რეზონანსი
27.05.2026

პარლამენტში ეროვნული ბანკის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს უსმენენ. დეპუტატების წინაშე უწყების მნიშვნელოვან საფინანსო დოკუმენტზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა საუბრობს. ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, მწვავე გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს, ხოლო მიმდინარე წლის მარტში ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელი - 10.7% შეადგინა.

„2025 წელს, საშუალო წლიურმა ინფლაციამ 3.9% შეადგინა, რაც მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლისგან ზომიერად გადახრილი მაჩვენებელი იყო, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ამსახველი ინდიკატორები, როგორიცაა მაგალითად საბაზო ინფლაცია, ე.წ. ხისტი ფასების ინფლაცია, ანუ, მომსახურების ინფლაცია, კვლავაც მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე ქვემოთ რჩებოდა - 2.2% იყო საბაზო ინფლაცია და 2.7% გახლდათ მომსახურების ინფლაცია.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად და ზოგადად, სხვადასხვა სტრუქტურული ცვლილების შედეგად, ინფლაციური მოლოდინები კვლავაც სტაბილურად ნარჩუნდებოდა, ანუ, კარგად იყო მართული და ინფლაციური პროცესები ნაკლებად ყოვლისმომცველი იყო.

მწვავე გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია. წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მარტში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ 10.7% - ანუ, ორნიშნა მაჩვენებელი შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში - 9.1% იყო“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×