თამთა ჩაჩანიძე
22.05.2026

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ მის გარემოცვაში მოღალატის არსებობის შესახებ სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. ოპოზიციაში რამდენიმე დღეა მიდის მსჯელობა, თუ ვინ გასცა საქართველოში არალეგალურად ჩამოსული ექსპრეზიდენტი. სახელდება კონკრეტული გვარები და კეთდება მინიშნებებიც. ოპოზიციის მხარდამჭერთა ერთი ნაწილი კი სააკაშვილის განცხადებას არადამაჯერებლად მიიჩნევს.

ექსპრეზიდენტის განცხადებამ გარკვეული კითხვებიც გააჩინა. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილისთვის გაურკვეველია რატომ არ ახმაურებდა ამ ინფორმაციას 5 წლის განმავლობაში. ან, თუკი ახლა გადაწყვიტა გახმაურება, რატომ არ ასახელებს გამცემის ვინაობას და ამით რატომ ამყოფებს დაძაბულობაში თავის ახლო გარემოცვას და მთლიანად ოპოზიციას.

ასევე აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება ოპოზიციის ალიანსის მიერ 26 მაისს დაგეგმილი აქციის წინ გაკეთდა და სააკაშვილმაც 5 წლის წინანდელ ღალატზე სწორედ 26 მაისის აქციის კონტექსტში ისაუბრა.

„(სააკაშვილის განცხადებით) სავარაუდო წრე შემცირდა. კიევში ბევრი ალბათ არ ჩადიოდა და არც მის ახლო გარემოცვაში იყო ბევრი ადამიანი. ამის გარანტიას გაძლევთ, რომ ის აუცილებლად დაასახელებს, პრინციპში დაასახელა... მგონია, რომ აქ ორი ადამიანი ერთად მოქმედებდა", - ამბობს „კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი „რეზონანსთან".

თავად ენმ-ში არ გამორიცხავენ, რომ სააკაშვილისთვის ღალატის მტკიცებულებები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი და განცხადებაც ასეთი დაგვიანებით ამიტომ გააკეთა.

„არ გამოვრიცხავ, რომ მისთვის მტკიცებულებები ახლა გახდა ცნობილი - მნიშვნელოვანია ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, პოლიტიკოსების ურთიერთობებში ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და სუფთა",- ამბობს ენმ-ს წევრი ვასო ურუშაძე „პალიტრანიუსთან".

  • ვასო ურუშაძე: „არ გამოვრიცხავ, რომ მისთვის მტკიცებულებები ახლა გახდა ცნობილი".

ოპოზიციის მხარდამჭერთა ნაწილი მიანიშნებს, რომ არაფითარი ღალატი არ იყო და საქართველოში არალეგალურად შემოსულმა სააკაშვილმა გაუფრთხილებლობით თავადვე გასცა თავისი ადგილსამყოფელი.

„ყველა მოღალატის დედაც, მაგრამ ბათუმიდან რომ ვიდეოსელფებს პოსტავ ფბ-ზე: აგერ ვარ, ჩამოვედიო, მაგას რაღად უნდა ის ვიღაც მოღალატე შენი ადგილსამყოფელი თუ თავად გაეცი?" - წერს „ფეისბუქზე" სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე, თუმცა, იქვე კომენტარებში ეუბნებიან, რომ შესაძლოა ეს გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც დარწმუნდა, რომ არავინ მიაკითხავდა.

რას ამბობს სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადებას 26 მაისის აქციის კონტექსტში აკეთებს და ამბობს, რომ პროტესტს მხარს უჭერს და „მნიშვნელოვანია, რომ გავერთიანდეთ არა სახელების, არამედ დროშის გარშემო".

„მე მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, მიუხედავად დალხენილი ცხოვრებისა უკრაინაში. შეუძლებელი იყო ჩემი ქვეყნის დაკნინებისთვის მეყურებინა. მარტივი არ იყო ჩამოსვლა იმ გაგებით, რომ რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში ჩასმული. იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად ჩამოდიოდა, მეუბნებოდა - „ჩამოდი, ჩამოდი...". ამის თქმა მე არ მჭირდებოდა, მერე გარკვეული ნდობა გაიჩინა ჩემს გარემოცვაში...

„პირველად, 2020 წელს როდესაც მოვდიოდი, ჩემი კოორდინატორები გადასცა ივანიშვილის ხელისუფლებას. ასევე, როდესაც დაქირავებული იახტით მოვადექით საქართველოს, ბათუმში განგაში გამოცხადდა, წინასწარ ყველაფერი იცოდნენ და უკან გაბრუნება მომიწია; და ბოლოს, როდესაც ჩამოვედი, აქ უნდა დამხვედროდა და არათუ არ დამხვდა, არამედ 2 საათში ჩემი მონაცემები გადასცა. ღალატი იყო და იქნება, მთავარია ამას ჩვენ არ შევეგუოთ", - განაცხადა 21 მაისის სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა.

მინიშნებები და სავარაუდო პირები

ექსპრეზიდენტის სიტყვებიდან გამომდინარე, გამცემი იმ პირებს შორისაა, რომლებიც პერიოდულად ჩადიოდნენ მასთან უკრაინაში. თუმცა, ასეთი ვიზიტების გარკვეული ნაწილი, სავარაუდოდ, არ გახმაურებულა და მედიის ყურადღების მიღმა დარჩა.

ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ცალკეული ოპოზიციონერები სააკაშვილთან შესახვედრად კიევში მართლაც რამდენჯერმე გაემგზავრნენ. მაგალითად, 2021 წლის 16 მაისს ენმ-ის მაშინდელი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად უკრაინაში გაემგზავნენ პოლიტიკური პროცესების განსახილველად. მელიასთან ერთად იყვნენ კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი.

მანამდე, 2019 წლის ივლისში, მედიამ ნიკა გვარამია და კობა ნაყოფია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააფიქსირა და ისინი, სავარაუდოდ, კიევში გაემგზავრნენ.

სააკაშვილის დაკავების შემდეგ, 2022 წელს „ტვ პირველის" რეპორტაჟში ექსპრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ტრაილერის მძღოლი ელგუჯა ცომაია ამბობს, რომ, შესაძლოა, რაღაც მოხდა და სააკაშვილთან არ, ან ვერ მივიდნენ დასახვედრად.

„ვერ გეტყვით უღალატეს თუ არა, მეც ვერ ვიგებ... ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტი ჩემთან ხომ არ უნდა ყოფილიყო სახლში. ან რაღაც მოხდა, ან არ მოვიდნენ, ან ვერ მოვიდნენ", - ამბობს ელგუჯა ცომაია „ტვ პირველთან".

ამავე რეპორტაჟის მიხედვით, ელგუჯა ცომაია გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ადასტურებს, რომ მას პრეზიდებტის ტრანსპორტირება ვანო მერაბიშვილის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ სთხოვა და იყო თუ არა ის სააკაშვილის საქართველოში გადაადგილებაზე პასუხისმგებელი, ცომაია ვერ აკონკრეტებს. ამობს, რომ ლორთქმიფანიძესთან კომუნიკაცია არც ჰქონია და არც უცდია.

„პრინციპში დაასახელა"

პარტია „კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მას ღალატთან დაკავშირებით ვარაუდები ადრევე ჰქონდა, თუმცა, სააკაშვილის განცხადებამ და მინიშნებებმა სავარაუდო პირთა წრე უფრო შეამცირა. მისი ვარაუდით, საუბარია სააკაშვილის გარემოცვის არა ერთ, არამედ ორ წევრზე, რომლებიც ერთად მოქმედებდნენ.

„ვარაუდები იმთავითვე მქონდა, მაგრამ არის რაღაცეები, რაც უნდა დაიცვა. არაა წესი ვარაუდით ისაუბრო, არც სამართლებრივად, არც მორალურად. ამბობს, რომ ჩემს გარემოცვაში იყო და ჩემთან კიევში ხშირად ჩამოდიოდაო - ამით სავარაუდო წრე შემცირდა, კიევში ბევრი ალბათ არ ჩადიოდა და არც მის ახლო გარემოცვაში იყო ბევრი ადამიანი.

„ყველაზე კარგად თავად იცის. ზუსტად ვიცი, ამის გარანტიას გაძლევთ, რომ ის აუცილებლად დაასახელებს, პრინციპში დაასახელა. ფაქტია - ადამიანი ჩამოვიდა, ვიღაც უნდა დახვედროდა სადაც შეთანხმებული იყო და ასეთ დროს ის ვიღაც ერთი იქნებოდა, მის გარემოცვიდან ბევრს ეს არ ეცოდინებოდა. იმ კაცსაც რომ მოუსმენ, გვარად ცომაიას, იქაც ჩანს, რომ არავინ არ იცოდაო და მიღალატესო.

„იმ პერიოდს ვიხსენებ - ფაქტი იყო, რომ საკვირველად ხელს გვიშლიდნენ, რომ იგივე მიშას მხარდამჭერი აქცია გაგვეკეთებინა, ვგულისხმობ ვითომ ოპოზიციონერებს. ხელისუფლება რომ ხელს გიშლის, ეს გასაგებია, მაგრამ შენ რომ ოპოზიციიდან ჯოხებს გიდებენ... არა მხოლოდ ჩამოსვლის შემთხვევაში, არამედ მერეც, დაჭერილი რომ იყო და აქციები კეთდებოდა, მაშინაც ძალიან დიდი წინააღმდეგობა გვხვდებოდა გარკვეული ადამიანებისგან. ხან პარტია დაუშალეს 2016-ში და ა.შ. მაგრამ ფაქტია, რომ ვისაც უშუალოდ პარტიაზე გავლენა ჰქონდა, ეს შეიძლება იყოს ამომავალი, სხვა ვარიანტი არაა. პარტიაზე გავლენა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ იგივე აქციის მართვის უფლებაც ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, წრე უფრო ვიწროვდება.

„მგონია, რომ აქ ორი ადამიანი ერთად მოქმედებდა, მაგრამ მტერიც რომ იყოს, მით უმეტეს ჩემს პარტიას „კანონი და სამართალი" ჰქვია, ადამიანი რომც არ მომწონდეს და შეიძლება ძალიანაც არ მომწოს ვიღაც, მაგრამ ასე რომ ხელი დავადო, არც მორალურადაა სწორი და არც იურიდიულად", - განაცხადა ჩარკვიანმა.

კითხვაზე, რატომ არ თქვა ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ და რატომ გააჟღერა ეს ინფორმაცია მაინცდამაინც 26 მაისის აქციის წინ, ჩარკვიანმა გვითხრა:

„მიშა დიდი ხანია მწვავე განცხადებებს აკეთებს, რაც მომწონს. ოდნავ ადრეც შეიძლებოდა ასეთი განცხადებების გაკეთება. ხშირად მეც მწვავედ ვსაუბრობ ხოლმე „ფეიკ" ოპოზიციონერებზე. ამის დრო არ არისო, - მეც მითხრეს და სააკაშვილსაც. არა, ბატონებო, სიმართლის დრო ყოველთვისაა. ეს ბრძოლის ერთადერთი იარაღია, რომლითაც შეიძლება მოწინააღმდეგეს ოპონირება გაუწიო. შენ თუ მაგიდასთან „ფეიკი" და ცრუ ტიპი გიზის, რომელიც თვეების და წლების განმავლობაში ხალხს წრეზე ატარებს და სახლში უშვებს იმისი შიშით, რომ ვაიმე, გადატრაილება არაო...

  • თაკო ჩარკვიანი: „მგონია, რომ აქ ორი ადამიანი ერთად მოქმედებდა... შეიძლება ერთი არის უფრო პროფესიონალურად გათვითცნობიერებული და მეორე უფრო, ვთქვათ, ბრიყვი, ასეც შეიძლება. ამიტომ ასე ხელი დაადო ძალიან მძიმე საკითხზე, არასწორია"

„დიდი ბოდიში, მაგრამ რუსთაველზე დარჩენა იარაღს კი არ გულისხმობს. სააკაშვილის დროს სამი თვე კარვები იყო გაშლილი და ადამიანები ქუჩაში ვიყავით, არ მახსოვს ამისთვის ადამიანები დაეჭირათ, დარბევაზე არ ვსაუბრობ. გარეთ დარჩენაზე რომ ვთქვი, ზოგიერთი ოპოზიციონერი ლამის „ოცნებას" ასწრებდა - ჩარკვიანმა რატომ თქვაო. ლეიბებს გადამაყოლეს და დისიდენტების ძველ კადრებს თუ ამოიღებთ, ლეიბები აქვთ გაშლილი, სიცივეში დაბლა რაღაცას აფენ.

„გამაოცა ფორმამ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერი უფრო ლამის ტანზე იხევდა და „ოცნებას" ასწრებდა... ყავის სმით, წრის დარტყმით და პიპინ-პიპინით რაღაცეები არ კეთდება და ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. უზარმაზარი აქცია რომ ჩამოდგება თავისი მოთხოვნით და არ გადის, ეს არის ბრძოლის ყველაზე დიდი და დემოკრატიული ფორმა. კარგად გვახსოვს დაღლილ ხალხს ზოგიერთი „ლუზერი" წრეზე რომ ატარებდა", - განაცხადა ჩარკვიანმა.

კითხვაზე, ის „ორი ადამიანი" არიან თუ არა ამჟამად ერთ პარტიაში, პოლიტიკოსმა გვითხრა:

„ყოველ შემთხვევაში, გარემოცვაში ძალიან ახლოს მდგომი (ადამიანებია)... მათი ძველი თანაპარტიელი და ახალი თანაპარტიელი რამ გაყო? მაგრამ ვარაუდით დასახელება მაინც უხერხულია. შეიძლება ერთი არის უფრო პროფესიონალურად გათვითცნობიერებული და მეორე უფრო, ვთქვათ, ბრიყვი, ასეც შეიძლება. ამიტომ ასე ხელი დაადო ძალიან მძიმე საკითხზე, არასწორია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×