თამთა ჩაჩანიძე
27.05.2026

ოპოზიციური ალიანსი „ეროვნული მობილიზაციის" მეორე ფაზას იწყებს, რომლის ძირითადი გზავნილი იქნება „საქართველო იმსახურებს უკეთესს". ასევე დაანონსებულია შემდეგი აქცია, რომლის ზუსტი თარიღიც ჯერჯერობით უცნობია. როგორც თავად აღნიშნეს, 26 მაისის აქცია და მანამდე კარდაკარის კამპანია ძირითადად თბილისზე იყო ორიენტირებული, ახლა კი რეგიონებში გაიშლებიან.

„რეზონანსის" ინფორმაციით, დაანონსებული აქცია, დიდი ალბათობით, შემოდგომით გაიმართება,ზაფხულს კი ოპიზიცია გამოიყენებს რეგიონებში კამპანიისთვის და პროგრამის შემუშავებისთვის. მათი შეფასებით, ამ პერიოდში ალიანსის თითოეული წევრი „მქადაგებლად უნდა იქცეს" მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ახალი გეგმის დეტალები

როგორც „სტრატეგია აღმასენებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 26 მაისის აქციაზე თქვა, იწყება საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზა.

„მეორე ფაზა ნიშნავს, რომ შემდეგ დიდ შეკრებაზე უნდა ვიყოთ კიდევ უფრო მეტი, კიდევ უფრო მეტი ქართველი უნდა დადგეს ერთად იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, გამარჯვება ვიზეიმოთ", - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, მან პროტესტის ფარგლებში დაკავებულ პირებს მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა. გარდა ამისა, გიორგი ვაშაძემ მოქალაქეებს „ფეისბუქზე" სამი სიტყვის დაწერისკენ მოუწოდა.

„დავწეროთ სამი სიტყვა, რომელიც იქნება მეორე ეტაპის სამობილიზაციო კამპანიის ძირითადი გზავნილი ჩვენგან. ეს გზავნილი არის -„საქართველო იმსახურებს უკეთესს", - თქვა ვაშაძემ.

„კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ კი ოპოზიციის მომხრეებს მოუწოდა, ჩაწერომ მოკლე ვიდეოები, სადაც ისაუბრებენ, თუ რა უნდათ ოპოზიციისგან და როგორ ხედავთ შემდეგ დღეებს, კვირებსა და თვეებს.

  • ნიკა გვარამია: „არ დაგეზაროთ, ერთი წუთი დაუთმოთ თქვენს „ფეისბუქ ლაივს" და ერთი წუთის განმავლობაში ილაპარაკოთ, რა გინდათ ოპოზიციისგან, როგორ ხედავთ შემდეგ დღეებს, კვირებს, თვეებს, ყველა ეს „ლაივი" იქნება ნანახი და გათვალისწინებული."

„ვიწყებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით - „საქართველო იმსახურებს უკეთესს". ეს კამპანია უნდა დავამთავროთ ახალი დემოკრატიული არჩევნებით და სანაგვეზე უნდა გავუშვათ ბიძინა ივანიშვილი და მისი სამარცხვინო ანტიქართული რეჟიმი...

„მინდა მივესალმო ამ მიტინგის უხილავ დამსწრეებს, ქართველ პოლიტპატიმრებს, უკლებლივ ყველას, ვინც პატრიოტია და საქართველოს გამო იხდის უსამართლო სასჯელს. მინდა მივესალმო მიტინგის უხილავ დამსწრე ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც უკვე ხილულად იდგებიან, როცა ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში არ იქნება.

„და ბოლოს, მე მინდა მოგესალმოთ თქვენ, ამ ქვეყნის მომავალს, ამ ქვეყნის საუკეთესო შვილებს და მინდა გთხოვოთ, არ დაგეზაროთ, ერთი წუთი დაუთმოთ თქვენს „ფეისბუქ ლაივს" და ერთი წუთის განმავლობაში ილაპარაკოთ, რა გინდათ ოპოზიციისგან, როგორ ხედავთ შემდეგ დღეებს, კვირებს, თვეებს, ყველა ეს „ლაივი" იქნება ნანახი და გათვალისწინებული...

„ჩვენ გეუბნებით, რომ შემდეგი რამდენიმე თვე იქნება კამპანია, რომელიც დასრულდება ახალი არცევნებით და ოპოზიციის გამარჯვებით დემოკრატიულ არჩევნებში და ბიძინას წასვლით ამ ქვეყნიდან", - განავცხადა გვარამიამ აქციაზე.

  • გიგა ბოკერია: „ამას სჭირდება არა უბრალოდ დიდი აქცია, ერთი, ორი ან სამი, არა უბრალო უმრავლესობა, არამედ ყველა ჩვენგანის მქადაგებლებად გადაქცევა, რომ უდიდესი უმრავლესობით, უდიდესი ინტენსივობის მშვიდობიანი პროტესტი იყოს მთელ ქვეყანაში."

„ფედერალისტების" ლიდერი გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ „რეჟიმის ჩამოშლას სჭირდება ალიანსის თითოეული წვერის მქადაგებლებად გადაქცევა".

„ჩვენ, ყველას, და იმ ადამიანებს, ვინც აქ ვართ, გვესმის, რომ ამას სჭირდება არა უბრალოდ დიდი აქცია, ერთი, ორი ან სამი, არა უბრალო უმრავლესობა, არამედ ყველა ჩვენგანის მქადაგებლებად გადაქცევა, რომ უდიდესი უმრავლესობით, უდიდესი ინტენსივობის მშვიდობიანი პროტესტი იყოს მთელ ქვეყანაში. ეს არის ამ გაგრძელების მთავარი ამოცანა. რეჟიმის დამარცხებას სჭირდება ამ დიდი უმრავლესობის კიდევ უფრო ზრდა და კიდევ უფრო ყოვლისმომცველობის ეფექტის მოტანა. ეს არის ოპოზიციის ალიანსის ამოცანა და ამას ვიწყებთ ზაფხულში თბილისის ყველა ოლქში, რაიონში, მთელ ქვეყანაში, ყველა ის პოლიტიკური ერთეული, ვინც ამ ალიანსის წევრები ვართ", - განაცხადა ბოკერიამ.

რას აპირებს ოპოზიცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახალი კამპანიის მთავარი მიმართულება იქნება რეგიონებში მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები და იმ პროგრამის შემუშავება, რაც მოსახლეობას აწუხებს. დიდი აქცია კი შემოდგომით გაიმართება.

„მთავარი კამპანია იქნება მოსახლეობასთან შეხვედრები, მათ შორის რეგიონებში აქტიურად გასვლა. დიდ აქციას რაც შეეხება, არის გარკვეული ინფორმაცია, რომ შემოდგომაზე გაიმართება, ალბათ სექტემბერ-ოქტომბერში, ვნახოთ რომელ თარიღს დაამთხვევენ",- განაცხადა ჩიტაძემ.

კითხვაზე, ამხელა შუალედი რატომ აიღეს, ანალიტიკოსმა გვითხრა, რომ აქციას, რომელიც რეგიონებზეცაა გათვლილი, მომზადება სჭირდება.

„მანამდე უნდა მომზადდეს ყველაფერი, მოსახლეობასთან უნდა ჩატარდეს საინფორმაციო ხასიათის ახსნა-განმარტებითი შეხვედრები და მერე უკვე შესაძლებელი იქნება გამართონ უკვე დიდი აქცია. მანამდე უნდა შეძლონ უფრო მეტი ხალხის მობილიზება, ხალხთან მუშაობა, მათ შორის იმაზე, თუ რას სთავაზობს ოპოზიცია მოსახლეობას.

„მანამდე პერმანენტული აქციები და მარშები გაგრძელდება. მარშებს ოპიზიცია ყოველთვის ორგანიზებას არ უწევს. 20 ივნისს აქცია ოპოზიციის ინიციატივით არ გაიმართება, ალბათ გარკვეული სამოქალაქო ჯგუფები გაუკეთებენ ორგანიზებას შეხვედრას.

  • ნიკა ჩიტაძე: „არის გარკვეული ინფორმაცია, რომ შემოდგომაზე გაიმართება, ალბათ სექტემბერ-ოქტომბერში, ვნახოთ რომელ თარიღს დაამთხვევენ".

„ახლა 26 მაისის აქცია შესაძლებელია გარკვეულწილად თბილისის ტესტიც იყო, მაგრამ მერე იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით", - განაცხადა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, ახლა რეგიონებში აქტიურად იმიტომ არ გავიდა ოპოზიცია, რომ „ცოტა დრო ჰქონდათ".

„ცოტა დრო იყო. ჯერ გასვლა თბილისში დაიწყეს. რეგიონებში უფრო მეტი დრო ექნებათ, რომ ზაფხულის განმავლობაში გავიდნენ. შესაძლოა ფინანსური ბარიერებიც იყო, მეორეს მხრივ, ადმინისტრაციული რესურსები აქვს ხელისუფლებას და რეგიონებში ვიღაც აქტივისტ-ტიტუშკებს უპირისპირებს ოპოზიციას. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ახლა შეხვედრები მაინც გაიმართება.

„ახლაც იქნებიან ის ტიტუშკები, მაგრამ... ყოველ შემთხვევაში, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ კი, „ოცნება" ცუდი კია, მაგრამ მათი წასვლის შემდეგ რა შეიცვლება?! ზოგისთვის პრიორიტეტები უფრო სოციალური საკითხების მოგვარება და არა ევროპული ღირებულებები და ადამიანის უფლებები. მგონია, რომ ოპიზიციაში მუშაობა მიდის პროგრამაზე - სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემების მოგვარებაზე", - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×