თამთა ჩაჩანიძე
24.05.2026

საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის უფლებამოსილების ვადა სექტემბერში ეწურება, თუმცა მას მანდატი გაუხანგრძლივეს. საქართველოს ხელისუფლებასთან მისი რთული ურთიერთობიდან გამომდინარე, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს გარკვეული პოლიტიკური გზავნილია ოფიციალური ბრიუსელისგან.

ამის პარალელურად მმართველი გუნდის წევრები ევროკავშირის ინსტიტუტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილის უპასუხოდ დატოვებასა და ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებენ.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი, სავარაუდოდ, 1 წლით გაუხანგრძლივდა. მათივე ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს ახლა არ მიუღია.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „ეს მესიჯია მმართველი პარტიის მიმართ, რომელიც ჰერჩინსკის ელჩის რანგში მუშაობით უკმაყოფილო იყო. ევროკავშირმა ამით უთხრა - თქვენ კი ხართ უკმაყოფილო, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ კმაყოფილები ვართო".

პაველ ჰერჩინსკის საქართველოში ელჩის 4-წლიანი მანდატი 2026 წლის სექტემბერში ეწურებოდა, ის ქვეყანაში თავისი უფლებამოსილების შესრულებას 2022 წლის სექტემბერში შეუდგა.

თავის მუშაობის პერიოდში ევროკავშირის ელჩი რამდენიმეჯერ გახდა ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი. ამის კულმინაცია აპრილის ბოლოს იყო, როდესაც ბრიუსელში გაკეთებული კრიტიკული განცხადების გამო 27 აპრილს ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

საქართველოში მის დატოვებასთან დაკავშირებით „ოცნების" ხელისუფლებას ჯერ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, მმართველი გუნდის წევრები ოფიციალურ ბრიუსელს სხვა საკითხზე საყვედურობენ. 19 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ლიდერებს - ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტასა და რობერტა მეცოლას, ღია წერილით მიმართა. წერილში მან ევროკავშირი ცალმხრივად ურთიერთობის გაწყვეტაში დაადანაშაულა და შეახსენა დანიის აქციის დაშლის ინციდენტი. „ოცნებაში" უკმაყოფილო არიან, რომ წერილზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

რა გზავნილია ჰერჩინკსის დატოვება

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ერთის მხრივ ჰერჩინსკის დატოვება ევროკავშირის მხრიდან გარკვეული გზავნილია „ოცნებისთვის", თუმცა, მეორეს მხრივ, ეს პრაგმატული გადაწყვეტილებაა.

„ამით ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას და ზოგადად ყველას მიანიშნა, რომ ელჩის მუშაობით კმაყოფილია და შექმნილ სიტუაციაში, რომელიც მარტივი არაა, ელჩის მანდატის გახანგრძლივებას მიზანშეწონილად მიიჩნევს, რადგან ის ამ ხნის განმავლობაში ქართულ სოციალურ-პოლიტიკურ რეალობაში უკეთ გაერკვა და გახანგრძლივებული მანდატის პერიოდში უკეთ შეასრულებს ელჩის მოვალეობას. ახალი ელჩი რომ დაენიშნათ, მას ხელახლა მოუწევდა ამ ყველაფერში გარკვევა-ჩახედვა და ა.შ. ამ მხრივ მათი გადაწყვეტილება გარკვეულწილად პრაგმატულია, თუმცა ეს მესიჯია მმართველი პარტიის მიმართ, რომელიც ჰერჩინსკის ელჩის რანგში მუშაობით უკმაყოფილო იყო და ევროკავშირმა ამით უთხრა, რომ თქვენ კი ხართ უკმაყოფილო, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ კმაყოფილები ვართო", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, პაველ ჰერჩინსკის ყველა მოქმედება საქართველოში ბრიუსელთან შეთანხმებულია და ეს ასე რომ არ ყოფილიყო, მას ქვეყნიდან გაიწვევდნენ.

„რა თქმა უნდა. ჩვენთან ასეთი მოსაზრება დამკვიდრდა, რომ ელჩები ხშირად თავიანთი ინიციატივით აკეთებენ რაღაც-რაღაცეებს, მაგრამ ასე არაა. ელჩი მთლიანად ანგარიშვალდებულია თავის ზემდგომ სტრუქტურასთან, ამ შემთხვევაში ევროკავშირთან, რომელსაც ის წარმოადგენს. შესაბამისად, ყველა მისი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, იქნება ეს რომელიღაც ღონისძიებაზე დასწრება, თუ განცხადების გაკეთება, მათ შორის პოლიტიკური შინაარსის, ბრიუსელთან სრულიად შეთანხმებულია. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, თავად ბრიუსელი დააყენებდა საკითხს მისი გამოწვევის თაობაზე. ელჩი ფაქტიურად მათი გრძელი ხელია, რომელიც აქ ევრობიუროკრატიის ინტერესებს ატარებს.

„ელჩის აქ დარჩენას ორი მხარე აქვს - ვიღაცისთვის ეს შეიძლება არაკომფორტული იყოს. მმართველ გუნდს მასთან კარგი ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ მოქმედი ელჩის მოქმედების ალგორითმი და მისი სტილი უკვე ვიცით, თუ რას შეიძლება მისგან ველოდოთ. ყველა მისი რესურსი მაგიდაზე დაალაგა და ახალი ელჩი რომ ჩამოსულიყო, კიდევ დრო იქნებოდა საჭირო, რომ მისი მუშაობის სტილთან ადაპტაცია მომხადიყო, ხელისუფლებას იმაზე ემარჩიელა რას გააკეთებდა და რა ახალ დიპლომატიურ ფოკუზს შესთავაზებდა.

„ახალი ელჩი რომც დაენიშნათ, ამით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში ბევრი არაფერი შეიცვლებიდა დადებითისკენ. საქართველოს ხელისუფლების მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა იგივე რჩება, ყველა ის მოთხოვნები რაც იყო, ისინი რჩება", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

უპასუხოდ დატოვებული წერილი

„ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე ევროკავშირს ამ დრომდე პასუხი არ მოუწერია, მათ შორის დუმს ევროკავშირის ელჩიც და არც დანიის ინციდენტზე აკეთებენ განცხადებას.

„უკვე რამდენიმე დღეა ღია წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრმა და პასუხები მოსთხოვა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, რომლებიც დღემდე დუმან, მათ შორის ევროკავშირის ელჩიც და არანაირი განცხადება დანიასთან მიმართებით არ გაუკეთებია, რადგან ეს მათთვის მისაღებია, რასაც დანია და სხვა ევროკავშირის ქვეყნები სჩადიან, როდესაც მომიტინგეებს ხელკეტებითა და ძაღლებით უსწორდებიან, მაგრამ, როდესაც ჩვენ რბილი ფორმითა და კანონის დაცვით ვახდენთ აქციის დაშლას, ეს რატომღაც მიუღებელია.

„როდესაც ეს მათ ეხებათ და საკუთარ ქვეყანაში ხდება, ეს მისაღებია და რატომღაც ჩვენთვის მიუღებელია კანონის ფარგლებში პოლიციის მოქმედებები, მომიტინგეების წინააღმდეგ. ეს ორმაგი სტანდარტია. ან ის, რომ ევროკავშირის შემავალი ქვეყნები არიან და შესაბამისად დავალება აქვთ ეგეთი, ანუ კომენტარს და განცხადებას ვერ აკეთებენ, ეს „დიფ -სთეითის" გავლენაა", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, წერილის გაგზავნიდან ჯერ საკმარისი დრო არაა გასული, თუმცა, თუკი პასუხი უახლოეს ერთ კვირაშ არ იქნება, ეს უკვე ნიშნავს, რომ ევროკავშირი „ოცნებას" პასუხის გაცემის ღირსად არ თვლის.

„ჯერჯერობით ამ ღია წერილიდან არც ისე დიდი დრო გავიდა. ევროკავშირს რამდენი დრო სჭირდება რომ პასუხი გასცეს, ამას ვინ განსაზღვრავს. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ საერთოდ არანაირი პასუხი არ იყოს და უბრალოდ ეს წერილი გაატარონ და ამით „ქართული ოცნების" ხელისუფლება რაღაცნაირად დაამცირონ.

„თუ კიდევ ერთი კვირის მანძილზე არანაირი ოფიციალირი რეაგირება არ იქნა, თუნდაც ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადების დონეზე (როგორც წესი, ასეთ ღია წერილებს პრესსპიკერები ეხმიანებიან ხოლმე), მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა თავისი დუმილით „ქართული ოცნება" და საქართველოს მთავრობა დააკნონოს, რომ პასუხის გაცემის ღირსად არ თვლის. მე უფრო ამისკენ ვიხრები, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ კვირას ამაზე რაღაც გარკვეული რეაქცია იყოს განცხადების, ან შეფასების დონეზე. ამის შანსი 50/50-ზეა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×