თამთა ჩაჩანიძე
18.05.2026

„ლელო - ძლიერი საქართველო" გამოდის ინიციატივით, გამოცხადდეს სამართლიანი და ფართომასშტაბიანი ამნისტია, რომელიც პარტიის აზრით. უნდა გახდეს საზოგადოების შერიგების, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და ჰუმანური სახელმწიფოსკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

მმართველი პარტიიდან ფართომასშტაბიან ამნისტიაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა აქციებზე დაკავებულების შეწყალების საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრების შემდეგ. მათ შორის სასულიერო პირებიც აცხადებდნენ, რომ ამ საკითხს ხელისუფლებასთან კვლავ დააყენებდნენ. ხელისუფლება კი ამბობდა, რომ ამნისტია პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა, "სინანულის გამოხატვისკენ მიანიშნებდა".

ანალიტიკოსები თანხმდებიან იმაზე და არ გამორიცხავენ, რომ იმ მასშტაბის ამნისტია გამოცხადდეს, რა ინიციატივაც ლელოს, აქვს თუმცა, ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლების პირობის შესრულების შემდეგ, შესაძლოა ცალკეული პირები გამოუშვან, ან სასჯელი შეუმსუბუქდეს. თუმცაღა ნაწილი ექსპერტებისა, ამბობს, რომ ე.წ. სინანულის გამოხატვის კამპანიაში შეიძლება გარკვეული მიზანი ჰქონდეს მმართველ პარტიას.

იქნება თუ არა ფართომასთაბიანი ამნისტია

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამნისტია პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და თუ ცალკეულ პირებს სინანულის გრძნობა აქვთ და პრეზიდენტს მიმართავენ, ზოგი შეიძლება შეიწყალონ, ზოგს სასჯელის ვადა შეუმცირდეს.

  • გია აბაშიძე: "თუ ცალკეულ პირებს სინანულის გრძნობა აქვთ და პრეზიდენტს მიმართავენ, ზოგიერთი შეიძლება შეწყალებული იყოს, ზოგიერთს კი, საპატიმრო ვადა შეუმცირდეს. ეს რა თქმა უნდა, ექსკლუზიურად პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის გადასაწყვეტია"

"ურეიტინგო პარტია "ლელოს" ე..წ. სიაში იქნებიან ე.წ. პოლიტპატიმრები, თუ რეჟიმის ვითომ ტყვეები, თუმცა, რადგან ამის დისკრეციული უფლება აქვს პრეზიდენტს, ის ზოგიერთის საქმეს გაითვალისწინებს, ან არ გაითვალისწინებს. ოფიციალური პირებისგან არაერთხელ ითქვა, რომ თუ მსჯავრდებულებს სინანული არ აქვთ, ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებენ და მით უმეტეს ეს ხელისუფლება არალეგიტიმურად მიაჩნიათ, როგორ უნდა მოხდეს მათი შეწყალება?

"ეს ძალიან პრინციპული საკითხია და ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ე.წ. პოლიტიკური პატიმარი უნდა დაფიქრდეს, ცხოვრება გრძელდება და მით უმეტეს თავისუფლებაზე მათ ექნებათ შესაძლებლობა საქმიანობა გააგრძელონ. ვინ შეიძლება შეიწყალონ, ან არ შეიწყალონ, ამაზე დაზუსტებულ ვერავინ იტყვის გარდა თავად პრეზიდენტ ყაველაშვილისა.

"თუ ცალკეულ პირებს სინანულის გრძნობა აქვთ და პრეზიდენტს მიმართავენ, ზოგიერთი შეიძლება შეწყალებული იყოს, ზოგიერთს კი, საპატიმრო ვადა შეუმცირდეს. ეს რა თქმა უნდა, ექსკლუზიურად პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის გადასაწყვეტია და ამიტომ აქ მხოლოდ ვარაუდები არსებობს და არა დაზუსტებული ინფორმაცია",- განაცხადა გია აბაშიძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ დღეს ამნისტიაზე "ქართული ოცნება" არ წავა, რადგან მმართველი პარტია ფიქრობს, რომ საზოგადოებაში ეს უკანდახევად ჩაითვლება. ე.წ. სინანულის გამოხატვის კამპანია კი ანალიტიკოსის თქმით, შეიძლება ეს მახეც იყოს პატიმრებისთვის.

"ფართომასშტაბიან ამნისტიაში შეიძლება ჩაითვალოს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, თუმცა, არ მგონია ამაზე "ქართული ოცნება" წავიდეს. საერთოდ არავისზე არ მიიჩნევენ, რომ ვინმე უნდა გათავისუფლდეს. ფიქრობენ, ერთიც რომ გაათავისუფლონ, საზოგადოება ჩათვლის, რომ "ქართულმა ოცნებამ" უკან დაიხია და ამიტომაც არ მიდიან დათმობაზე,. სანამ სანქციები არ ამოქმედდება და სანამ გაუვათ, არავის აზრს არ გაითვალისიწინებენ.

  • ნიკა ჩიტაძე: "მონანიებაზე საუბარი ნიშნავს, რომ აღიარონ დანაშაული, მერე თქვან, რომ აი აღიარეს და ჩვენ ვიყავით მართლებიო, ვფიქრობ ეს შეიძლება მახე იყოს და მერე შეიძლება უფრო რთული პროცესები დაიწყოს"

"არც ის მგონია, რომ აქციებზე დაკავებულები გაათავისუფლონ. არც სააკაშვილის გათავისუფლებაზეა საუბარი, ამის წინაპირობა უნდა არსებობდეს, ზეწოლა უნდა იყოს და დღეს ამის წინაპირობა არაა. მონანიებაზე საუბარი ნიშნავს, რომ აღიარონ დანაშაული, მერე თქვან, რომ აი აღიარეს და ჩვენ ვიყავით მართლებიო, ვფიქრობ ეს შეიძლება მახე იყოს და მერე შეიძლება უფრო რთული პროცესები დაიწყოს",- განაცხადა ჩიტაძემ. 

"ლელოს" ინიციატივა

„ძლიერი საქართველო-ლელოს" წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა, ფართომასშტაბიანი და სამართლიანი ამნისტია უნდა გახდეს საზოგადოების შერიგების, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და ჰუმანური სახელმწიფოსკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

"დღეს ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება, რასაც კიდევ უფრო აღრმავებს უკიდურესად პოლარიზებული გარემო. ეს ვითარება ხელს უშლის სახელმწიფოს ნორმალურ განვითარებას, ინსტიტუტების გაჯანსაღებას და საზოგადოებრივი ერთიანობის აღდგენას. ამავე დროს, საქართველოში კრიტიკულად მაღალია როგორც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმართა რაოდენობა, ისე არასაპატიმრო სასჯელების მაჩვენებელი.

"საქსტატის 2025 წლის მონაცემებით, მსჯავრდადებულთა რაოდენობა შეადგენს 22 767 ადამიანს, ხოლო პატიმართა რაოდენობა - 11 153 ადამიანს. კრიტიკულად აუცილებელია პენიტენციური სისტემის სასწრაფო და ფუნდამენტური რეფორმა. სისტემა პრაქტიკულად მოშლილია. მძიმე მდგომარეობაშია პატიმართა უფლებები, კვების პირობები, ყოველდღიური ყოფა და უსაფრთხოების გარემო.

"ციხეებში კვლავ გაიზარდა „ქურდული სამყაროს" გავლენა. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები - ციხის ხელმძღვანელის თვითმკვლელობა და პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსნების დაკავებები პირდაპირ მიუთითებს, რომ სისტემა მძიმე კრიზისშია და სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი ფაქტობრივად შესუსტებულია.

"დღეს საქართველოს ციხეები სავსეა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანებით. ყოველდღიურად მიმდინარეობს მოქალაქეების დაკავება დრაკონული და ანტიდემოკრატიული კანონების საფუძველზე - კანონების, რომლებიც ადამიანებს საკუთარი უფლებების დაცვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას უზღუდავს.

"აქციების დროს დაკავებული სინდისის პატიმრები რეალურად პოლიტიკური ნიშნით იხდიან სასჯელს. ეს არ არის სამართალი, ეს არის პოლიტიკური დევნა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ფართომასშტაბიანი და სამართლიანი ამნისტია უნდა გახდეს საზოგადოების შერიგების, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და ჰუმანური სახელმწიფოსკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

"ჩვენი პოზიცია მკაფიოა - სასჯელების მუდმივი გამკაცრება არ არის გამოსავალი. სახელმწიფო პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს დანაშაულის პრევენციაზე, ადამიანის რეაბილიტაციაზე და პატიმრობის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაზე. პოლარიზაციის დასრულების, არსებული უმძიმესი პოლიტიკური ვითარების განმუხტვისა და ქვეყნისთვის ახალი პოლიტიკური სივრცის გახსნის მიზნით, „ძლიერი საქართველო - ლელო" გამოდის ინიციატივით, გამოცხადდეს სამართლიანი და ფართომასშტაბიანი ამნისტია",-განაცხადა ლანა გალდავამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×