
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათგან არაფერი დარჩება. „ირანისთვის საათი წიკწიკებს და სჯობს, სწრაფად იმოქმედონ, თორემ მათგან არაფერი დარჩება. დრო უმნიშვნელოვანესია", - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ირანული მედიის ცნობით, აშშ-მა ვერ შეძლო რაიმე კონკრეტული დათმობის გაკეთება იმ პასუხში, რომელიც ირანს კონფლიქტის დასრულების შესახებ მათ ბოლოდროინდელ წინადადებებზე გაუგზავნეს. საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის" ცნობით, ვაშინგტონის მხრიდან კომპრომისის არარსებობა მოლაპარაკებების ჩიხში შესვლას გამოიწვევს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე ირანზე დარტყმებს არ გამორიცხავს.
„ტრამპი ხშირად იმუქრება, თუმცა, მაინც გამორიცხული არ არის, რომ საომარი მოქმედებები განახლდეს, რადგან რამდენიმე დღის წინ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე სავარაუდო დარტყმების შესაძლებლობა განიხილეს. თუმცაღა, კარგად ვიცით, რომ დონალდ ტრამპი ძალიან ხშირად შანტაჟს იყენებს, რადგან ირანმა მოლაპრაკება დააჩქაროს და დათმობაზე წავიდეს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ბევრი დასავლელი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ტრამპი ცდილობს ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნოს და არა აუცილებლად სრულმასშტაბიანი ომი დაიწყოს. თუმცა, ისინი ამბობენ, რომ ასეთი რიტორიკა ზრდის შეცდომის და ესკალაციის რისკს.
ნაწილი ექსპერტებისა ამბობს, რომ ირანზე ზეწოლამ უკვე მიაღწია სამხედრო და ეკონომიკურ ზღვარს, მაგრამ თეირანის ხელისუფლება ჯერ კიდევ სტაბილურია და „დაშლის პირას" არ დგას, მიუხედავად ტრამპის განცხადებებისა.
უსაფრთხოების ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ თუ ირანი უარს იტყვის დათმობებზე, განსაკუთრებით ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, შესაძლოა გაგრძელდეს წერტილოვანი დარტყმები, კიბერშეტევები და სანქციების გამკაცრება. სრულმასშტაბიანი სახმელეთო ომის შანსს კი ნაკლებად რეალურად მიიჩნევენ.
მეორე მხრივ, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ტრამპის განცხადებები ზოგჯერ უფრო ემოციურია, ვიდრე მკაფიო სტრატეგიის ნაწილი. რამდენიმე გამოცემა პირდაპირ წერს, რომ ვაშინგტონს „გრძელვადიანი გეგმა" ბოლომდე არ უჩანს.