
ჩვენდა საბედნიეროდ, დღეს, მკვეთრად განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე ეს იყო 1918-1921 წლებში. საზოგადოებაში, ხალხში და ჩვენდა საბედნიეროდ, ასევე ხელისუფლებაშიც სიღრმისეულად გათავისებული და გაცნობიერებულია, რომ ეს არის ის ფუნდამენტური ღირებულება,, რაზეც ჩვენ ვდგავართ და რის დათმობაც წარმოუდგენელია, - განაცხადა ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობაზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მან 1990-იანი წლების შეიარაღებული დაპირისპირება გაიხსენა და აღნიშნა, რომ დაპირისპირების გაღვივებაში კრემლი იყო ჩართული, ახლა კი სახეზეა ჩარევა ევრობიუროკრატიის ნაწილის მხრიდან.
„პროცესი დაიწყო 1980-იან წლებში და გარდატეხა მოხდა 1989 წლის 9 აპრილს. ჩვენ გვმართებს, სათანადოდ დავაფასოთ ის ადამიანები, ვინც 1989 წლის 9 აპრილს თავისი სისხლით და თავგანწირვით მოუტანა ჩვენს ხალხს ეს დამოუკიდებლობა. ეს პროცესი დაგვირგვინდა 1991 წლის 9 აპრილს, როდესაც ზვიად გამსახურდიამ და მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს პროცესი უნდა გავმიჯნოთ შემდგომი პროცესებისგან, რომელიც იწყება გარე ძალების აქტიური ზემოქმედებითა და ჩარევით, მაშინ ეს ყველაფერი კრემლიდან იყო ინსპირირებული - დაიწყო პოლარიზაცია.
ეს პოლარიზაცია შემდეგ გაღრმავდა და სამწუხაროდ, გადავიდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში, რომლის შედეგადაც დამხობილი იქნა კანონიერი, აბსოლუტურად ლეგიტიმური ხელისუფლება. ამ დაპირისპირების მანკიერ შედეგებს ჩვენ კარგა ხანს ვიმკიდით და შეიძლება, ჯერ კიდევ ვიმკით ამ უმძიმეს შედეგებს.
რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას - მაშინ კრემლი აქტიურად იყო ჩარეული, რომ ეს დაპირისპირება გაეღვივებინა. ჩვენ ახლა ვხედავთ ასევე გარეშე ძალების ჩარევას, რომ საქართველოში დაპირისპირება მოხდეს. რაც ჩანს დღის შუქზე - მუდმივი, პერმანენტული ინსინუაციები, მცდელობები ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფის, დესტრუქციული და დესტაბილიზაციის პროცესების წაქეზებისა და წახალისების. ეს დღეს ძირითადად მოდის ევრობიუროკრატიის და ევროკავშირის პოლიტიკური ისტებლიშმენტის გარკვეული, სერიოზული ნაწილიდან და ამას აქვს უკვე რეგულარული ხასიათი“, - განაცხადა ბათიაშვილმა.
მან დღევანდელ ოპოზიციაზეც ისაუბრა.
„მე 1980-იანი წლებიდან ყველანაირი ოპოზიცია მახსოვს და ასეთი უავტორიტეტო, ურეიტინგო ოპოზიცია, რომელსაც რეალურად არანაირი მხარდაჭერა ხალხში არ აქვს, არ მახსოვს. ეს არის ოპოზიცია, რომლის წამყვან ძალას დღესაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები. ეს ძალა ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის ძალიან მძიმედ დისკრედიტირებული. ასეთი ოპოზიცია ვერასდროს ისარგებლებს საზოგადოების მხარდაჭერით.
ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ისინი ამას თავად ვერ აცნობიერებენ, რომ მათ არ აქვთ პერსპექტივა, მოიპოვონ ფართო საზოგადოების მხარდაჭერა. აშკარად ჩანს, რომ ეს ძალა იბრძვის არა იმიტომ, რომ მას რაღაც უკეთესი პერსპექტივის გახსნა უნდა ქვეყნისთვის, არამედ ამოძრავებს ერთადერთი - რევანშის, ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნების წყურვილი“, - აღნიშნა ბათიაშვილმა.