
ოპოზიციურ ალიანსში კვლავ დაძაბულობაა. ამჯერად „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდა „ფედერალისტების" ერთ-ერთ ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილს. კოფლიქტის მიზეზი გახდა ჩერგოლეიშვილის კრიტიკული განცხადება ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის მიმართ. ვაშაძე აცხადებს, რომ ამას პირადად მასზე თავდასხმად აღიქვამს.
„ნინო ჟღარკავას სადაც ელაქუცებიან, იმ უბორნიაში დაბლოკილი რატომ არ უნდა იყოს პატიოსანი ადამიანი?", - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში „ტვ პირველთან" დაკავშირებით.
ამის საპასუხოდ ვაშაძე აცხადებს, რომ ის თავს დაბლოკილად არცერთ მედიაში არ გრძნობს და მადლობას უხდის „ტვ პირველს" იმისთვის, რომ „გმირულად აგრძელებენ მაუწყებლობას".
„სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ განცხადებებს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან „ტვ პირველის" და მისი ჟურნალისტების მისამართით გაჟღერდა, ვემიჯნები და არ ვეთანხმები.
- გიორგი ვაშაძე: „ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც პირად თავდასხმას ჩემს წინააღმდეგ. მე თავს დაბლოკილად არცერთ თავისუფალ მედიაში არ ვთვლი."
„მინდა, პირველ რიგში, უდიდესი მადლობა გადავუხადო „ტვ პირველს", მის თითოეულ ჟურნალისტსა და ოპერატორს, რომლებიც ამ უმძიმეს, ურთულეს პოლიტიკურ და ფინანსურ პირობებში, ყოველდღიური სამართლებრივი თუ ეკონომიკური წნეხის მიუხედავად, გმირულად აგრძელებენ მაუწყებლობას და საზოგადოებას სიმართლეს აწვდიან. კრიტიკული მედიის არსებობა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ მადლობას ვუხდი ყველა სხვა თავისუფალ მედიასაშუალებასა და დამოუკიდებელ ჟურნალისტს, რომლებიც ანალოგიური დარტყმების ფასად ინარჩუნებენ სიმართლის პლატფორმას.
„ამასთანავე, ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც პირად თავდასხმას ჩემს წინააღმდეგ. მე თავს დაბლოკილად არცერთ თავისუფალ მედიაში არ ვთვლი.
„დღეს, ისე როგორც არასდროს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთი მუშტად შეკვრა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დიდი გამარჯვების გზაზე!", - წერს ვაშაძე „ფეისბუქზე".
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ თუ ამ პროცესს გაგრძელება არ ექნება, ეს ოპოზიციური ალიანსის რეიტინგსა და მის პერსპექტივაზე უარყოფითად არ აისახება.
- არჩილ გამზარდია: „არ ვიცი რატომ მიიღო ვაშაძემ საკუთარ თავზე, მაგრამ ნორმალური პროცესია, რომ რაღაცებში ერთმანეთს არ დაეთანხმონ... მთავარია ძალიან არ ჩაკირკიტდნენ თავა ჩერგოლეიშვილი და ვაშაძე".
„არ ვიცი რატომ მიიღო ვაშაძემ საკუთარ თავზე, მაგრამ ნორმალური პროცესია, რომ რაღაცებში ერთმანეთს არ დაეთანხმონ, რადგან, როგორც ისინი აცხადებენ, გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობენ და რაღაცებში დამოუკიდებელ სუბიექტებად რჩებიან. თუ საქმიან ურთიერთობებში ეს პრობლემებს არ შექმნის, მაშინ ჩვეულებრივი მომენტია. გამორიცხული არ არის მომავალში კიდე იყოს თემები, რაშიც ერთმანეთს არ დაეთანხმონ და ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ.
„მე ამას კონფლიქტად ან დაპირსპირებად არ ვთვლი. მაგალითად, ჟურნალისტი მუშაობს გაზეთში და თავის სტატიაზე პასუხისმგებელი ის არის. შეიძლება გარკვეული საკითხები ჟურნალისტთან ურთიერთობებში პრობლემური იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რედაქცია იგივე პასუხისმგებლობას ატარებს. ან თუ რედაქცია ავტორის შეხედულებას არ იზიარებს, არ ითანამშრომლებს. ამით პრობლემა ხომ არ იქმნება? პროცესს ამ პრინციპით ვუყურებ - შეიძლება პასუხისმგებლობა გადანაწილდეს, მაგრამ არც თანამშრომლობას და არც თითოეულ მათგანს შეეშლება ხელი. მე რომ ვიყო ამ ალიანსის მხარდამჭერი, გავიგებდი, რომ შეიძლება რაღაცებში არ ეთანხმებოდნენ და ნორმალურია.
„წესით, ამ ყველაფერს გავლენა არ უნდა ჰქონდეს 26 მაისის აქციაზე, თუ ამ ყველაფერს ნორმალური გაგრძელება ექნება და არ გადავა კომუნიკაციურ პრობლემებში, რაც ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა, რა თქმა უნდა, მე გამიჭირდება მათი მხარდამჭერების საზოგადოებრივი აზრი გავზომო. შეიძლება ვიღაცებმა სხვანაირად გაიგონ, არც ესაა გამორიცხული. მთავარია ძალიან არ ჩაკირკიტდნენ თავა ჩერგოლეიშვილი და ვაშაძე", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ „რეზონანსთან".
- პეტრე მამრაძე: „ჩერგოლეიშვილი თავისი ქმრით თუ სხვები, ტელევიზიას უყურებენ არა როგორც თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალებას, არამედ პოლიტიკურ ინსტრუმენტს".
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია მხარადმჭერებს კარგავს, რადგან სულ დაპირისპირებები აქვთ.
„ყველაფერი კავშირშია იმასთან, თუ რა ვითარებაა თავად ალიანსში. თუმცა ეს ყველა, ჩერგოლეიშვილი თავისი ქმრით თუ სხვები, ტელევიზიას უყურებენ არა როგორც თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალებას, არამედ პოლიტიკურ ინსტრუმენტს, ესეც პოლარიზებულია. მეტად მანკიერი რაღაცაა, როცა მასმედიას შერჩევით უყურებენ და ვიღაცას მხოლოდ იმიტომ არ იწვევენ, რომ მისი პოლიტიკური დაჯგუფების წევრი არ არის.
„ეს არ არის ოპოზიცია, ანტიეროვნული ძალებია. როცა არავითარი ეროვნული მიზნები არ გააჩნიათ და მხოლოდ ძალაუფლებისკენ ისწრაფვიან, კომპრომისი შეუძლებელია. მათი ერთიანობა გამორიცხულია, ყოველთვის ჩხუბი ექნებათ, რაც შედეგს ვერ მოიტანს. ასე რომ, მე მათ არასერიოზულად ვუყურებ.
„ოთხმა პარტიამ არჩევნებში ბარიერი ხომ გადალახეს? იქიდან მოყოლებული, მათ ეს მხარდამჭერების დიდი ნაწილიც დაკარგეს, რადგან მუდმივად დაპირისპირებები აქვთ", - განაცხადა პეტრე მამრძემ „რეზონანსთან".