
ევროკავშირი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში პირდაპირ ჩართვისთვის ემზადება. უკვე განიხილება სავარაუდო კანდიდატები, თუ ვინ დაჯდება უშალოდ მოლაპარაკების მაგიდასთან ევროკავშირის სახელით. ასევე დგება მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელსაც სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში წარუდგენენ რუსეთს და ამ სიაში საქართველოც შედის.
დასავლური მედიის ცნობით, ევროკავშირში რუსეთთან მომლაპარაკებლის კანდიდატებად განიხილავენ გერმანიის ყოფილ კანცლერ ანგელა მერკელს, იტალიის მთავრობის ყოფილ მეთაურ მარიო დრაგისა და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს.
ფინური მედიის ინფორმაციით, ალექსანდრ სტუბმა მზადყოფნა გამოთქვა, გახდეს ევროკავშირის წარმომადგენელი რუსეთთან პოტენციურ მოლაპარაკებებში.
„მე თუ მკითხავენ, მზად ვარ თუ არა მოლაპარაკებებში ჩავერთო, მაშინ ეს, სავარაუდოდ, ისეთი საკითხია, რომელზეც უარყოფით პასუხს ვერ გასცემ", - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.
ამასთან, ფინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ასეთი მოლაპარაკებების გასამართად მხოლოდ იმ შემთხვევაში არის მზად, თუ რუსეთი ზავს დათანხმდება.
- კაია კალასი: „თუ ვიფიქრებთ რუსული ჯარების ყოფნაზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ ეს ჯარები იქ არ იყვნენ".
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა შეადგინა საკიტხების ჩამონათვალი, რასაც უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებაში ჩართვის შემთხვედვაში ევროკავშირი რუსეთის წინაშე დააყენებს. ეს დოკუმენტი 28 მაისს კვიპროსზე მიმინარე ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე განიხილება. დასავლური მედიის ცნობით, გაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის ამ დოკუმენტის ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არის, თუმცა დაზუსტებით უცნობია, ეხება თუ არა ეს საქართველოს საკითხს.
თავად კალასი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა რუსეთს „სარკისებური მოთხოვნები" უნდა წაუყენოს, იმის შესაბამისად, თუ რა მოთხოვნებს უყენებს რუსეთი უკრაინასა და დასავლეთს. ამ კონტექსტში ახსენა ორი კონკრეტული მოთხოვნა - რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შეზღუდვა და რუსული სამხედრო ნაწილების გაყვანა საქართველოს და მოლდოვიდან (აფხაზეთი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და დნესტრისპირეთი).
კაია კალასის ცნობით, კვიპროსზე მინისტრებმა საფუძვლიანად განიხილეს ის, თუ რა დათმობები უნდა მოითხოვოს ევროპამ რუსეთისგან.
მინისტერიალის დასრულების შემდეგ მან ასევე უპასუხა კითხვას, არსებობს თუ არა წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსი რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებში მის მიერ წარდგენილ მოთხოვნების დოკუმენტთან დაკავშირებით.
„მინისტრებმა სხვა სახის დათმობებიც წამოაყენეს. რაც შეეხება რუსულ ჯარებს საქართველოსა და მოლდოვაში, ეს ერთ-ერთი იდეაა, რადგან როდესაც ევროპის უსაფრთხოების ძირითად ინტერესებზე ვსაუბრობთ და როდესაც ეს ქვეყნები ცდილობენ ევროპულ გზაზე იყვნენ, მაშინ იქ რუსული ჯარების ყოფნა აშკარა უსაფრთხოების რისკია და ჩვენს ინტერესებში შედის, რომ ისინი იქიდან გავიდნენ. ამას არავინ არ ეწინააღმდეგება, ამიტომ ეს კვლავ განიხილება“, - განაცხადა კალასმა.
მისივე თქმით, ეს მაქსიმალისტური მიდგომაა, მაგრამ ასეთივეა რუსეთის მიდგომაც, რომელიც მაქსიმალისტურ პრეტენზიებს აყენებს.
მოსკოვში ამ განცხადებას „იდიოტური“ უწოდეს.
„მისმინეთ, იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ“, - განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მედიას კალასის ინიციატივასთან დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
- ვახტანგ მაისაია: „მნიშვნელოვანი იქნება დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების პოზიცია და ამ ინიციატივის მხარდაჭერა. იმედია, საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამის პოზიციას დაიჭერენ."
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ევროკავშირის ინტერესში შედის საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანა და ეს პუნქტი სავარაუდოდ დარჩება ევროკავშირის მოთხოვნებში. თუმცა, რუსეთი ამას არ დათანხმდება და შესაძლო შეეცადოს საერთოდ დაბლოკოს ევროკავშირის მონაწილეობა სამშვიდობო პროცესებში.
„ბუნებრივია, დოკუმენტში ეს საკითხი მოხვდება, რადგან ევროკავშირის ინტერესებში შედის, ვინაიდან ეს შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივას ეხება, რომელიც მან თავის დროზე მიიღო და მისი მთავარი დოქტრინალური საგარეო ამოცანაა. ევროკავშირმა შავი ზღვა განსზაღვრა, როგორც მისი შიდა ზღვა, რადგან მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატები, ხოლო რუმინეთი და ბულგარეთი კი უკვე მისი წევრები არიან. ამასთან, გაწევრიანების კანდიდატებია თურქეთი და საქართველოა. ასე რომ, ამ დოკუმენტით ევროკავშირი საკუთარ კონსოლიდირებულ ინტერესებს იცავს. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ევროკავშირი საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვს.
„ამ კუთხით, მნიშვნელოვანი იქნება დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების პოზიცია და ამ ინიციატივის მხარდაჭერა. იმედია, საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამის პოზიციას დაიჭერენ.
„რა თქმა უნდა, რუსები ჯარების გაყვანას არ დათანხმდებიან. ჯერ ერთი, რომ ევროკავშირის სამშვიდობო პროცესში ჩართვა შესაძლოა რუსებმა დაბლოკონ. დღეს რუსეთი და ევროკავშირი ოფიციალურად მტრები არიან. ამიტომ მეეჭვება კრემლი ევროკავშირის წარმომადგენლებს მაგიდასთან დაუჯდეს. შესაძლოა მოსკოვმა ბოიკოტი გამოაცხადოს. ესეც საინტერესო ფაქტია. ევროკავშირის მოთხოვნების გათვალისწინება კი არა, შეიძლება მათთან ლაპარაკზეც არ დათანხმდეს. მითუმეტეს, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის სეპარატისტულ რეჟიმთან გაღრმავებული სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რაც ანექსიის დაწყების რეალურ კონტურებს აჩენს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".