
სიძულვილის ენასთან ბრძოლა გამოწვევაა მთელი თანამედროვე კაცობრიობისთვის, ცივილიზებული სამყაროსთვის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო წლებში საქართველოში ამ პრობლემამ მწვავე ხასიათი მიიღო.
„საჯარო სივრცეში ვხვდებით სულ უფრო ინტენსიურად და მწვავედ იმგვარ განცხადებებს, რომელიც სცდება იმ ფარგლებს, რომელიც შეიძლება მოაზრებული იყოს გამოხატვის თავისუფლებით. აქვე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება, მას აქვს ძალიან მკაფიო კონსტიტუციურ-სამართლებრივი ზღვრები და რა თქმა უნდა, არსებობს ამის მატერიალური გაგება, როდესაც თანაზომიერების პრინციპის მიხედვით ხდება შეფასება იმისა, რა ჯდება თუ ვერ ჯდება აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.
ჩვენ ვიცით, რომ ბოლო პერიოდში კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა ამ თვალსაზრისით, რომელიც მიზნად ისახავდა შექმნილიყო სამართლებრივი გარემო იმისთვის, რათა მომხდარიყო მაქსიმალური პრევენცია სიძულვილის ენის გამოყენებისა, სხვადასხვა ტიპის თავდასხმებისა, ღვარძლის ფრქვევისა. ესეც ნაკარნახევი იყო და არის, რასაც ჰქვია სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, რომ შექმნას იმგვარი სამართლებრივი წესრიგი, რომელშიც იქნება დაცული საზოგადოების ნებისმიერი წევრი. დაცული უნდა იყოს ადამიანის ღირსება, სწორედ ღირსება არის აბსოლუტური უფლება, ეს არის ერთგვარი პრინციპი, რომელიც საფუძვლად შეიძლება მივიჩნიოთ დემოკრატიული საზოგადოებისა.
ამ საკანონმდებლო ცვლილებებმა ფაქტია, რომ ის შედეგი ვერ გამოიღო, გამოწვევები კვალავ დარჩა დღის წესრიგში, სწორედ ამიტომ ამ კვირის დასაწყისში ჩვენმა საზოგადოებამ გაიგო მორიგი სიახლის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ინსტიტუციური გარანტიების შექმნას იმისთვის, რათა მოხდეს ეფექტიანი იმპლემენტაცია საკანონმდებლო რეგულაციებისა პრაქტიკაში და გვქონდეს, რაც შეიძლება მაღალი სტანდარტები, რათა დავიცვათ ჩვენი საზოგადოება იმ ბოროტებისგან, რასაც ჰქვია სიძულვილის ენას. ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ აქ შეიძლება ლაპარაკი იყოს აზრის, მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.