
თეირანი იმუქრება, რომ თუ აშშ ირანზე თავდასხმებს განაახლებს, მაშინ "ომი ახლო აღმოსავლეთს გასცდება" და "ყველაფერს ფერფლად აქცევს". ჯერჯერობით უცნობია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კონკრეტულად რა ტერიტორიას გულისხმობს, თუმცა განცხადებაში ისეთ ადგილებზე მიუთითებს, "რომელთა წარმოდგენაც ძნელია".
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "ირანს დრო ეწურება", თუმცა მერე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომ საუდის არაბეთმა, კატარმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო თავდასხმის გადადება 2 ან 3 დღით სთხოვეს.
ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ მუქარის შესრულების ვადა ისევ გადაიწევს, ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ მესამე ფაზა მალევე დაიწყოს ტრამპმა.
როდის განაახლებს აშშ მოქმედებებს და სად გავრცელდება ომი
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მხარეებს გადატვირთვა სჭირდებოდათ და ეს დრო რესურსების შევსებისთვის გამოიყენეს და როგორც ჩანს მზად არიან მოქმედებების განახლებისთვის, თუმცა მაისაია პროგნოზირებს, რომ იერიშები უფრო შემოდგომიდან დაიწყება.
"მხარეებს გადატვირთვა-შესვენება სჭირდებოდათ და ეს პერიოდი როგორც ჩანს უკვე გამოიყენეს და თავიანთი პოტენციალი გარკვეულწილად შეავსეს და უკვე მზად არიან სამხედრო კამპანიის მესამე ფაზა დაიწყონ.
"ერთმანეთის მიყოლებით ორი ფაზა უკვე შედგა, თუმცა მესამე ეტაპის დაწყება სავარაუდოდ ცოტა შეიძლება გაიწელოს.
- ვახტანგ მაისაია: "მხარეებს გადატვირთვა-შესვენება სჭირდებოდათ და ეს პერიოდი უკვე გამოიყენეს და თავიანთი პოტენციალი შეავსეს და მზად არიან სამხედრო კამპანიის მესამე ფაზა დაიწყონ"
"მესამე ფაზის პროცესები შეიძლება სექტემბრიდან დაიწყოს, ახლა მუქარების და სამხედრო ძალის დემონსტრირებაა. ამის პარალელურად მოლაპარაკებების პროცესი მიდის, მხარეები ჯერ კიდევ ათანხმებენ გარკვეულ პოზიციებს, თან ულტიმატუმის ტიპის ვორდინგს იყენებენ, რომ გარკვეულწილად სამშვიდობო მოლაპარაკებებზეც იქონიონ გავლენა. თუ მხარეებმა მოლაპარაკებები ჩაშალეს, მერე უკვე მესამე ფაზა ნამდვილად დაიწყება.
"ჩემი აზრით, ზაფხულში მხარეები სამხედრო მოქმედებების დაწყებისგან თავს შეიკავებენ, ეს ის დრო, როცა მხარეებმა შეიძლება საბრძოლო მოქმედებები დაიწყონ.
"მაგალითად, უკრაინა-რუსეთის ომში ზაფხული იყო ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი, როდესაც აქტიური მოქმედებები იწყებოდა, თუმცა ეს სხვა სიტუაცია. უკრაინისგან განსხვავებით, სახმელეთო კომპონენტი არაა გათვალისწინებული და საჰაერო და საზღვაო ტიპის ოპერაციები ნებისმიერ კლიმატურ პირობებშია შესაძლებელი. თან ზაფხული დასვენებების პერიოდია, ტურისტული სეზონია და ამ ფაქტორსაც ითვალისწინებენ.
"ტრამპი დაიმუქრა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყამდა, რომელიც ჯერ კიდევ გადარჩენილია, ირანელებმა ერთ-ერთი ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი გამოსცადეს და იმუქრებიან, რომ ამას გამოიყენებენ წყნარი ოკეანეთის ზონაში. მათ შორის ამერიკული სამხედრო ბაზების ზონაში და მათ შორის დიეგო-გარსიაზეა საუბარი, რომ იქაც მისწვდებიან, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ მუქარის დონეზეა.
"თუ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ მაინცდამაინც ახლა შეუტიოს, საჰაერო დარტყმებს გააგრძელებს - ბირთვულ და ენერგეტიკულ ობიექტებს დაარტყამს. ირანის პასუხი ის იქნება, რომ აშშ-ს სტრატეგიულ მოკავშირეებს დაარტყამს და შეეცდება, რომ ამერიკულ ბაზებს შეუტიოს, შეიძლება ჰუსიტები გამოიყენოს და შეეცადოს ბაბ-ელ-მანდების სრუტის ბლოკირებას, რომელიც ჰორმუზის ანალოგიურია.
"ჯერჯერობით წინა ორი სამხედრო კამპანიის ანალიზის მიხედვით, ჩვენს მიმართ აგრესიული ქმედება არ ყოფილა, თუ არ გავითვალისწინებთ მეზობელ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ორი ობიექტის დაბომბვის ფაქტს და იმედია, რომ მესამე კამპანიის დროსაც გადავრჩებით",- განაცხადა მაისაიამ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიდია ალბათობა, რომ ტრამპმა მუქარა შეასრულოს და დრო არ გაწელოს, ირანის მხრიდან კი პასუხი არც ისე აგრესიული იქნება, რასაც იმუქრებიან.
"ირანის მხრიდან ადგილი აქვს უფრო ძალის დემონსტრირებას, რომ თითქოს უკან დახევას არ აპირებს. ამ გზით სურს, რომ საომარი მოქმედებების მოსალოდნელი განახლება შეაკავოს. ირანს შორი რადიუსის რაკეტები აქვს, თუმცა არ მგონია, რომ ამით დიდ წარმატებას მიაღწიოს, შეიძლება რაკეტები ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით გაუშვან.
- ნიკა ჩიტაძე: "არ მგონია, რომ ჩვენ რაიმე დაგვემუქროს, საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ბაზა არაა და მეორეს მხრივ, ირანი არაა დაინტერესებული თბილისთან ურთიერთობის გაუარესებით"
"არ გამოვრიცხავ აშშ-მა მუქარა მალევე შეასრულოს, ყველა შემთხვევაში, უფრო მეტი უპირატესობა აქვს. ირანი აცნობიერებს, რომ თუ ტრამპმა თეირანის შიში დააფიქსირა, შეიძლება უფრო მეტად გაეხსნას ხელ-ფეხი.
"არ მგონია, რომ ჩვენ რაიმე დაგვემუქროს, საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ბაზა არაა და მეორეს მხრივ, ირანი არაა დაინტერესებული თბილისთან ურთიერთობის გაუარესებით.
"დიდი ალბათობაა, რომ ტრამპმა მუქარა შეასრულოს, თუ ირანმა უკან არ დაიხია. ვფიქრობ, აშშ უკეთესად მოემზადებოდა, ტრამპს სურს, რომ ძლიერი ლიდერის იმიჯი მოირგოს. საუბარი იყო აშშ-ს მხრიდან კამპანიისთვის დამატებით 200 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე და გარკვეული სამზადისი არის, მათ შორის ამერიკული სამხედრო გემები, ავიამზიდები სპარსეთის ყურეში იმყოფებიან, რაც გვაძლევს იმის საფუძველს ვთქვათ, რომ აშშ-მა დარტყმები კვლავ განახორციელოს",- განაცხადა ჩიტაძემ.
ირანის მუქარა და აშშ-ს გეგმა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თუ აშშ თეირანზე თავდასხმებს განაახლებს ომი ახლო აღმოსავლეთის საზღვრებს გასცდება, - ინფორმაციას "გარდიანი" ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თუ ირანის წინააღმდეგ აგრესია განმეორდება, დაპირებული რეგიონული ომი ამჯერად რეგიონს გასცდება და ჩვენი გამანადგურებელი დარტყმები ისეთ ადგილებში, რომელთა წარმოდგენაც ძნელია, ფერფლად გაქცევთ", - აღნიშნულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.
- ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი: "ომი ამჯერად რეგიონს გასცდება და ჩვენი გამანადგურებელი დარტყმები ისეთ ადგილებში, რომელთა წარმოდგენაც ძნელია, ფერფლად გაქცევთ"
წინა დღით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთმა, კატარმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო თავდასხმის გადადება 2 ან 3 დღით სთხოვეს.
„მათ მოკლე ვადით გადადება გვთხოვეს, რადგან ფიქრობენ, რომ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. თუ შევძლებთ, რომ ირანის ხელში ბირთვული იარაღი არ აღმოჩნდება და ისინი კმაყოფილები იქნებიან, მაშინ ალბათ, ჩვენც კმაყოფილები ვიქნებით. ჩვენ მასშტაბური თავდასხმისთვის ხვალისთვის ვემზადებოდით. ცოტა ხნით გადავდე, იმედია სამუდამოდ, მაგრამ ალბათ ცოტა ხნით, რადგან ირანთან სერიოზული მოლაპარაკებები გვაქვს და ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ეს", - განაცხადა ტრამპმა.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს დრო ეწურება.
„ირანს დრო ეწურება და უმჯობესია, სწრაფად იმოქმედონ ან მათგან აღარაფერი დარჩება. დრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - დაწერა ტრამპმა.