინის მომსახურების და ტრანსპორტირების დაზუსტებული ფასები გამოიკვეთება. თუკი დიზელი არ გაიაფდება და არსებულ ნიშნულზე დარჩება, გლეხებს ძალიან გაუჭირდებათ. 

ხარისხთან დაკავშირებით თავად ფერმერებიც საუბრობენ, რომ პრობლემა არ აქვს მას, ვისაც აგროსტანდარტის დაცვით მოყავს მოსავალი, ხარისხიც უკეთესია, თუმცა ასეთი ძალიან ცოტაა.

სიღნაღელი ფერმერის ვანო ქადაგიშვილის თქმით, კარგი ხარისხით ჯერჯერობით ქერი გამოირჩევა, ხორბლის მიმართულებაში კი ცოტათი განსხვავებული მდგომარეობაა. 

,,ქერთან დაკავშირებით, უმეტეს  შემთხვევაში, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. ხარისხი სტანდარტს მეტ-ნაკლებად პასუხობს. ხორბალი ხარისხით ჩამორჩება, მასზე ამინდის გავლენა განსაკუთრებით აისახა. რაც არ უნდა შრომა გასწიო, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განსხვავებული მდგომარეობაა. ამიტომ ვერ გეტყვით, რამდენი იქნება მოსავალი, ვარაუდი ჯერ ნაადრევია. 

მუდმივად ერთი და იგივე სიტუაციაა, გვიჭირს მოსავლიანობის გაზრდა. არასაკმარისი მარაგია და ქართული ხორბალი ორ-სამ თვეზე მეტხანს არ გვყოფნის, რაც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების დიდი პრობლემაა. ფაქტობრივად, ყველა სეზონის წინ ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ დახმარება გაგვიწიონ, გათანაბრდეს მარცვლეულზე ფასი და ფერმერებმა თვითღირებულებაში ავსახოთ. ჩვენ ვაწარმოებთ პროდუქციას, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას მოითხოვს. მთავარია, სამართლიანი ფასი იყო, მერე თვითონ მივხედავთ თავს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს ქადაგიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფასი 1 კილოგრამის 60 თეთრის ფარგლებში მერყეობს. სულ მცირე, 70-75 თეთრი მაინც უნდა ღირდეს, მაგრამ თვითღირებულებას ვერც ეს პასუხობს.

,,ჰექტარზე 2 ტონა ხორბალი დღეს ნორმალურ მოსავლიანობად მიიჩნევა, მაგრამ წლების წინ, საბჭოთა პერიოდში, ეს მაჩვენებელი 4 ტონას შეადგენდა. ეს იყო ნორმა. ცალკეც ამინდის, ცალკეც მოუვლელობის გამო, მაღალ ხარისხს ვერ ვიღებთ. ამიტომ ხორბალიც არ იყიდება იმ ფასად, რომ ხარჯი დაფაროს და მოგებაც დარჩეს", - დასძინა ფერმერმა.

2026 წელს მარცვლეულის გლობალური ბაზარი შედარებით სტაბილური ფასებით გამოირჩევა. უცხოელი ექსპერტების შეფასებით, ხორბლის მთელი წარმოება დაახლოებით 837 მილიონ ტონას აღწევს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე მეტია. გლობალური ფასი შარშან 6%-ით შემცირდა. 

რაც შეეხება საქართველოს, 2025 წელს საქართველოში ხორბლის მოსავალმა დაახლოებით 200 ათასი ტონა შეადგინა. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 180 ტონა იყო.  სტრატეგიული პროდუქტის წარმოება ქვეყნისთვის მაინც პრობლემად რჩება და ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×