„ვინ არის ეს „დიფ სთეითი“?..“ - ახალი სკანდალი და მორიგი დაპირისპირება გერმანიის ელჩთან
ნატალია ჯვარიძე
22.05.2026

საქართველოს ხელისუფლებასა და გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერს შორის მორიგი დაპირისპირებაა. ამჯერად კონფლიქტი გამოიწვია ელჩის განცხადებამ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასა და „ქართული ოცნების წარმომადგენელთა მიერ პერიოდულად „დიფ სთეითზე" საუბარმა. თბილისში აცხადებენ, რომ გასული წლის ოქტომბერში პეტერ ფიშერის კონსულტაციისთვის ბერლინში გაწვევის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღეს დაპირება, რომ მას აღარ ექნებოდა აგრესიული რიტორიკა „ოცნების" ხელისუფლების მიმართ, თუმცა ეს პირობა დაიღვა.

დაპირისპირების ახალი ტალღა პეტერ ფიშერის 20 მაისის განცხადებით დაიწყო. ელჩმა საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ „ქართული ოცნების" მხრიდან გაკეთებული განცხადებები და დასავლეთის მიმართ გამოყენებული რიტორიკა ქვეყანას ევროკავშირისგან აშორებს.

პეტერ ფიშერის თქმით, გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილება, თბილისთან ოფიციალური კავშირების შეჩერებასთან დაკავშირებით, ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის, თუმცა საკითხი უკვე განხილვის პროცესშია.

  • პეტერ ფიშერი: „ვინ არის ეს „დიფ სთეითი"? შეუძლიათ სახელი დაგვისახელონ? ან სახე გვაჩვენონ? როგორ შეიძლება ეს ჯგუფი ასე გავლენიანი იყოს აშშ-ში, მერე გადავიდეს ევროკავშირში, მერე დიდ ბრიტანეთში და მას ვერავინ ხედავდეს?"

ელჩმა ასევე გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ნარატივები „დიფ სთეითისა" და არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების შესახებ. მისი თქმით, მსგავსი გზავნილები კიდევ უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ საქართველო ევროკავშირს შორდება.

„მე 40 წელია გერმანიის მთავრობაში ვმუშაობ და არანაირი „დიფ სთეითი" არ მინახავს. ვინ არის ეს „დიფ სთეითი"? შეუძლიათ სახელი დაგვისახელონ? ან სახე გვაჩვენონ? როგორ შეიძლება ეს ჯგუფი ასე გავლენიანი იყოს აშშ-ში, მერე გადავიდეს ევროკავშირში, მერე დიდ ბრიტანეთში და მას ვერავინ ხედავდეს? ფაქტები სხვას ამბობს. ფაქტია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები საქართველოს ნამდვილი მეგობრები და პარტნიორები არიან", - თქვა პეტერ ფიშერმა, „ბათუმელებთან" ინტერვიუში.

გერმანელი დიპლომატის განცხადებით, ევროკავშირს სურდა, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე ერთად დაწინაურებულიყვნენ, თუმცა ახლა საქართველო ამ პროცესს ჩამოშორდა.

„ეს წუხილს და იმედგაცრუება იწვევს გერმანიის მთავრობაში. საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვასგან მოწყვიტა, ევროკავშირისკენ მიმავალი საერთო გზიდან. ჩვენ გვსურს, რომ ეს სამი სახელმწიფო ერთად დაწინაურდეს რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ეს ასე არ ხდება", - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

ამ განცხადებებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, „პეტერ ფიშერს თუ ჰგონია, რომ ევროკავშირის დედაქალაქი არის ბერლინი, ეს წარმოდგენები ცოტა სხვა ეპოქიდანაა".

  • შალვა პაპუაშვილი: „გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ პირობა, რომ ის დაბრუნდებოდა, ოღონდ არ იქნებოდა ის აგრესიული რიტორიკა, თავდასხმები, რომელსაც მისგან ვიყავით შეჩვეული. სამწუხაროდ, ეს პირობაც დაირღვა."

„ევროკავშირის დედაქალაქი არის ბრიუსელში. ბრიუსელს ჰყავს თავისი ელჩი და ევროკავშირის ელჩი როგორმე თავად ისაუბრებს იმაზე, რა არის საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა - არა. გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რომელიც მას გამოყოფილი აქვს, როგორც გერმანიის წარმომადგენელს და ნუ იღებს თავის თავზე ევროპის სახელით, ევროკავშირის სახელით საუბარს.

„ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არათუ ამ ურთიერთობას აფუჭებს გერმანიასთან, შედის სხვა ელჩების კომპეტენციაში, ევროკავშირის ელჩის კომპეტენციაში. თითქოს მისი მეურვეობის ქვეშ იყოს ევროკავშირის ელჩი და თვითონ ვერ იტყვის იმას, რისი თქმაც უნდა. არ მგონია მე, რომ ბატონ ჰერჩინსკის უჭირდეს არტიკულაცია იმისი, რაც ევროკავშირის პოლიტიკა არის.

„ეს ადამიანი გამოდის, ხან ჩემს წერილს გამოეხმაურა ჰერჩინსკის მიმართ... მას ხომ არ მივწერე, მივწერე ჰერჩინსკის. ჰერჩინსკიმ თავისი პასუხი გასცა, რაც გასცა. გამოდგა ეს ადამიანი და ამის კომენტირება დაიწყო. შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მისწერა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, გამოვიდა ეს ადამიანი, ამის კომენტირება დაიწყო და ახლა არ ვიცი, თუ ბერლინი არის ევროკავშირის დედაქალაქი, გაგვაგებინონ, თუკი ეს არის დღევანდელი ისტორიული მოცემულობა.

„ამ ადამიანმა არც თავისი იცის, არც სხვისი ესმის. ჩვენგან იყო კეთილი რჩევები, თვეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ვურჩევდით, რომ ვენის კონვენციის ფარგლებში ყოფილიყო, შეურაცხყოფა არ მიეყენებინა მასპინძელი ხალხისთვის, მასპინძელი ხალხის ხელისუფლებისთვის. არაფერი ამ ადამიანმა არ გაითვალისწინა. გაიწვიეს გერმანიაში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ პირობა, რომ ის დაბრუნდებოდა, ოღონდ არ იქნებოდა ის აგრესიული რიტორიკა, თავდასხმები, რომელსაც მისგან ვიყავით შეჩვეული. სამწუხაროდ, ეს პირობაც დაირღვა. ერთადერთი, რაც გვაიმედებს არის ის, რომ რამდენიმე დღე დარჩა მის ელჩობას საქართველოში და ამით ეს სამწუხარო კარი ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში, იმედია, დაიხურება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ გერმანელი დიპლომატი „დიფ სთეითან" მისი დამოკიდებულებით დასცინის არა მხოლოდ ქართველებს, არამედ დასცინის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასს. პაპუაშვილის მოსაზრებით, „ეს არის კამიკაძის დონის ქმედება".

„ასევე, მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა „დიფ სთეითზე" - „აბა, სად არის, შევიხედე ოთახში და იქ არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდა". დაგვცინის, ფაქტობრივად, ქართველებს. მაგრამ მე ერთ რამეს გავუსვამ ხაზს - ის პარალელურად დასცინის ამერიკელებს, როდესაც ამბობს, რომ „დიფ სთეითი" რაღაც გამონაგონია, დასცინის აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს, ასევე, შეუძლია აშშ-ის საელჩოს ელაპარაკოს ამაზე. ის დასცინის ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლიზ ტრასს, რომელიც ასევ საუბრობდა „დიფ სთეითზე" ბრიტანეთში. პრინციპში, დასცინის ყველას ამ იქედნური ტონით, რომელიც ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანელი ადამიანისგან ასეთ ცხვირაწეულ დამოკიდებულებას ვხედავთ სხვა ხალხების მიმართ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×