ნატალია ჯვარიძე
24.05.2026

უკვე რამდენიმე დღეა, რაც „ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქვეყანა დატოვა. ოპოზიციაში საუბრობენ, რომ ის ემიგრაციაში წავიდა, რამაც პარტიის წევრების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. ჯერჯერობით უცნობია სად იმყოფება ხაზარაძე და დაბრუნდება თუ არა საქართველოში.

ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა, 21 მაისს, სოციალურ ქსელში გამოთქვა ვარაუდი, რომ მამუკა ხაზარაძე ემიგრაციაში წავიდა.

„როგორც ვხვდები მამუკა ხაზარაძე ემიგრაციაში წავიდა. და ლელო ამის შესახებ საკუთარ ამომრჩეველს როდის შეატყობინებს? თუ არ არის აუცილებელი?", - დაწერა ჯანგირაშვილმა „ფეისბუქში".

ამას „ლელოს" წარმომადგენელთა მხრიდან კრიტიკა მოყვა.

„ვიღაცა ლუზერი რომ რაღაცას დაწერს, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ.

  • ნინო ჯანგირაშვილი: „პასუხი უნდა ყოფილიყო მარტივი - ან კი, ან არა. ამის ნაცვლად ჩემზე პერსონალური თავდასხმების გზა აირჩიეს, ოღონდ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ გაუციათ."

„ლელოს" კიდევ ერთმა წევრმა, ლანა გალდავამ ჯანგირაშვილის ვარაუდს „არასერიოზული" უწოდა.

„იმდენად არასაინტერესოა ახლა ჩემთვის ნინო.ჯანგირაშვილი რას დაწერს სოციალურ ქსელში, რომ მე უბრალოდ ძალიან არასერიოზულად მიმაჩნია ამაზე კომენტარის გაკეთება", - განაცხადა გალდავამ.

ამის შემდეგ, ნინო ჯანგირაშვილმა სოციალურ ქსელში დამატებითი პოსტი გამოაქვეყნა:

„რა არის ქოცობა: ქოცობა არის, როცა კითხვებზე პასუხი არ გაქვს, ან ეს პასუხი არ გაწყობს, შენს გადაწყვეტილებებს და ქმედებებს ვერ ხსნი და ვერ ამართლებ, თავდასხმას უწყობ კითხვის ავტორს, მტრის ხატს თხზავ და ყველაფერს იმას აბრალებ. ამით გადის ფონს ქოცი წლებია.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „ვიღაცებმა კუდი მოაბეს, რომ თითქოს ევროპაში უძრავი ქონება შეიძინა და ემიგრაციაში წავიდა".

„სამწუხაროდ, „ლელომ" მიკროქოცობას მიმართა - ზრდილობიანად ვიკითხე, ხომ არ წავიდა მამუკა ხაზარაძე ემიგრაციაში. პასუხი უნდა ყოფილიყო მარტივი - ან კი, ან არა. ამის ნაცვლად ჩემზე პერსონალური თავდასხმების გზა აირჩიეს, ოღონდ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ გაუციათ.

„ვწუხვარ, ძვირფასო „ლელო", რომ ქოცის კარიკატურად ქცევა გადაწყვიტეთ", - დაწერა ნინო ჯანგირაშვილმა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი თითქმის გამორიცხავს, რომ მამუკა ხაზარაძე ნამდვილად ემიგრაციაში წავიდა.

„არ ვიცი სადაა, მეც გავიგე ეს ვარაუდი და უცნაურია, რადგან არანაირი პირობა არ არის იმისა, რომ ხაზარაძეს არ ეთქვა ემიგრაციაში წასვლაზე, თუკი ეს სიმართლეა. ვიღაცებმა კუდი მოაბეს, რომ თითქოს ევროპაში უძრავი ქონება შეიძინა და ემიგრაციაში წავიდა. ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს და სხვის ჭორებზე კომენტარის გაკეთება მიჭირს. თვითონ „ლელოში" ამას უარყოფენ. მათი წარმომადგენლების განცხადებები ჩემთვის უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ვიღაცის მიერ აგორებული ჭორები. უძრავი ქონების ქონა საერთოდ არ ნიშნავს ემიგრაციას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×