
სომხეთის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რუსეთი, ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებით, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობაზე ზეწოლას აძლიერებს. ამჯერად კრემლის უკმაყოფილების მიზეზი ის გახდა, რომ სომხეთის პრემიერი არ დაესწრება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტს. მოსკოვიდან ფაშინიანს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მას არჩევანის გაკეთება მოუწევს ევროკავშირთან დაახლოებასა და ვერაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობას შორის.
ევრაზიული ეკონომიკური კავშირის უმაღლესი საბჭოს სამიტი 28-29 მაისს ასტანაშია დაგეგმილი, სადაც განიხილება ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები. ანალიტიკოსების აზრით, თუკი სომხური დელეგაცია ასტანაში არ ჩავა, შესაძლოა უკვე ამავე სამიტზე დადგეს ორგანიზაციიდან სომხეთის გარიცხვის საკითხი.
„ორ ქორწილში ცეკვა"
სომხეთის მიმართ მორიგი მკაცრი განცხადება ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა გააკეთა. მისი თქმით, სომხეთი ერთდროულად ევროკავშირში გაწევრიანებას და ევრაზიულ ეკონომიკური კავშირის წევრობის შენარჩუნებას ვერ შეძლებს. მისი სიტყვებით, ეს ორ ქორწილში ერთდროულად ცეკვის მცდელობას ჰგავს.
„რა თქმა უნდა, ორი კავშირის ერთდროულად წევრობა შეუძლებელია... სომხეთს ორ ქორწილში ცეკვა არ შეუძლია", - ამბობს გალუზინი.
- მიხაილ გალუზინი: „რა თქმა უნდა, ორი კავშირის ერთდროულად წევრობა შეუძლებელია... სომხეთს ორ ქორწილში ცეკვა არ შეუძლია"
4 აპრილს სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას ითვალისწინებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება პარლამენტის მიერ მიღებულ შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა მოქალაქეთა პეტიციამ. დოკუმენტის მიზანია ქვეყნის ევროპული მისწრაფებების სამართლებრივად გაფორმება, თუმცა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანების საკითხი რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს.
გალუზინი აღნიშნულს მწვავედ აკრიტიკებს. მისი თქმით, სომხეთის ხელმძღვანელობა ამ კანონს არაერთხელ ახსენებს და „გახარებულები და ბედნიერები" იქნებოდნენ, თუ სომხეთი ევროკავშირის წევრი გახდებოდა.
„თუმცა, სომხეთმა ასევე ხელი მოაწერა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების ხელშეკრულებას, ასევე დეკლარაციებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შემდგომი განვითარების შესახებ 2030 და 2045 წლამდე... ეს დოკუმენტები ნათლად ადასტურებს, რომ სომხეთი, ისევე როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა წევრები, იღებენ ვალდებულებას დაიცვან ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებები და თავი აარიდონ ისეთ ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის თავად მათ, ან ევრაზიულ კავშირს და შეაფერხებს მას", - განაცხადა გალუზინმა.
სომხეთის პასუხი
21 მაისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთს ევრაზიული კავშირის დატოვება არ სურს და ამ საკითხს მთავრობა არც განიხილავს. მან ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის წესდების მიხედვით, ქვეყნის ცალმხრივად გარიცხვა დაუშვებელია.
„სომხეთის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის საკითხის განხილვა შეუძლებელია მანამ, სანამ სომხეთი თავად არ წარადგენს ასეთ მოთხოვნას და არ გამოთქვამს ასეთ სურვილს. ჩვენ კი ასეთი სურვილი არ გამოგვითქვამს. ამიტომ ჩვენი გარიცხვის საკითხის განხილვა შეუძლებელია", - განაცხადა მირზოიანმა გამოცემა „აისორთან" ინტერვიუში.
ცოტა ხნით ადრე, 12 მაისს, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა, სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სრულუფლებიან წევრად რჩება და ორგანიზაციის დატოვებას არ აპირებს.
- არარატ მირზოიანი: „სომხეთის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის საკითხის განხილვა შეუძლებელია მანამ, სანამ სომხეთი თავად არ წარადგენს ასეთ მოთხოვნას და არ გამოთქვამს ასეთ სურვილს. ჩვენ კი ასეთი სურვილი არ გამოგვითქვამს."
„სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სრულუფლებიანი წევრია მასთან დაკავშირებული უფლებებითა და ვალდებულებებით და მისი მონაწილეობის გაყინვის საკითხი არ განიხილება", - ციტირებს სიმონიანს „სპუტნიკ არმენია".
ჟურნალისტის კითხვაზე - რას იზამს სომხეთი, თუ 28-29 მაისს ასტანაში დაგეგმილ სამიტზე მისი გარიცხვის საკითხი დადგება დღის წესრიგში, სიმონიანმა უპასუხა, რომ „ორგანიზაციაში ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება და შესაბამისად, ერევნის პოზიციის იგნორირება არ შეიძლება".
ყვავილების ემბარგო
ამ დაპირისპირების პარალელურად, რუსეთმა სომხეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედება დაიწყო. რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის, „როსსელხოზნადზორის" ცნობით, რუსეთი სომხეთიდან ყვავილების იმპორტზე დროებით შეზღუდვებს აწესებს, რომელიც 22 მაისიდან ამოქმედდება. ამ გადაწყვეტილების ოფიციალური მოტივია „რუსეთის ფიტოსანიტარიული უსაფრთხოებისა და ექსპორტის პოტენციალის დაცვა".
„2026 წლის 22 მაისიდან, „როსსელხოზნადზორი" დროებით შეზღუდვებს დააწესებს სომხეთში მოყვანილი და გაგზავნილი ყვავილების პროდუქტების იმპორტზე, სათბურების შემოწმების დასრულებამდე და მათი შედეგების ანალიზამდე", - წერია სააგენტოს ვებსაიტზე განთავსებულ განცხადებაში.
იქვე ნათქვამია, რომ სომხეთის სურსათის უვნებლობის ინსპექციის მიერ პროდუქციის უსაფრთხოების გარანტიების მიუხედავად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებისთვის კარანტინში მყოფი პროდუქციის იდენტიფიცირებას განაგრძობს. „როსსელხოზნადზორის" მონაცემებით, 96.2 მილიონ იმპორტირებულ ყვავილებს შორის 135 იმპორტისთვის შესაბამო შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2025 წლის განმავლობაში აღმოჩენილი შემთხვევების საერთო რაოდენობის 77%-ს შეადგენს.
საიდან დაიძაბა ურთიერთობები
ქვეყნებს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით 1-ლი აპრილიდან, ფაშინიანის კრემლში სტუმრობიდან დაიძაბა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მას ღიად მოსთხოვა, რომ არჩვნებში მონაწილეობა მიიღონ პრორუსულმა ძალებმა და მათ შორის პატიმრობაში მყოფმა პოლიტიკოსებმა, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ. რაზეც პასუხად მიიღო, რომ სომხეთში პოლიტიკურ პროცესებში ჩართული პირები პატიმრობაში არ არიან, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.
კრემლის უფრო დიდი გაღიზიანება მოყვა 4-5 მაისს ერევანში სომხეთ-ევროკავშირის პირველი სამიტისა და ამის პარალელურად ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის გამართვას, სადაც თითქმის მთელი ევროპის პოლიტიკური ელიტა შეიკრიბა. სომხეთის დედაქალაში იყო უკრაინის დელეგაციაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მეთაურობით, რაც მოსკოვში განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვეს. კრემლში განაცხადებს, რომ ფაშინიანის ხელისუფლებამ დაარღვია გაცემული პირობა, რომ არც თავად მოაწყობდა არც მონაწილეობას მიიღებდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებსა და აქტივობებში.
მოსკოვის უკმაყოფილება კიდევ უფრო გააძლიერა ფაშინიანის უარმა, დასწრებოდა 9 მაისის აღლუმს მოსკოვში. უარის მიზეზად სომხეთის პრემიერმა მოახლოვებული არჩევნები და საარჩევნო კამპანია დაასახელა.
10 მაისს კი ვლადიმერ პუტინმა ღიად მიანიშნა სომხეთის მთავრობას უკრაინულ სცენარზე იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებას ეცდება, რაც სამხედრო და პოლიტიკურმა მიმომხილველებმა პირდაპირ სამხედრო მუქარად აღიქვეს. პუტინმა სომხეთის ხელისუფლებას შესაბამისი რეფერენდუმის ჩატარება ურჩია, რათა სომხეთის მოქალაქეებმა გადაწყვიტონ, ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობა.