თამთა ჩაჩანიძე
28.05.2026

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, რომელმაც ის გასცა, ნიკა მელია არ არის. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად სააკაშვილი წერს, თუმცა მელიას სხვა „შეცდომას" უხსენებს. ამას გარდა, ესპრეზიდენტი ოპოზიციის ალიანსის მიერ 26 მაისს გამართულ აქციასა და მათ გეგმებს აკრიტიკებს. ამას უკვე გამოეხმაურენ ალიანსიდან და სააკაშვილს „მაოხრებელი გზირი" უწოდეს.

26 მაისის აქციის წინ მიხეილ სააკაშილმა განცხადა, რომ მის გარემოცვაში მოღალატე აღმოჩნდა ჩანერგილი. მისი ცნობით, ეს ადამიანი რამდენჯერმე იყო მასთან უკრაინაში ჩასული და საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა. როდესაც ექსპრეზიდენტი არალეგალურად ჩამოვიდა საქართველოში, ეს ადამიანი მას დათქმულ ადგილას უნდა შეხვედროდა, თუმცა ამის ნაცვლად, მისი კოორდინატები „ოცნების" ხელისუფლებას გადასცა.

ამ განცხადებამ ოპოზიციაში საყოველთაო მრელვარება გამოიწვია და დაიწყო მსჯელობა, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ეს გამცემი. ამ კონტექსტში ვარაუდის დონეზე ყველაზე ხშირად სახელდებოდა „კოალიცია ცვლილებებისათვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.

რას ამბობს სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი წერს, რომ ე.წ. ღალატის საქმე არ ეხება არცერთ მოქმედ აქტიურ პოლიტიკოსს, მათ შორის არც ნიკა მელიას, თუმცა, მას შეცდომა ჰქონდა და ეს სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილი ხალხმრავალი აქციის დაშლა იყო.

„მინდა ყველას ვუთხრა, რაც შეეხება ჩამოსვლისა და ღალატის საკითხს, ეს არ ეხება არცერთ მოქმედ აქტიურ პოლიტიკოსს და უნდა შეწყდეს ამაზე სპეკულაცია. როცა დრო მოვა, აუცილებლად დავასახელებ იმ კაცს.

„ვიღაცებმა ეჭვი მიიტანეს ნიკა მელიაზე, ის არაფერ შუაშია. ჩემი ლოჯისტიკის საქმის კურსში მელია საერთოდ არ იყო. მელიას შეცდომა ის იყო, რომ მან გუშინდელ აქციაზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, არადა თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე.

  • მიხეილ სააკაშვილი: „ვიღაცებმა ეჭვი მიიტანეს ნიკა მელიაზე, ის არაფერ შუაშია. ჩემი ლოჯისტიკის საქმის კურსში მელია საერთოდ არ იყო. მელიას შეცდომა ის იყო, რომ მან გუშინდელ აქციაზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო".

„ასე რომ შევეშვათ ერთმანეთზე ეჭვიანობას და რაც შეეხება იმ კაცს ვინც მე ვიგულისხმე, იმას უმრავლესობა საერთოდ არ იცნობს", - დაწერა სააკაშვილმა 27 მაისს სოციალურ ქსელში.

ესპრეზიდენტი სხვა პოსტებშიც აკრიტიკებს ოპოზიციას. იგი 26 მაისის გამოსვლას „წარმატებულ საპროტესტიო აქციას" უწოდებს, თუმცა ფოქრობს, რომ ახლა „ბევრად მეტი მოქმედების დროა".

„შიშვლდება ოპოზიციის დიდი ნაწილი ივანიშვილის წინაშე თავისი მოლაპარაკებების თხოვნით, პატიმართა შეწყალების ხვეწნით, არჩევნების იმედის გამოხატვით. რაც მეტს ვიხვეწებით, მით ვერაფერს მივიღებთ. ეს ხვეწნა-მუდარა მხოლოდ სადისტურ სიამოვნებას ანიჭებს დიქტატორს...

„იმ ხალხის წინაშე, რომელთა ლოზუნგია „ნულოვანი თანაგრძნობა", უნდა შევწყვიტოთ მსხვერპლის და მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა და ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ის ერი არ არის თავისუფლების ღირსი, რომელიც გათავისუფლებას მუდმივად უცხოეთიდან ელოდება - ამერიკიდან, ევროპიდან, უკრაინიდან", - წერს სააკაშვილი და ამატებს, რომ საჭიროა „საქმე ლაპარაკის ნაცვლად და ხალხის ძალა - ხვეწნის ნაცვლად".

„კოალიცია ცვლილებებისთვის" პასუხი

სააკაშვილის კრიტიკას „კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი ეხმიანება, ის ექსპრეზიდენტის პოსტში ნახსენები აქციის დაშლასთან დაკავშირებულ მოვლენებს იხსენებს და სააკაშვილს „მაოხრებელ გზირს" უწოდებს.

ბიძინაშვილი აზრით, ნიკა მელიას მიერ აქციის „დაშლის" ბრალდება უსამართლოა. მისი თქმით, მაშინ რუსთაველზე „ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი, თუმცა, უმცა ბოლოსკენ მელიამ გამოაცხადა, რომ კანცელარიისკენ უნდა წასულიყო ხალხი, სადაც ღამით მხოლოდ 100-300 აქტივისტი დარჩა, რადგან აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი თავად წავიდა სახლში.

ბიძინაშვილის თქმით, მცირე რაოდენობის ხალხის პირობებში ადგილზე დარჩენა საფრთხის შემცველი იყო, ამიტომ მსვლელობით გადაადგილების გადაწყვეტილება მიიღეს. მისივე შეფასებით, მელიას კრიტიკოსები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც იმ ღამეს აქციაზე საერთოდ არ ყოფილან, ხოლო ეს ნარატივი მოგვიანებით „სუს-ის ხელშეწყობით" გავრცელდა.

„ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა - „მელიამ აქცია დაშალა" - ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა. მერე, როგორც ხდება, სუს-ის ხელშეწყობით ეს აზრი გააჯინეს კარგად და ვისაც თავის აზრი არ გააჩნია, აიტაცა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა, რომ წასულიყვნენ. მოკლედ, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება და რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ ასეთ სისულელეს იზამ", - წერს ბიძინაშვილი.

რა თამაშს თამაშობს სააკაშვილი

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სააკაშვილს სურს ენმ-სა და მისგან გამოყოფილი პოლიტიკური ძალების ერთიანი ლიდერი გახდეს, ერთ-ერთ კონკურენტად კი მელიას მიიჩნევს.

„სააკაშვილი იბრძვის, რომ ყოფილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გახდეს, 26 მაისის აქციაზე გარკვეულწილად მისი რეანიმაციაც მოხდა. ველოდები, რომ ის უფრო მეტად გააქტიურდება. ნამეტანი გამოსდის თქვას, რომ ნიკა მელიამ უღალატა, მაგრამ ფაქტიურად იგივე თქვა - რომ მელიამ რაღაც არასწორი ნაბიჯები გადადგა.

„სააკაშვილი მელიას განიხილავს, როგორც ერთ-ერთ კონკურენტს და ამიტომაც ის მისთვის საკმაოდ მიუღებელი ფიგურაა, მითუმეტეს, რომ მან გვარამიასთან ერთად კოალიცია შექმნა, რომელმაც, მიუხედავად იმისა 2024-ში გაყალბდა თუ არა არჩევნები, უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ენმ-მ.

„სააკაშვილის მეთოდი გასაგებია, ის იმისთვის იბრძვის, რომ მთლიანმა ოპოზიციამ და ყოველ შემთხვევაში ენმ-ის ყოფილმა წევრებმა ის ერთადერთ ლიდერად აღიარონ და მაშინ დამშვიდდება", - განაცხადა ძაბირაძემ.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „სააკაშვილი მელიას განიხილავს, როგორც ერთ-ერთ კონკურენტს და ამიტომაც ის მისთვის საკმაოდ მიუღებელი ფიგურაა, მითუმეტეს, რომ მან გვარამიასთან ერთად კოალიცია შექმნა, რომელმაც, მიუხედავად იმისა 2024-ში გაყალბდა თუ არა არჩევნები, უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ენმ-მ."

ექსპერტის მოსაზრებით, აღნიშნული დაპირისპირება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ოპოზიციურ სპექტრში არსებულ ღრმა კრიზისს,

მისივე თქმით, სააკაშვილის მხრიდან მწვავე კრიტიკა ოპოზიციური ალიანსის ერთობაზე ჯერჯერობით არ იმოქმედებს და ჯერჯერობით არ დააპირისპირებს ალიანსში შემავალ პარტიებს, თუმცა „გლადიატორების ბრძოლა" მოსლაოდნელია.

„ჯერჯერობით ალიანსი შეეცდება ერთიანობა შეინარჩუნოს და საპასუხო კრიტიკაც იქნება სააკაშვილის მიმართ. მაოხრებელი გზირი თუ უწოდეს, უკვე საკმაოდ მძიმე ეპითეტია, მაგრამ რეალობა ესაა.

„გარანტიას გაძლევთ, რომ სააკაშვილი არ მოისვენებს, მას ახლა ერთადერთი ამოცანა დარჩა, რომ ის ოპოზიციის მიერ აღიარებულ იქნას ერთადერთ და შეუცვლელ ლიდერად. მიაღწევს თუ არა ამ მიზანს, რთული სათქმელია, მაგრამ, ყოველ შემთხვევში, ამას ეცდება.

„არჩევნებამდე რა მოგახსენოთ, მაგრამ არჩევნების შემდეგ თუ ოპოიზიციამ ჯამურად 76 მანდატზე მეტი მიიღო, რაც პრემიერობის კანდიდატობის დამტკიცებისთვისაა აუცილებელი, იქ დაიწყება ნამდვილი შერკინება სააკაშვილსა და დანარჩენ ოპოზიციურ ლიდერებს შორის. სააკაშვილი ჭკვიანია და ამ ეტაპიდანვე უნდა სავარაუდო კონკურენტები მოიცილოს, ხოლო ეს თუ ვერ შეძლო, მერე იქნება ოპოზიციაში გლადიატორების ბრძოლა", - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×