ბაზრის 70-80% იმპორტირებულ სურსათს უჭირავს, ამიტომ გამყარებული ლარი გაძვირებას თავისებურად ანეიტრალებს
ირმა ჩიტაია
18.05.2026

ბოლო 1 თვეა ლარის კურსი გამყარებას ტრენდს ინარჩუნებს. ეროვნული ბანკის მხრიდან ამ მიმართულებით არსებულ პოლიტიკას, სპეციალისტები დადებითად აფასებენ, თუმცა ფიქრობენ, რომ ლარის  შეუმჩნევლად გამყარების პოლიტიკა მსოფლიო ბაზარზე მაღლა დაძრული ფასების სრულად დაბალანსებას მაინც ვერ შეძლებს, რადგან საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა და თუ შავმა ოქრომ გაძვირება გააგრძელა, მას აუცილებლად ჯაჭვური რეაქცია ექნება.

ინფლაციური პროცესის მართვისა და ლარის კურსის გამყარების ბერკეტები ეროვნული ბანკის ხელშია და ის, რომ ეროვნული ბანკი ცდილობს შეინარჩუნოს ლარის სტაბილური და გამყარებისკენ მიმართული კურსი, ეს კარგი ტენდენციაა. ფინანსისტ ლია ელიავას შეფასებით, დიდ დიაპაზონში მერყევი გაცვლითი კურსი აზარალებს არა მარტო მოსახლეობის, არამედ ბიზნესსაც და ხანგრძლივ ვადაში სახელმწიფოსაც. 

,,ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი ცდილობს შეინარჩუნოს ლარი მყარი კურსი, ეს ძალიან კარგი ტენდენციაა, ვინაიდან დიდი დიაპაზონის რყევი აზარალებს არა მარტო მოსახლეობას, არამედ ბიზნესსაც. საბოლოოდ სახელმწიფსაც გაუჩნდება პრობლემები. ამიტომ მყარი და სტაბილური ეროვნული ვალუტა გარანტიაა იმისა, რომ ამ მხრივ ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები არ ექნება. 

რაც შეეხება სამომხმარებლო ბაზარს, სურსათზე ფასების შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი პირობაა მიწოდების ჯაჭვის სტაბილურობა და ამ მხრივ ჯერჯერობით საფრთხე არ გვემუქრება, რადგან ჩვენ ძირთადად დამოკიდებული ვართ მეზობელი ქვეყნების (თურქული და რუსული წარმოების) პროდუქციაზე. მათი სოფლის მეურნეობის პროდუქტი კი შედარებით დაცულია. ამიტომაც ვფიქრობ, ამ მხრივ საქართველოს პრობლემები არ შეექმნება. 

რაც შეეხება ევროპას, იქ მეტი სირთულეებია მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა, მათი სოფლის მეურნეობის პროდუქცია მნიშვნელოვნად გააძვიროს, თუმცა ვიმეორებ, ეს ჩვენს ქვეყანაზე  მნიშვნელოვნად არ შეეხება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ელიავამ. 

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ვალდებულია შეინარჩუნოს სტაბილურობა, დაბალი ინფლაცია, მაგრამ ამის უზრუნველყოფას სისტემატურად ვერ ახერხებს. 

,,საქართველოში უპრობლემოდ შემოდის უცხოური ვალუტა და ესეც არის ერთ-ერთი ძირითადი გარანტი იმისა, გაცვლითი კურსი სტაბილურია. ბოლო პერიოდში მისი ხელოვნური ცვლილება არ მომხდარა გარკვეული სპეკულაციების შედეგად. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის მცდელობა შეინარჩუნოს მყარი ვალუტაძალიან პოზიტიური მომენტია და ვვარაუდობ, რომ ეს კვლავ გაგრძელდება. 

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჩვენთან ბაზრის 80% იმპორტირებული სურსათია და უცხოეთიდან ნაკარნახევ ფასებზე ვართ დამოკიდებული. ამ მიმართულებითაც  ჯერჯერობით საფრთხეს ვერ ვხედავ. რაც შეეხება ქვეყნის შიდა ბაზარზე ფასის ხელოვნურ მატებას, ამას მთავრობა უნდა მოერიოს. მართალია, ეროვნული ბანკი ვალდებულია შეინარჩუნო სტაბილურობა და დაბალი ინფლაცია, მაგრამ სისტემატურად ამას ვერ ახერხებს, რადგან ქვეყანაში წარმოება, ფაქტობრივად, ძალიან მწირია და ისიც დამოკიდებულია შემოტანილი ნედლეულის ფასებზე", - აღნიშნა ლია ელიავამ.

საკითხთან მიმართებაში თითქმის იგივე დამოკიდებულება აქვს ეკონომისტ მიხეილ თოქმაზიშვილს. მისი აზეით, ეროვნულ ბანკს ძალიან დიდი რეზერვები გააჩნია, რაც გარკვეულწილად ქმნის სტაბილურობის განცდას.

,,მართალია, ჩვენ დამოკიდებული ვართ უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქციაზე, რომელიც ბოლო დროს გაძვირდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეროვნულ ბანკს დიდი რეზერვები გააჩნია ინფლაციის მოსათოკად. გარკვეულწილად ეროვნული ვალურის სტაბილურო გაცვლითი კურსი ბაზრის აგენტებში ქმნის სიმშვიდის განცდას და ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ბაზრის სტაბილურობაზე მოქმედებს. აქვე 

უნდა ითქვას ისიც, რომ მცირეოდენი რყევა ლარს ყოველთვის ახასიათებს და მომავალშიც ასე იქნება. გლობალური მოვლენებიც მოქმედებს. მაგალითად, თუ საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდება, ის აუცილებლად შიდა ბაზარზე იმოქმედებს. 

მთავარია, გამყარება იქნება თუ გაუფასურება, მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვან რყევებთან არ იყოს დაკავშირებული, რადგან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება საგარეო ურთიერთობები იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ძირითადად მსოფლიოში პროდუქტების ღირებულებას განსაზღვრავენ. ნავთობზე ფასი თუ მოიმატებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ჯაჭვურად გაეცემა სხვა სამომხმარებლო პროდუქციასაც. თუ ასეთი რამ მოხდა, ბუნებრივია ეს ზემოქმედებას მოახდენს გაცვლით კურსზეც, მაგრამ რამდენად ძლიერი ან სუსტი იქნება ეს გაუფასურება, ამის თქმა ძალიან ძნელია. ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე. შესაძლოა რეზერვები არ აღმოჩნდეს ძალიან ძლიერი ბერკეტები იმისათვის, რომ გამყარდეს ლარი. 

თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არა ვართ თვითკმარი ქვეყანა, რომ ადგილზე წარმოებული პროდუქტებზე ვიყოთ დამოკიდებული," - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" მიხეილ თოქმაზიშვილმა.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის გაცვილითი კურსის ტენდენციას. ბოლო დროს იგი აშკარად გამყარებისკენაა მიმართული. ბოლო 1 თვეში, დოლართან მიმართებით, იგი 2 პუნქტით გამყარდა და ახლა 2.6774-ის ნიშნულზეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×