ნატალია ჯვარიძე
27.05.2026

„ოპოზიციური ალიანსის" მიერ 26 მაისს ჩატარებულ აქციას მმართველი გუნდდში შეაფასეს „სიგიჟე, რომელსაც გამოხმაურებები არ აქვს". კრიტიკული იყო ოპოზიციის ნაწილის გამოხმაურებაც. თავად ალიანსის წარმომადგენელთა შეფასებით კი, ეს აქცია ბიძინა ივანიშვილისთვის ნამდვილი კოშმარი იყო.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვაპაპუაშვილის შეფასებით, ეს იყო „ფინალური აკორდი იმის დასანახად, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას".

„ვფიქრობ, გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემო არის შემოკრებილი არის ზუსტად ის „ფეისბუქ ბაბლი", რომელსაც თავი წარმოუდგენია საზოგადოებად. სინამდვილეში, „ფეისბუქის ერთი ფრენდ ლისტი" არის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. მათი მოწოდებებითაც ჩანდა, რომ უნდოდათ, სოციალურ ქსელებში გამოჩენილიყვნენ, სხვებისთვის დაენახებინათ საკუთარი თავი. ასე რომ, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო იმისთვის, რომ რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე დაგვენახა.

  • შალვა პაპუაშვილი: „კარგია, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ, ადამიანების ნაწილმა გადაიაზრა ის, რომ არ შეიძლება ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა... ვნახავთ, რომ ამ რაოდენობიდანაც ბევრი გამოფხიზლდება".

„ჩვენ გუშინ ვიხილეთ „ნაცმოძრაობის" ღონისძიება, წინა რიგში მიხეილ სააკაშვილის პლაკატებით, მიხეილ სააკაშვილის პროკურორებით, მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების საბჭოს მდივნებით, პროკურორის მოადგილეებით, მინისტრებით, მთელი დიქტატორული რეჟიმი გუშინ გამოვიდა ქუჩაში. საბედნიეროდ, სულ რამდენიმე ათასიღა შემორჩენილა „ნაცმოძრაობის" იდეოლოგიის გამზიარებელი ადამიანი, ეს არის იმ სწორი პოლიტიკის მიღწევა, რომელსაც სახელმწიფო აწარმოებს და მოქალაქეებს აჩვენებს, თუ რა არის რეალური მდგომარეობა. კარგია, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ, ადამიანების ნაწილმა გადაიაზრა ის, რომ არ შეიძლება ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა, არ შეიძლება დამოუკიდებლობის და ეროვნულ დღეს იზრუნო და იფიქრო იმაზე, როგორ შეიტანო არეულობა ქვეყანაში. ვნახავთ, რომ ამ რაოდენობიდანაც ბევრი გამოფხიზლდება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, „ოპოზიცია ხალხში გავიდა, ვერაფერი ნახა და ალბათ ახლა რაღაც დღესასწაულს დაელოდებიან, ხალხი რომ გამოვა, იქ მივიდნენ".

„მათი ჩანაცვლება აუცილებლად მოხდება, რადგან საქართველო უკეთესს პოლიტიკურ პარტიებს იმსახურებს. მათ სტრატეგია არ ჰქონიათ. თავადვე აღიარეს, რომ გეგმა არ ჰქონდათ და იმის მიხედვით მოქმედებენ, პატრონებიდან ვინ რას დაურეკავს. ხალხში გავიდნენ, ვერაფერი ნახეს და ალბათ ახლა რაღაც დღესასწაულს დაელოდებიან, რათა ხალხი რომ გამოვა, იქ მივიდნენ. რასაც ველოდებით, ისაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური არენიდან მათი ჩამოცილების გადაწყვეტილება მალე მიიღოს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

  • გიორგი შარაშიძე: „აქციაზეც რაღაც განსაკუთრებული გეგმების შესახებ არ მოგვისმენია... მხოლოდ ქუჩის აქციებით ხელისუფლების ცვლილება არ არის რეალური. ამისთვის, მშვიდობიან პროტესტთან ერთად, საჭიროა პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება."

ოპოზიციის აქცია პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმაც შეაფასა.

„ქართულ საზოგადოებას არ აინტერესებს გუშინდელი აქცია. მათ შორის, ამ აქციის ირგვლივ რაღაც დისკუსია, კითხვები, აჟიოტაჟი არის მხოლოდ და მხოლოდ მათ ნარატივზე დაჯდომა. ეს აქციაც ეწყობა იმისთვის, რომ გადაიღონ ფოტოები, ვიდეოები, გააკეთონ ხმაურიანი განცხადებები, რომელსაც უკან არაფერი მოჰყვება და შემდეგ, გაავრცელონ მათ პატრონებთან, გარე დამკვეთებთან იმისთვის, რომ ახალი დაფინანსება მიიღონ და საქართველოს წინააღმდეგ ახალი ტალღა მივიღოთ. გუშინ ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ჩავარდნილი სცენარი - ბლაჟევიჩის იქნება თუ სხვა ინსტრუქტორის გაცემული დავალებები, რომელსაც ზედმიწევნით ასრულებენ.

„მაგრამ ასევე ვნახეთ, რომ არათუ ქართველ ხალხში, საკუთარ ამომრჩეველშიც კი, ეს მოწოდებები და სიგიჟეები ვერ პოვებს ვერანაირ გამოხმაურებას. ერთადერთი, რაც ჩემთვის ყველაზე მტკივნეულო იყო გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით, იყო ის, რომ მათ თუნდაც საზოგადოების პატარა ნაწილი მაინც, შეძლეს და მოწყვიტეს იმ საერთო სულისკვეთებას, რომელიც 26 მაისს განსაკუთრებით უნდა გვაერთიანებდეს. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია, მაგრამ პოზიტიურია და ძალიან კარგი ტენდენციაა, რომ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი უერთდება ამ ანტიქართულ აქციებს და დემონსტრაციებს", - განაცხადა წილოსანმა.

„გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი, გიორგი შარაშიძე ასევე ნეგატიურად უყურებს ოპოზიციის აქციას. მისივე თქმით, მშვიდობიანი დემონსტრაციები პოლიტიკური პროცესისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ხელისუფლების შესაცვლელად საკმარისი არაა.

„სიმართლე გითხრათ, მე გეგმა ვერ მოვისმინე. ჩვენ გეგმის არსებობას და გაჟღერებას ვთხოვთ მათ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ბოიკოტის კამპანია დაიწყო. გახსოვთ, ჩვენ საჯაროდ დავსვით კითხვა - რა გეგმა აქვთ მათ ბოიკოტის შემდეგ და ამ კითხვაზე არათუ მაშინ, დღემდე არ მიგვიღია პასუხი.

„გუშინდელ აქციაზეც რომ გითხრათ რაღაც განსაკუთრებული გეგმების შესახებ მოვისმინეთ, არ მოგვისმენია. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი დემონსტრაციები მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესისთვის. ასევე, „ოცნებას" უნდა გაუგზავნოთ გზავნილი კიდევ ერთხელ, რომ სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული, მაგრამ ასევე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მხოლოდ ქუჩის აქციებით ხელისუფლების ცვლილება არ არის რეალური. ამისთვის, მშვიდობიან პროტესტთან ერთად, საჭიროა პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება. ამიტომ ვართ ჩვენ იქ, სადაც ვართ. გულისხმობ პარლამენტს და პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, ვიბრძვით „ოცნების" წინააღმდეგ. დანარჩენს დრო გვაჩვენებს. თავად გუშინდელი აქციაც არ იყო განსაკუთრებული სიახლე. ჩვენ ყოველკვირეულ მარშებს ვხედავთ. არ მგონია, ეს რაღაც გარდამტეხი მნიშვნელობის იყოს", - განაცხადა შარაშიძემ.

„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური კი ფიქრობს, რომ 26 მაისის აქცია ბიძინა ივანიშვილისთვის კოშმარული იყო.

„გუშინდელმა აქციამ დაანახა ყველას, რომ ქართველი ხალხი აგრძელებს ბრძოლას, ეს არის ყველაზე კოშმარული ამბავი ივანიშვილისათვის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ტიპის მასშტაბური გამოსვლა არ შემდგარიყო.

„ამ აქციის კონტექსტში კიდევ ერთ გარემოებას მივაქცევდი ყურადღებას. როგორც იცით, იყვნენ პოლიტიკურ პარტიებში სკეპტიკოსები, რომლებმაც პირდაპირ გამოაცხადეს, რომ არ შემოგვიერთდებოდნენ, რომ ის 26 მაისი არ არის, რომელშიც ისინი მიიღებდნენ მონაწილეობას და უარი თქვეს ხალხთან ერთად ამ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაზე", - აღნიშნა წიკლაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×