26 მაისის აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მერიამ მათ სცენის მოწყობა აუკრძალა
თამთა ჩაჩანიძე
23.05.2026

ოპოზიციური ალიანსი 26 მაისის აქციის ბოლო დეტალებს ათანხმებს - ადგენენ სპიკერთა სიას, ამზადებენ გარკვეულ „სიურპრიზებს" და გზამკვლევს იმაზე, თუ „როგორ მივდივართ პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე და, მათ შორის, ევროკავშირის გზის დაბრუნებამდე". ამასთან, მიდის შიდა დისკუსია იმაზე, უნდა იყოს თუ არა 26 მაისის აქციაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბანერები.

სააკაშვილის ბანერებზე დისკუსია ძირითადად „ფეისბუქის" დახურულ ჯგუფებში მიმდინარეობს. როგორც პარტიის მხარდამჭერთა ნაწილი აცხადებს, თავად ენმ-ის ზოგიერთი ლიდერის მოთხოვნაა, რომ აქციაზე არ იყოს სააკაშვილის ბანერები, ეს კი ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებისთვის მიუღებელია.

ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ სააკაშვილის ბანერების გაშლის შემთხვევაში აქციიიდან ხალხი მიდის და ამიტომაც არ უჭერს ამას მხარს ლიდერთა ნაწილი. მეორე ნაწილის აზრით კი, ვინც ამაზე აქცენტს აკეთებს, „ოცნების" თამაშს თამაშობს.

ამასთან, ალიანსში განიხილავენ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს, რომ „აქცია არ დაიშალოს".

  • ნიკა გვარამია: „წუხელ იმეილით მამცნეს პასუხი ჩემს განცხადებაზე 26 მაისის აქციის თაობაზე. მოკლე შინაარსი ასეთია: არანაირი მოწყობილობები პარლამენტთან, არანაირი მოწყობილობები ქუჩის სავალ ნაწილზე, არანაირი მოწყობილობები ტრანსპორტის სავალ ნაწილზე სხვა ლოკაციებზე"

ამის პარარელურად „კოალიცია ცვლილებებისათვის" ლიდერი ნიკა გვარამია წერს, რომ პარლამენტთან, ქუჩის სავალ ნაწილსა და რუსთაველის სხვა ლოკაციებზე თბილისის მერიამ აქციის ორგანიზატორებს დროებითი მოწყობილობების დადგმის ნებართვა არ მისცა.

„წუხელ იმეილით მამცნეს პასუხი ჩემს განცხადებაზე 26 მაისის აქციის თაობაზე. მოკლე შინაარსი ასეთია: არანაირი მოწყობილობები პარლამენტთან, არანაირი მოწყობილობები ქუჩის სავალ ნაწილზე, არანაირი მოწყობილობები ტრანსპორტის სავალ ნაწილზე სხვა ლოკაციებზე.

„ანუ, არაფერი და არსად არ შეიძლებაო.

„მიზეზი: სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილება", - წერს გვარამია.

სხვა დეტალები

„კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი გიორგი ბუტუკაშვილი აცხადებს, რომ აქცია 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყება და მარშით თავისუფლების მოედნამდე გაგრძელდება, სადაც იქნება „როგორც პოლიტიკური მიმართვები, ასევე კონკრეტული ამბები, რასაც საზოგადოება მოისმენს და ეს არის დამუშავების პროცესში".

მისი თქმით, „სიურპრიზები, ცხადია, იქნება. აქცია იქნება განსხვავებული, რაც აქამდე ყოფილა და საზოგადოება ლიდერებისგან, და არ მარტო ლიდერებისგან, მოისმენს იმ გზამკვლევს, როგორ მივდივართ პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე, როგორ მივდივართ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე და, მათ შორის, ევროკავშირის გზის დაბრუნებამდე".

„სპიკერების სია ჯერ საბოლოოდ შედგენილი არ არის, დაგეგმვის პროცესშია... მთავარია, ვიყოთ ბევრნი და „ქართულ ოცნებას" ვაჩვენოთ, რომ არ ვეგუებით. მიდის კონსულტაციები ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთანაც, ვნახავთ 26-ში, ჯერ არ არის საბოლოო სია ჩამოყალიბებული", - განაცხადა ბუტიკაშვილმა,

ჟურნალისტმა ბუტიკაშვილს კითხვა დაუსვა მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის განცხადებების შესახებ, რომელთა მიხედვით, 26 მაისის აქცია არ უნდა დაიშალოს, ალიანსი ერთი დროშის ქვეშ გაერთიანდეს და სააკაშვილის გზავნილები გაიზიაროს.

საპასუხოდ ბუტიკაშვილმა აღნიშნა, რომ ალიანსში ეს ყველაფერი განიხილება და ნაწილი გათვალისწინებულია, ნაწილი კი - არა.

„ალიანსის წევრია „ნაციონალური მოძრაობაც". შესაბამისად, ყველა იდეა, რაც თუნდაც ხაბეიშვილისგან ან მიხეილ სააკაშვილისგან მოდის, ამაზე ალიანსში ყოველ ჯერზეა განხილვა და, ცხადია, ნაწილი გათვალისწინებულია, ნაწილი - არა, როგორც სხვა პარტიების შემთხვევებში. გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. შესაბამისად, ალიანსი იმ პასუხისმგებლობას იაზრებს, რაც საკუთარ თავზე აიღო და იმოქმედებს ისე, როგორც კონსენსუსით შეთანხმდება", - განაცხადა ბუტიკაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ალიანსში დაპირისპირება არ არის, რატომ არ ესწრება „ნაციონალური მოძრაობა" ალიანსის შეხვედრებს, ბუტიკაშვილმა უპასუხა: „ალიანს აქვს ეს თავისუფლება, რომ ინდივიდუალურად ჰქონდეს პროექტები და, მათ შორის, პარტიული განვითარებისთვის იზრუნოს".

დაიშლება თუ არა 26 მაისის აქცია

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აქცია უფრო ერთჯერადი იქნება და რამდენი ადამიანიც მივა, ყველა არ დარჩება და მცირე მასშტაბის აქცია ისედაც არის ყოველ ღამით რუსთაველზე.

„რუსთაველზე ისედაც მიდის ეს აქცია და გააჩნია რა რაოდენობასა და რა შემადგენლობაზე აქვთ იმედები. თორემ, თავისთავად, ხალხი, რომელიც რუსთაველს არ ტოვებს, ეს სახეზეა, ოღონდ ეს აქცია წელიწადზე მეტია გრძელდება და ამას ჯერ საქართველოსთვის არაფერი არ მოუტანია.

„მეეჭვება, რომ რამდენი კაციც მივა აქციაზე, ასე მთლიანად დარჩეს და არ დაიშალოს, რადგან ადამიანებს, აქციაში მონაწილეობის გარდა, რაღაც სხვა მოთხოვნილებებიც აქვს ამ ქვეყანაზე და მეორე, აქვთ სურვილი, რომ ჰქონდეთ მკაფიო განცდა - რისთვის მოდიან, რა მოხდება და ა.შ. ეს საკითხები თუ არ დაზუსტდა და გაირკვა (და 12 წელია არ გარკვეულა), ალბათ აქციის შენარჩუნება გაუჭირდებათ.

„აქცია უფრო ერთჯერადი იქნება. რაც შეეხება მასშტაბურობას, არ ვიცი, გააჩნია სახსრებს როგორი აქვთ.

„ზურაბიშვილის გამოსვლას კი შესაძლოა აქციის მონაწილეების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვეს. არაა ზურაბიშვილი ცალსახად შეფასებული პოიროვნება. ხელისუფლება რომ დადებითად არ აფასებს, ეგ სხვაა, მაგრამ არც ოპოზიციისთვისაა იდეალური. საერთოდ, თუ მიხვდებიან იმას, რომ რაღაც სიახლე უნდა მოხდეს და ზურაბიშვილი უკვე არცერთი პარამეტრით სიახლე აღარაა, კარგი იქნება. ზურაბიშვილზე კი არა, ვიღაც სხვაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი", - განაცხადა საყვარელიძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიდი მასშტაბის პერმანენტული აქციის შენარჩუნება შესაძლებელია, თუმცა ხალხს რეალური მოტივაცია სჭირდება.

„აქციის შენარჩუნება შესაძლებელია. თუ, დავუშვათ, 26 მაისს 100 ათასი ადამიანი მოვა. შესაძლოა მომდევნო დღეებში იმდენივე რაოდენობის ადამიანი არ გამოვიდეს, რამდენიც იმ დღით იქნება, მაგრამ შესაძლოა მოხერხდეს ისე, რომ იმაზე მეტნი გამოვიდნენ, ვიდრე ახლა ყოველდღე იკრიბება.

„თუ ალიანსი გადაწყვეტს, შესაძლოა სტაბილურად 5-10 ათასი ადამიანის შეკრება საღამოს საათებში. თუმცა, ხალხს დამატებითი მოტივაცია უნდა მიეცეს, რომ რეალურად ირწმუნოს გეგმები. პირველ რიგში ეკონომიკაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, დღეს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უფრო სოციალური პრობლემები აწუხებს.

„აქცენტი უნდა გაკეთდეს უმუშევრობაზე, ხელფასებზე, პენსიებზე, მეწარმეების ბედზე, სოფლის მეურნეობაზე და ა.შ. და ევროკავშირიც იმიტომ გვინდა, რომ ეკონომიკურ აღმავლობას შეუწყობს ხელს. ამის შემდეგ კი უკვე ღირს დემოკრატიასა და მის ღირებულებებზე სუაბარი.

  • ნიკა ჩიტაძე: „ზურაბიშვილმა ლიდერის როლი ვერ მოირგო და თუ მაინცდამაინც აქციაზე სიტყვით გამოვიდა, ის ლიდერად არ უნდა იქნას წარმოჩენილი."

„ზურაბიშვილმა ლიდერის როლი ვერ მოირგო და თუ მაინცდამაინც აქციაზე სიტყვით გამოვიდა, ის ლიდერად არ უნდა იქნას წარმოჩენილი. დღეს შეიძლება რაღაც კარგ საქმეს აკეთებდეს, მაგრამ ხალხს კითხვები აქვს მის წარსულთან დაკავშირებით. სანდო ადამიანად არ მიიჩნევა, შეიძლება აქციის მონაწილეთა ნაწილს მისი გამოსვლა არ მოეწონოს, მაგრამ, ვფიქრობ, სტვენას არავინ დაუწყებს. შესაძლოა ხელისუფლებამ პროვოკატორები შეაგზავნოს და მერე პროპაგანდისტულმა მედიამ გააშუქოს, რომ აი, ხალხმა დაუსტვინა. ზოგადად პროვოკაციებს რაც შეეხება, ყველაფერი შესაძლებელია", - განაცხადა ჩიტაძემ.

სააკაშვილის ბანერები

რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ სააკაშვილის ბანერების გაშლის შემთხვევაში, აქციაზე მხოლოდ მისი მომხრეები დარჩებიან და ამიტომაც არის წინააღმდეგობა.

„სააკაშვილის ბანერები რომ გაიშალოს, მხოლოდ სააკაშვილის მომხრეები იქნებიან და რომ არ იყოს ეს ბანერები, შეიძლება სხვებიც შეუერთდნენ. დაპირისპირებაც იმიტომაა, რომ ეს ბანერები ხალხის მოსვლას ხელს უშლის. 2012 წელს ხალხს სააკაშვილი უნდოდა? არ უნდოდა. არც დღეს არ უნდა. ეს ამბები ახსოვთ, ლიდერებს ეს გაცნობიერებული აქვთ და ამიტომ ეწინააღმდეგებიან", - განაცხადა საყვარელიძემ.

  • რამაზ საყვარელიძე: „სააკაშვილის ბანერები რომ გაიშალოს, მხოლოდ სააკაშვილის მომხრეები იქნებიან და რომ არ იყოს ეს ბანერები, შეიძლება სხვებიც შეუერთდნენ. დაპირისპირებაც იმიტომაა, რომ ეს ბანერები ხალხის მოსვლას ხელს უშლის."

ნიკა ჩიტაძე გვეუბნება, რომ სააკაშვილის ბანერებზე საუბრები „ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.

„დღეს ყველა უნდა გერთიანდეს. ენმ-სა და მიხეილ სააკაშვილს თავისი მომხრეები ჰყავს, სხვა ოპოზიციურ პარტიებს - თავისი. შეიძლება სააკაშვილის ბანერი ვიღაცისთვის მიუღებელია, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ვიღაცას აუკრძალო მისი მხარდაჭერა. ვფიქრობ, ყველა პოლიტპატიმრის ბანერები უნდა იყოს გამოტანილი. ბანერებზე აქცენტი არც უნდა გაკეთდეს, ამაზე საუბრები „ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს", - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×