დღეს ინვესტორები ოქროს უფრო შიშის გამო ყიდულობენ. ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ ვითარება არ დარეგულირდება
ქეთო გოგოხია
28.05.2026

ოქროს ფასმა გეზი გაიაფებისკენ აიღო. ბოლო პერიოდში მკვეთრად გაძვირებული ძვირფასი ლითონის ღირებულება მოულოდნელად შემცირდა, რასაც ანალიტიკოსები გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ვითარებას უკავშირებენ და ფიქრობენ, რომ ტენდენცია, სავარაუდოდ, ხანმოკლეა. მიუხედავად იმისა, რომ ფასი შემცირდა, საერთაშორისო ბირჟებზე სტაბილურობაა. ამ დროისთვისაც ოქრო  ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური აქტივია.

28 მაისის მდგომარეობით, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 389 დოლარი იყო, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.37%-იან კლებას წარმოადგენს.

რაც შეეხება ვერცხლს, ერთი უნციის ღირებულება 73.41 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.63%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

რაც შეეხება საქართველოს, გრამი ოქროსა და ვერცხლის ღირებულებამ აქაც დაიკლო. ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 391 ლარი ღირს, 750 სინჯის - 293 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 229 ლარი ღირს.

რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 6.39 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი - 5.59 ლარი.

სექტორში ღიად აცხადებენ, რომ ოქროს ფასი რეალურად მაღალ მაჩვენებელზე ნარჩუნდება და მცირე რყევა ამ მხრივ გავლენას ნაკლებად მოახდენს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნოდარ ფოფორაძის შეფასებით, საფასო ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი გეოპოლიტიკური ვითარებაა.

ოქროს ღირებულებას, გარკვეულწილად, პოლიტიკური ვითარება განსაზღვრავს, თუმცა არის სხვა ფაქტორის გავლენაც, კერძოდ, ის გარემოება, რომ სახელმწიფოები მონატარულ პოლიტიკას ცვლიან.

„მსოფლიო ანალიტიკოსებიც კი ვერ აკეთებენ სწორ შეფასებას, იმდენად დიდია გაურკვევლობა. ამიტომ აქ პროგნოზი, რომ გაიაფდება ან გაძვირდება, ძალიან ძნელია. ალბათ, მოკლევადიანი ცვლილებაა და ცოტა ხანში ძვირფასი ლითონი მიმართულებას ისევ გაძვირებისკენ აიღებს. რაც არ უნდა იყოს, ოქროს ბაზარს სტაბილურობის კუთხით არაფერი ემუქრება. ფაქტია, რომ ძვირფასეულობის ფასი ხშირად იცვლება, ზოგჯერ ისე, რომ არანაირ კანონზომიერებას აღარ ექვემდებარება. 

გარდა ამისა, ტექნოლოგიები ვითარდება და შესაბამისად, ძვირფას ლითონებზე მოთხოვნა მატულობს. მაღალი ფასია შენარჩუნებული, ფაქტობრივად, ყველა ლითონზე, რაც ტექნოლოგიებში არის გამოყენებული, მათ შორის, ოქროც, ასევე ვერცხლი, კობალტი, ნიკელი და სხვა, თუმცა ოქრო გამოიყენება, როგორც საინვესტიციო ნედლეული და ეს განაპირობებს ყველაზე მეტად ფასს. ბოლო წლებში ის ჩვენს საბანკო სექტორშიც მთავარი აქტივი გახდა. 

ინვესტორებისთვისაც ოქრო ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა, ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის მაჩვენებელი. დოლარი თუ ნებისმიერი სხვა ვალუტა უფრო არამდგრადია, ვიდრე ოქრო და ნდობაც, ძირითადად, ამით არის გამყარებული “, - აღნიშნა ნოდარ ფოფორაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ქართული ბაზარი გლობალურ ტენდენციებს მიჰყვება და ფასი ცოტათი აქაც შემცირდა.

„რამდენიმე საათი ან ზოგჯერ მთელი დღე სჭირდება, რომ ცვლილება ვენთანაც აისახოს. ჯერჯერობით დიდი სხვაობა არ არის, თუმცა რაღაც დოზით ოქრო საქართველოშიც გაიაფდა. ვერ ვიტყვით, რომ ქართული ბაზარი ოქროს მიმართ დიდი მოთხოვნით გამოირჩევა, მაგრამ ნელ-ნელა აქაც მატულობს ოქროს შესყიდვები, ოქროს ბირჟაზე ეს თვალნათლივ იგრძნობა, სადაც მოთხოვნა გაზრდილია. ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ზრდაც ამ საერთაშორისო ტენდენციის გამოძახილი“, - განაცხადა ნოდარ ფოფორაძემ ჩვენთან საუბრისას.

ბაზრის პერსპექტივასთან დაკავშირებით ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ასევე ფიქრობს, რომ ფასის კლების ტენდენცია დიდხანს არ გაგრძელდება, თუმცა რა სახეს მიიღებს იგი, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, თუ როგორ შეიცვლება მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში.

„გრძელვადიან დინამიკაში ოქროს ფასი მაღალ ნიშნულს ისევ შეინარჩუნებს. მსოფლიო ბაზრებზე დიდი დაძაბულობაა და ოქროს მიმართავენ, როგორც ერთ-ერთ საიმედო და უსაფრთხო აქტივს. ახლა რაც ხდება, დროებითია და მოცემულობა მალე შეიძლება შეიცვალოს. როცა ირანში საომარი სიტუაცია და სერიოზული დაძაბულობა იყო, ოქრო მკვეთრად გაძვირდა, მაგრამ როგორც კი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა სიტუაცია ირანის მიმართულებით, ოქროს ფასმა დაიწია. დღეს ინვესტორები ოქროს უფრო შიშის გამო ყიდულობენ. ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ ვითარება არ დარეგულირდება.

როგორც ვიცით, ფასის სწრაფი ზრდა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დაიწყო და აღარ გაჩერებულა. ოთხწლიან ომს დაემატა არასტაბილური მსოფლიო, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა და სხვა.

ის, რომ ფასმა დაიკლო, ჩვეულებრივი კორექციაა. ირანის გარდა, მოქმედებს უკრაინის, პაკისტან-ავღანეთის და სხვა ფაქტორებიც, სანამ ეს მოცემულობაა გეოპოლიტიკაში, ოქროს ფასი ტრადიციულად მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა „რეზონანსთან“.

ამდენად, ბოლო პერიოდის განმავლობაში ოქროს ფასი გეოპოლიტიკური რისკების ზრდას უკავშირდება. ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც იგი რეზერვის შესავსებად სჭირდებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×