
26 მაისის აქციის მოახლოებასთან ერთად, "ოპოზიციური ალიანსი" "ეროვნული მობილიზაციის" კამპანიას ააქტიურებს. პარტიები მხარდამჭერებთან შეხვედრებსა და "კარდაკარს" მართავენ, განსაკუთრებით დედაქალაქში, მის გარეუბნებსა და რამდენიმე დიდ ქალაქში. "ქართული ოცნება" ოპოზიციის შიდა დაპირისპირებაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ ალიანსს საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს.
არსებული ინფორმაციით, 18 მაისს "ოპოზიციური ალიანსის" შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობა" არ დასწრებია. ენმ-ში ამას ადასტურებენ, თუმცა, დასძენენ, რომ "მუდმივ სამუშაო პროცესში არიან ჩართულები".
ამასთან მიუთითებენ 26 მაისის აქციაზე ორ მთავარ მოთხოვნის წამოჭრაზე - რაც ეხება „პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნას და ახალი არჩევნების ჩატარებას".
რა არის მოსალოდნელი 26 მაისის აქციაზე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხალხმრავალ აქციას ელოდება და გეგმაც ოპოზიციისგან აუცილებლად უნდა გაჟღერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ერთჯერადი აქცია გამოვა, უბრალოდ შეკრება და დაშლა.
- ნიკა ჩიტაძე: "ბევრი ხალხი იქნება... გეგმა აუცილებლად უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ერთჯერადი აქცია იქნება - უბრალოდ შეკრება და დაშლა"
"კარდაკარის ფარგლებში აქტიურობა შეინიშნება, მოსახლეობასთან შეხვედრები და გასაუბრებებია, რამდენიმეს დავესწარი კიდეც. იქ საუბარია, რა პრობლემები აწუხებს მოსახლეობას, რას ითხოვენ ოპოზიციისგან და რა უნდა გაკეთდეს. ბევრი მოქალაქე მზადყოფნას გამოხატავს, რომ 26 მაისს აქციაზე იყოს და მგონია, რომ ბევრი ხალხი იქნება, ოღონდ ვითარების დაძაბვას არ ველოდები.
"ქართული ოცნებას" ბევრი ხალხის გამოსვლის ეშინია და ამიტომაც ცდილობენ, რომ პროცესი ყველანაირად დააკნინონ. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი რეგიონებიდანაც ჩამოვა, ოპოზიციონერები იქაც ხვდებიან ამომრჩევლებს, თუმცა, უფრო თბილისზეა აქცენტი. ხალხი ოპოზიციისგან უფრო ეკონომიკური პრობლემების გაუმჯობესებას ითხოვს და უფრო ამაზე იყო საუბარი.
"მე რაც ვნახე, არის ხალხის რაღაცა კატეგორია და ერთი-ორი შემთხვევა იყო, როდესაც ბუკლეტი გადასცეს, არ აიღო და აქეთ დაიწყეს საუბარი, რომ არასწორ გზას ადგახართო, მაგრამ ძირითადი ნაწილი თანახმაა შეუერთდეს აქციას.
"ვფიქრობ, 26-ში აქციაზე ოპოზიცია თავის გეგმას წარადგენს, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ახალი ეტაპი იწყება და სხვა გამოსვლებიც იგეგმებაო. გეგმა აუცილებლად უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ერთჯერადი აქცია იქნება - უბრალოდ შეკრება და დაშლა.
"კი, კარგია დემონსტრირება იმისა, რომ ბევრი ადამიანი "ქართული ოცნების" მმართველობას არ ეგუება და ვერც შეეგუება, მაგრამ გეგმა აუცილებელია. მათ შორის მოთხოვნები პირველ რიგში იქნება ხელისუფლების მისამართით, მაგრამ ამავე დროს, აუცილებელია მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანის შეთავაზება",- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აქციაზე მაქსიმუმ 5 ათასი კაცი მივიდეს, ოპოზიციის მხრიდან კი მხოლოდ ულტიმატუმები გაჟღერდება.
"ესენი ისეთი ავანტიურისტები არიან, იქ რომ 20 კაციც მივიდეს, მაინც ულტიმატუმებით ისაუბრებენ, მაგრამ ილაპარაკონ და იყვნენ - ეს იქნება საუბარი საუბრისთვის. ამით ერთმანეთს გულს გაუმაგრებენ და მის პატრონებს ეტყვიან, რომ ჩვენ ვარსებობთო, რათა იქიდან ფული მიიღონ. დანარჩენი რა, ახლა ოპოზიციის შანსები ნულს ქვემოთაა.
"ამ ტიპის ულტიმატუმები იქნება - კიდევ იტყვიან, რომ ჩაატარეთ ხელახალი არჩევნები, საარჩევნო კომისიები ისე შეცვალეთ, როგორც ჩვენ გვინდა, ჩამოიყვანეთ უცხოელი დამკვირვებლები და რომ საქართველოსი არჩევნების გაყალბების ბედი უცხოელმა მოსამართლეებმა გადაწყვიტონო და ა.შ.
- ედიშერ გვენეტაძე: "ულტიმატუმები იქნება... სიტუაციის არავითარ დაძაბვას არ ველოდები, ეს სახელმწიფოა და ამათი ყოველგვარი გადაცდომა მკაცრად იქნება აღკვეთილი კანონის ფარგლებში. ხალხს რაც შეეხება, მაქსიმუმ 5 ათასი კაცი გამოვიდეს. ეს შეიძლება იყოს მაგათი ჭერი და ეს იქნება ერთჯერადი - აქცია აქციისთვის"
"სიტუაციის არავითარ დაძაბვას არ ველოდები, რა უნდა დაძაბონ, რა უნდა გააკეთონ? ეს სახელმწიფოა და ამათი ყოველგვარი გადაცდომა მკაცრად იქნება აღკვეთილი კანონის ფარგლებში. ხალხს რაც შეეხება, მაქსიმუმ 5 ათასი კაცი გამოვიდეს. ეს შეიძლება იყოს მაგათი ჭერი და ეს იქნება ერთჯერადი - აქცია აქციისთვის",- განაცხადა გვენეტაძემ.
რას აპირებს ოპოზიცია
"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მხარდამჭერებს 26 მაისს 19:00 საათზე ელოდება.
"26 მაისს უნდა შევიკრიბოთ, რაც შეიძლება ბევრი იმისთვის, რომ ასეთი უსამართლობები არ ხდებოდეს... ლევანის(ხაბეიშვილის) საქმეში რომ მტკიცებულება არ არის, ეს საქვეყნოდ ყველამ იცის. ჩვენს საქმეებშიც რა არის - ტელევიზიით ვსაუბრობ, ჩემს მოსაზრებაზე, რა უნდა გაკეთდეს და ამის გამო ციხეში უნდათ, რომ ხალხი ჩასვან. ეს არის უსამართლობა.
"ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ეს უსამართლობა დამარცხდება მაშინ, როცა ერთ მუშტად შეიკვრება ქართველი ერი. 26 მაისს, 19:00 საათზე, უნივერსიტეტიდან მსვლელობა იქნება რუსთაველისკენ, გელოდებით ყველას",- აცხადებს ვაშაძე.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ მისი პარტია "ოპოზიციის ალიანსთან" ერთად ერთიანია ორ მთავარ მოთხოვნაში, რაც ეხება "პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნას და ახალი არჩევნების ჩატარებას".
"ალიანსი არის ერთობა ერთფეროვნების გარეშე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება განსხვავებული კამპანია გვქონდეს 26 მაისამდე, თუმცა ვახდენთ ჩვენი აქტივისტების, მხარდამჭერების მობილიზებას იმისთვის, რომ ოპოზიციამ ძალა მოიკრიბოს და ერთად შევეცადოთ მივიღოთ ახალი არჩევნები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავათავისუფლოთ პოლიტიკური ტყვეები.
"პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების გარეშე, ქვეყანაში დემოკრატიული ტრანსფორმაცია ვერ მოხდება. ამას ყველა ვეთანხმებით. ცხადია, ჩვენ ვართ ერთად პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნაში და ერთად ახალი არჩევნების მისაღებად",-განაცხადა ფარულავამ.
ამასთან, მან განმარტა, ესწრებოდა თუ არა 18 მაისს „ოპოზიციის ალიანსის" შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობა". ფარულავას თქმით, პარტიის წარმომადგენელი ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, თუმცა მუდმივ სამუშაო პროცესში არიან ჩართული.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, 26 მაისს ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად ვიქნებით იმისთვის, რომ მივიღოთ ახალი არჩევნები და გავათავისუფლოთ პოლიტიკური ტყვეები. ეს არის საკითხი, სადაც ყველა ერთიანები ვართ.
"ცხადია, პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების გარეშე, ქვეყანაში დემოკრატიული ტრანსფორმაცია არ და ვერ მოხდება. რაც შეეხება ლოჯისტიკურ საკითხებზე ტექნიკურ შეხვედრებს, ჩვენი წარმომადგენელი არ ესწრებოდა, თუმცა, ჩვენ ვართ მუდმივ სამუშაო პროცესში და „ჭიქაში ქარიშხალი" ნუ იქნება იმიტომ, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს",- განაცხადა ფარულავამ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" „ოპოზიციური ალიანსისგან" გამოყოფილი არ არის.
"ოცნების" შეფასება
"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ოპოზიციურ ალიანსს ენმ-ს მხარდაჭერა უდევს საფუძვლად.
"ოპოზიციურ ალიანსს საფუძვლად უდევს „ნაცმოძრაობის" ელექტორატი, რაც კიდევ საქართველოში შემორჩენილია, დაახლოებით 20 პროცენტი. დანარჩენი ალიანსი „ნაცების" გარეშე რას წარმოადგენს? - არაფერს. გვარამიამ რა ხმა უნდა მიიღოს? გიჟი ცოლ-ქმარი რომ დარბის, რა გვარია, ჩერგო და მისი ქმარი, რა უნდა ქნან, ვის ატყუებენ? - ბელადი გაანაწყენეს. ეტყობა, ბელადი ამათ გაებუტა.
"ქართული საზოგადოებისთვის „რვიანები", „ცხრიანები" და თხუთმეტიანები ნაკლებად საინტერესოა. რაც შეეხება 26 მაისს, ყოველ შაბათს გასვლითი ღონისძიება აქვთ. წვიმაში არ გადიან, შეიძლება, გაცივდნენ. კარგ ამინდში გაისეირნებენ ხოლმე. 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ და მათი ამოცანაა, ახალგაზრდობა საღამოს რუსთაველის გამზირზე გამოიტყუონ, პატრონებს ანახონ, დაგვაფინანსეთ, ხალხი გვყავსო. ახალგაზრდებს ვურჩევ, თავს ნუ გამოაყენებინებენ" - განაცხადა ზარქუამ.
უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა კი განაცხადა, რომ "ფუჭი და უსაგნო თათბირებით თავს ნუ შეიწუხებენ, 26 მაისი ეს არის ის დღესასწაული, რომელსაც ქართველი ხალხი ზეიმობს".
„რაც არ უნდა შეძლონ და ერთ მუჭა ადამიანებს თავი მოუყარონ, რა თქმა უნდა ეს მათი მხრიდან იქნება კიდევ ერთი მცდელობა საკუთარ უცხოელ პატრონებს დაანახონ, თითქოს რაიმე ფორმით შესწევთ ძალა აქ საზოგადოების მობილიზების, სინამდვილეში ესეც ფუჭად ჩაივლის და საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს მათ აბსოლუტურ უუნარობას და ანტი ქართულ პოლიტიკას", - აღნიშნა მათიკაშვილმა.