თამთა ჩაჩანიძე
21.05.2026

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის სათქმელად საზოგადოებრივი აზრის შემზადებას ცდილობს. ამ მოსაზრებას ოპოზიციური ალიანსი 26 მაისს დაგეგმილი აქციის წინ საპროტესტო მუხტის გასაძლიერებლადაც იყენებს. ანალიტიკოსები ამ ეჭვს ნაწილობრივ საფუძვლიანად მიიჩნევენ, თუმცა ფიქრობენ, რომ მსგავსი ხისტი განცხადება ხელისუფლებისგან მოსალოდნელი არ არის, მითუმეტეს, რომ ეს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა იქნება.

ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, ეჭვის საფუძველს იძლევა ერთის მხრივ რიტორიკის ცვლილება - თუკი ადრე ევრობიუროკრატიის კრიტიკის პარალელურად „ქართული ოცნება" ხაზს უსვამდა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის სტრატეგიული მიზანია, ახლა სულ უფრო ხშირად საუბრობენ „სხვანაირ ევროპაზე". მსგავსი განცხადებები განსაკუთრებით კოპენჰაგენის ინციდენტის შემდეგ გახშირდა.

ოპოზიციისვე შეფასებით, ეს მოცემულობა ძალიან ჰგავს იმას, რა სიტუაციაც 2024 წლის 28 ნოემბრის პრემიერ ირაკლი კობახიძის ცნობილ განცხადებას უძღოდა წინ. მაშინ ცნობილი გახდა ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ საქართველო 2028 წლამდე არ მოახდენს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის ინიცირებას, რასაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოყვა.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ახლა „ოცნება" მსგავსი განცხადების გაკეთებას ვერ გარისკავს, რადგან იცის, რომ ამას ისეთივე, ან უფრო მძაფრი რეაქცია მოჰყვება, თუმცა, ჩანს, რომ ხელისუფლებამ ამ გზით წასვლა გადაწყვიტა.

„კოალიცია ცვლილებების" ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ „ოცნება" „ეპარება" 28 ნოემბრის განცხადების განმეორებას.

„ნათელია, რომ „ქოცრეჟიმი" „ეპარება" 2024 წლის 28 ნოემბრის კობახიძის განცხადების გამეორებას. „ასეთი ევროკავშირის წევრობა არ მინდა" კობახიძის ღია წერილით მკაფიოდ ითქვა და სულ უფრო აქტიურად ხმოვანდება „ქოცების" მიერ.

„26 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი და უფრო ხმამაღლა, უფრო მკაფიოდ განვაცხადოთ, როგორი საქართველო გვინდა და როგორ დავიბრუნებთ სამშობლოს! გამარჯვებისთვის, ერთად, ბოლომდე!" - წერს გვარამია „ფეისბუქზე".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ორი დღის წინ განაცხადა:

„თუ ევროკავშირი ასეთი უნდა იყოს, როგორიც დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ასეთ ევროკავშირში?!"

მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და თქვა, რომ ის საქართველოს „ასეთ ევროკავშირს ამადლის", რაც ვერ იქნება გამართლებული. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს „სხვანაირი ევროკავშირი" სურს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში არის 78-ე მუხლი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ. ის ავალდებულებს ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღონ ყველა ზომა ამ ორგანიზაციებში - ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

კონსტიტუციის შეცვლა და ამ მუხლის ამოღება დღეს ტექნიკურადაც კი შეუძლებელია, რადგან ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ბოიკოტის გამო, დღეს პარლამენტში მხოლოდ 101 დეპუტატია, საკონსტიტუციო ცვლილებას კი მინიმუმ 113 ხმა სჭირდება.

რამდენად საფუძვლიანია ოპოზიციის ეჭვი

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის ეჭვი გარკვეულწილად საფუძვლიანია და როგორც ჩანს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ევროკავშირთან საერთოდ გაწყვიტოს ურთიერთობა. თუმცა საგანგებო განცხადება ახლა მოსალოდნელი არაა, რადგან ამას შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „აღარ გვინდა ევროპა" - ეს ძალიან ხისტი განცხადება იქნება და შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს, მაგრამ ყველაფერი იქით მიდის და საზოგადოებასაც აგუებენ იმ აზრს, რომ ევროპასთან ყოველგვარი ურთიერთობები შეიძლება გაწყდეს".

„ქართული ოცნების" პოლიტიკა განსაკუთრებით ბოლო ორი წელია დასავლეთისგან იზოლაციისკენ წავიდა. რადგან ევროპა ჩვენგან იმ ვალდებულებების შესრულებას მოითხოვდა, რა პირობებითაც კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, 2024 წლის ნოემბერში პრევენციული განცხადება გაკეთდა, რომ ჩვენ მოლაპარაკებებს 2028 წლამდე ვაჩერებთო. მაგრამ ამან ქვეყნის შიგნით და გარეთ ისეთი რეაქცია გამოიწვია, რომ ხელისუფლებას ორი ვარიანტი დარჩა - ან დათმობებზე უნდა წასულიყო, რაც შესაძლოა ძალაუფლების დაკარგვის ფასად დასჯდომოდა, ან მოწინააღმდეგეთა მიმართ რეპრესიები გაემკაცრებინა. ხელისუფლებამ მეორე გზა აირჩია.

„დანიასთან დაკავშირებული განცხადებაც სწორედ ამ ხაზს ემსახურებოდა - მიზეზს ეძებდნენ, რომ უფრო რადიკალური განცხადება გაეკეთებინათ. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირთან საერთოდ გაწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა. განსაკუთრებით ზელენსკისა და კობახიძის დიალოგის ფონზე, როცა თითქოს იმედები გაჩნდა, რომ რაღაც უკეთესობისკენ იცვლება, ამას ხელისუფლების ეს განცხადება მოჰყვა. რეალურად ეს აქეთ გადადგმული ნაბიჯია, რომ ჩვენ ასეთი ევროპა არ გვინდა და გვინდა ისეთი, როგორიც გვინდა", - განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ისეთი ტიპის საგანგებო განცხადება კობახიძისგან და თუნდაც უფრო უარესიც, როგორიც 28 ნოემბერს იყო, ძაბირაძემ გვითხრა:

„ამ ეტაპზე ალბათ არა, მაგრამ ყველაფერი აქეთ მიდის. ახლა გაუჭირდებათ, რადგან „აღარ გვინდა ევროპა" - ეს ძალიან ხისტი განცხადება იქნება. ამას გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს და ამიტომ, ამ ეტაპზე ალბათ არ იქნება, მაგრამ ყველაფერი იქით მიდის და საზოგადოებასაც აგუებენ იმ აზრს, რომ ევროპასთან ყოველგვარი ურთიერთობები შეიძლება გაწყდეს", - განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არ ელის კობახიძისგან საგანგებო განცხადებას, თუმცა, მისი აზრით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს არმიღებაზე „სარკისებური პასუხი" ლოგიკურიც იქნებოდა.

„პოლიტიკაში ბევრი რამ სარკისებურად ხდება. რუსეთს უყვარს კიდეც ეგ გამოთქმა, რომ სარკისებურად ვუპასუხებთო და სხვებსაც ეგ რეაქცია აქვთ ხოლმე. ევროსტრუქტურებიდან და ელჩებისგან ისმის ხოლმე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, რადგან რაღაცეებს არ აკეთებსო. ჩვენც ვიძახით, რომ გვინდა, მაგრამ სიმეტრიულობის პრინციპი პოლიტიკურ თავმოყვარეობას უკავშირდება, ჩვენ გვაქვს იმის საფრთხე რომ უთავმოყვარე მხარედ აღგვიქვან.

  • რამაზ საყვარელიძე: „როცა ამდენს გეძიძგილავებიან, რომ არ მიგიღებთო, აქედანაც პასუხი ჩნდება - არ მიგვიღებთ და არც გვინდა. თუმცაღა, არ მგონია ამაზე საგანგებო განცხადება გაკეთდეს"

„როცა ამდენს გეძიძგილავებიან, რომ არ მიგიღებთო, აქედანაც პასუხი ჩნდება - რომ არ მიგვიღებთ და არც გვინდა. თუმცაღა, არ მგონია ამაზე საგანგებო განცხადება გაკეთდეს. ეს მხოლოდ პოლიტიკური ჭიდაობის რაუნდებია. ვისაც კობახიძის გზავნილები აწუხებს, იმათ აწუხებს ევროპის მხრიდან ანალოგიური გზავნილები, რომ ამ მიგიღებთო? მოწაფის დამოკიდებულება, რომ რადგან ისინი ამბობენ, რომ დამნაშავე ვარ, ესე იგი მე ვარ დამნაშავე, ცოტა გულდასაწყვეტია ასეთი გამოცდილების პოლიტიკოსები სხვანაირად რომ ვერ ფიქრობენ", - განაცხადა საყვარელიძემ.

იქნება თუ არა „ახალი 28 ნოემბერი"

ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ თუ საგანგებო განცხადება გაკეთდა, ამას მასობრივი გამოსვლები მოჰყვება, რაც ხელისუფლებას არჩევანის წინაშე დააყენებს - ან უკან დაიხიოს, ან მასობრივი რეპრესიები დაიწყოს.

„ისევ და ისევ მასობრივი გამოსვლები იქნება, რაც ხელისუფლებას ისევ არჩევანის წინაშე დააყენებს - ან თავისი პოლიტიკა შეცვალოს, ან თუ ამ პოლიტიკის გამტარებლად დარჩება, მაშინ მასობრივი რეპრესიები დაიწყოს. სხვა გამოსავალი მას უკვე აღარ დარჩება. ყველაფერი სცადა - ტროტუარზე დგომა რომ დასჯადი გახდა, ამის იქით არ ვიცი კიდევ რას მოიფიქრებენ, მაგრამ რაღაც შეიძლება მოიფიქრონ ისეთი, რომ გაგვაოცონ", - განაცხადა ძაბირაძემ.

რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ ასეთი ტიპის განცხადება ნამდვილად გახდება ხალხის ქუჩაში გამოსვლის საფუძველი, თუმცა, პროცესი ამის იქით არ წავა.

„ამაზე უკეთესი „სატოპკე" რა შეიძლება ასწიოს იმისთვის, რომ ხალხი ქუჩაში გამოვარდეს. ხალხი ქუჩაში გამოვარდება და რა - პირველად გვაქვს ქუჩა, თუ რა? ახლაც ყოველ ღამე არიან და კიდევ იქნებიან. ეგაა და ეგ, მეტი არაფერი იქნება, რადგან ქუჩა პოლიტიკის ბედს არ წყვეტს, მითუმეტეს ამ რაოდენობის ხალხით.

„ევროპას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავდა და დღეს ეს რაოდენობა საგრძნობლადაა შემცირებული იმიტომ, რომ გერმანელი როთი ჩამოვიდა და ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა. მოგვწონს თუ არა ეს ხელისუფლება, მისი დამხობა ქვეყნის დამხობაა. გაიმარჯვე არჩევნებში და გადაიბარე ხელისუფლება, თუ შეგიძლია და თუ დაანგრევ, მაშინ ამ ნანგრევებში ხომ ყველა მოჰყვება?!" - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×